ქართული პრესის მიმოხილვა

,,ერთმანეთის ჯიბრზე გამართული მიტინგებით დაიღუპება საქართველო - პრეზიდენტი ზუგდიდიდან ვაკის პარკს
გამოეხმაურა” - ამ სათაურით დაბეჭდილ პუბლიკაციას გაეცნო მკითხველი გაზეთ ,,კვირის პალიტრაში” ორშაბათს. პუბლიკაციაში საუბარია პრეზიდენტის ჩასვლის შესახებ ზუგდიდში, სადაც რადიო ,,აფხაზეთის ხმის ” მაუწყებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ,,პრეზიდენტის ზუგდიდში ჩასვლისთანავე კონცერტი მრავალათასიან მიტინგად იქცა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, - აფხაზეთში ძალიან მალე დავბრუნდებით, ჩვენ ვერავინ მოგვერევაო. მტერზე გამარჯვება ღმერთმა გვარგუნოს, მაგრამ მოსარევებში ოპოზიციამ რატომღაც საკუთარი თავი დაინახა... ისედაც დაყოფილ და გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებაშიც გაჩნდა ეჭვი, - პრეზიდენტი ზუგდიდიდან ვაკის პარკის აქციას გამოეხმაურაო!
დიახ, ამ დროს, ოპოზიციის ორგანიზებით, ვაკის პარკში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა”, - წერს გაზეთი და სტატიას ქვესათაურად ურთავს: ,,ღმერთმა დაგვიფაროს ,,ამისტებად” და ,,იმისტებად” დაყოფისაგან”.

ორშაბათსვე გაზეთ ”რეზონანსში” პარლამენტარ დავით ზურაბიშვილის ვრცელი პუბლიცისტური წერილი დაიბეჭდა, სახელწოდებით ,, ქაჯები”. წერილში დავით ზურაბიშვილი დოსტოევსკის ცნობილ რომანში გადმოცემული ეგრეთ წოდებული შიგალევშჩინას არსს ხსნის და საქართველოს დღევანდელ რეალობას ადარებს. ავტორი წერს: ,,აქტუალურ პარალელებზე შორს წასვლა არ დაგვჭირდება, საკმარისია დღევანდელი ჯერარნახულ-არგაგონილი რევოლუციური საქართველოს რეალობით შემოვიფარგლოთ.”

და კიდევ ერთი ამონარიდი წერილიდან: ,,ძალად ცხოვნების იდეა ახალი არ არის, ჯერ კიდევ ფრანგი განმანათლებლების ეპოქაში იყო პოპულარული (რად ღირს თუნდაც ჟან ჟაკ რუსოს ფრთიანი ფრაზა: ,,ჩვენ ვაიძულებთ ადამიანებს იყვნენ ბედნიერები”). თუმცა თანამედროვე ქაჯებისათვის სულაც არ არის აუცილებელი კლასიკოსთა თხზულებების ცოდნა. მთავარია სულისკვეთების იდენტურობა. თავიდან ყველა თავისუფლებისათვის ბრძოლით იწყებდა: რობერსპიერი, ლენინი, მუსოლინი, მაო ძე დუნი, კიმ ირ სენი, ენვერ ხოჯა, პოლ პოტი თუ ფიდელ კასტრო... მაგრამ როდესაც მიზნად დაისახავ საზოგადოების მენტალიტეტის საკუთარ თარგზე გადაკეთებას, აუცილებლად აღმოაჩენ, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ნებით ამ პროცედურას არ ემორჩილება. რჩება ერთადერთი გზა - იძულება. იძულებისთვის ძალაუფლების კონცენტრაციაა საჭირო, ძალაუფლების კონცენტრაციისთვის - სხვათა უფლებების შეზღუდვა. უფლებების შეზღუდვას უკმაყოფილების ზრდა მოსდევს, გაზრდილი უკმაყოფილების ჩახშობას ძალაუფლების დამატებითი კონცენტრაცია სჭირდება და ა.შ. - განმანათლებლობიდან შიგალევშჩინამდე”, - წერს დავით ზურაბიშვილი გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ წერილში ,,ქაჯები”.

ორშაბათსვე გაზეთ ”კვირის პალიტრას” კონსერვატორთა ერთ-ერთ ლიდერთან, კახა კუკავასთან, ინტერვიუს სათურად მისი ეს სიტყვები გამოაქვს: ,,პატიმარ ოქრუაშვილს დღეს პრეზიდენტზე მეტი გავლენა აქვს”.

