მზადება 2 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის

საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული შტაბიც და
ხელისუფლებაც 2 ნოემბრისთვის ემზადება. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაპირებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. მისი ორგანიზატორები 1 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან თბილისისკენ ხალხის ნაკადის მოძრაობას აკვირდებოდნენ, თბილისისკენ გამომგზავრების მოსურნეებს კი გზაზე პრობლემები ექმნებოდათ, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას 2 ნოემბერს სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებდნენ, რათა მათი გულწრფელი პროტესტით არ და ვერ ისარგებლონ ძალებმა, რომლებსაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია.

საპროტესტო მიტინგი რუსთაველის პროსპექტზე 2 ნოემბერს 2 საათზე უნდა დაიწყოს. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა რაიონებიდან დედაქალაქისკენ 1 ნოემბერს დაიძრნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ გზები თბილისისკენ თავისუფალი არ ყოფილა.

[ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ხმა] ” ხაზიდან მომხსნეს და ჩამომისვეს ხალხი. ”

[მოქალაქეების ხმები] ”ფეხით წავალთ!”

”არ გვეშინია, წავალთ ფეხით! ”

თბილისისკენ გზაზე ხელოვნური ბარიერების შექმნის გამო 1 ნოემბერს ბევრი ჩიოდა. გზა გადაკეტილი იყო ქუთაისთან. აჭარიდან - ბათუმიდან - მომავალ კოლონას კი ჩაკეტილი დახვდა გვირაბი. ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, ამავე კოლონას გზა გადაუღობეს უცნობა პირებმა, რის გამოც იყო ჩოჩქოლი და მცირე დაპირისპირება.

[დათო ბერძენიშვილის ხმა] ” გვირაბს კეტავენ და ხალხს გადაადგილებაში ხელს უშლიან. ჩვენ ძალიან არ გვინდა მოხდეს სააკაშვილის ასლანიზაციის პროცესი. ”

აჭარიდან თბილისისკენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად დაძრულ ხალხს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, მოუძღვებოდა. თბილისისკენ გზებზე შექმნილი დაბრკოლებების გამო პროტესტი გამოხატა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა.

საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს სხვადასხვა წარმომადგენლები 1 ნოემბერს გამოთქვამდნენ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ 2 ნოემბრის საპროტესტო აქცია თბილისში, დაპირებისამებრ, მასშტაბური იქნება. მოვა ძალიან ბევრი ხალხი, - თქვა ჩვენთან საუბრისას დავით ზურაბიშვილმა. ხელისუფლების სახელით კი ხალხს 2 ნოემბერს სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სთხოვა, რათა მათი პროტესტით არ ისარგებლონ ძალებმა, რომელთაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება; ამავე დროს, პატივი ეცით თქვენს სამართლებრივ უფლებას, რათა კონსტიტუციის ჩარჩოებში იმოქმედოთ და, რაც მთავარია, ყველამ - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ - ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე არა ხელისუფლების და ოპოზიციის წინაშე, არა საკუთარი თავების წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავლის წინაშე. ”

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა 2 ნოემბერს ხელისუფლებას წესრიგისა და მოსახლეობის უსაფთხოების დაცვისკენ მოუწოდეს. ”უზრუნველყავით მშვიდობა 2 ნოემბერს”, - აცხადებდნენ ისინი ხელისუფლების გასაგონად. ხელისუფლება კი 2 ნოემბრის აქციას გარეგნული სიმშვიდით ხვდება:

[გიგი უგულავას ხმა] ” კანონი არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს ნება კანონის აღსრულების. მე გამოვრიცხავ ზედმეტ გართულებებს - რა თქმა უნდა, თუ არ იქნება პროვოკაცია.”

ეს იყო თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადება. სწორედ გართულებების და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, საპროტესტო გამოსვლების ცივილიზებულად ჩასატარებლად გადაწყვიტა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დაეფინანსებინა ოპოზიციის საპროტესტო კამპანია. ეროვნულ
საბჭოში არ საუბრობენ იმაზე, მიიღეს თუ არა შემოწირულობა ბადრი პატარკაციშვილისგან 2 ნოემბრის აქციის ორგანიზებისთვის. თავად პატარკაციშვილი კი ”ფაინენშალ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აფინანსებდა ”ვარდების რევოლუციას”, ახლა კი ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის პროცესის დაფინანსება გადაწყვიტა, ხელისუფლების, რომლის სათავეშიც, მისი თქმით, დე ფაქტო უზურპატორი პრეზიდენტი დგას.

2 ნოემბრის საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარება იქნება. 1 ნოემბერს საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს ლიდერების პრეს-კონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2 ნოემბრის აქციაზე მისვლას გეგმავდა ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ მას ხელისუფლებამ იძულებით ქვეყანა დაატოვებინა. ”ამის სათქმელად ოქრუაშვილი მიუნხენის აეროპორტიდან დამიკავშირდა”, - თქვა ეკა ბესელიამ. ოქრუაშვილს ჰქონდა ქვეყნიდან გასვლის უფლება გამოძიებასთან შეთანხმებით. ბესელია ირწმუნება, რომ ის აიძულეს წასულიყო.