მომდევნო დღიდან კი ქართული პრესა ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილ ჩვენებას ეხმაურებოდა. ”რით აიძულეს ოქრუაშვილი” - წერს გაზეთი ”რეზონანსი” და პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ”თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჩვენებამ, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა, მის მიერ ორი კვირის წინათ გაკეთებული განცხადებები გადაფარა, მაგრამ საზოგადოებას ამის შემდეგ უფრო მეტი შეკითხვა გაუჩნდა. პირველი: რატომ დაადო ხელი ოქრუაშვილმა პატარკაციშვილს; მეორე: რით აიძულეს ოქრუაშვილი ასეთი ჩვენება მიეცა. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ინფორმირებული წყაროს ცნობით, ოქრუაშვილის საკანში შაბათს ქურდებიც იმყოფებოდნენ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ზეწოლა მისი ოჯახის წევრებზეც განხორციელდა. საუბრობენ იმის შესახებაც, რომ თავდაცვის ექს-მინისტრი ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ”რადგან ოქრუაშვილი გატეხეს, მისი მეშვეობით მეორე კურდღლის დაჭერაც მოინდომეს. ისინი პატარკაციშვილში მოწინააღმდეგეს ხედავენ და ებრძვიან. ეს კი მათ უსუსურობაზე მეტყველებს.” - ეს ”რეზონანსს” ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სამშაბათს განუცხადა.

და შემდეგ, მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქართული პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა უკვე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული ამბები იყო.

შუა კვირაში ”რეზონანსი”წერდა, რომ მალე, შესაძლოა, პატარკაციშვილზე კომპრომატები გამოაქვეყნონ. ასეთი მინიშნებები, ”რეზონანსის” მიხედვით, ”ნაცმოძრაობის” გენერალური მდივნის დავით კირკიტაძის მიერ გაკეთდა. გოგა ხაინდრავა კი იმავე გაზეთში აცხადებდა, რომ მზადდება შეტევა თავისუფალ მედიაზე - კერძოდ, ”ტელეიმედზე”. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამგვარი ქმედების შემთხვევაში მძიმე შედეგებს მოიმკის.

”რაზე მოილაპარაკეს ბოკერიამ და პატარკაციშვილმა”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”. აი, ერთი ამონარიდი: ,,გუშინ პარლამენტში იმაზეც საუბრობდნენ, რომ ცოტა ხნის წინ გიგა ბოკერიას პატარკაციშვილთან სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდა. ამ მოლაპარაკებებში კი თურმე ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდა. რაზე საუბრობდნენ ბიზნესმენი და ქართველი ჩინოვნიკები, უცნობია. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ხელისუფლება პატარკაციშვილს ”იმედში” რკინიგზას უცვლიდა, - წერს ”ახალი თაობა”.

პარასკევს კი გაზეთი „24 საათი“ რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი აღნიშნავს: ”დღევანდელი მდგომარეობით, თუ ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურად აქტიურობას გადაწყვეტს, კვლავ მექნება საუბრის, რაღაც საკითხებისა და თემების გარკვევის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ვართ მზად პარტნიორობისთვის თუ არა. მე არ მაინტერესებს რამდენი მილიარდი აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის. პოლიტიკა და ბიზნესი რომ გამიჯნული უნდა იყოს, არა მგონია, ეს მან არ იცოდეს. მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ ეს ასე იქნება. და კიდევ ერთი – რესპუბლიკური პარტია არის მზად თანასწორი პარტნიორობისათვის იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც ამის სურვილი ექნება.“

პარასკევსვე უკვე ცნობილი იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში გაფრინდა.
შაბათის პუბლიკაციაში გაზეთ ”ალიას” კვლავ ახალი კითხვა გამოაქვს სათაურად: ”რას გადაარჩინა პატარკაციშვილმა ხელისუფლება ლონდონში წასვლით”. ამ კითხვაზე პასუხის დაძებნას გაზეთში პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი ცდილობს.

შაბათს გაზეთი ”24 საათი” მკითხველს ამცნობს, რომ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა და ეს ლევან თარხნიშვილი გახლავთ. გაზეთი ”რეზონანსი” კი შაბათის პუბლიკაციაში წერს, რომ საარჩევნო ბარიერი 5%-მდე შემცირდება. ოპოზიცია წინააღმდეგია და ცესკოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას ითხოვს.

შაბათსვე გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს საქართველოში ამერიკის ელჩ ჯონ ტეფტთან ინტერვიუს, რომელშიც ელჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობს: ,,საჭიროა ღია და გულწრფელი დიალოგის წარმართვა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს იცოდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხები”, - აცხადებს ამერიკის ელჩი გაზეთ ”რეზონანსისათვის” მიცემულ შაბათის ინტერვიუში .