ყოველკვირეული პროგრამა

ქეთევან მახარაშვილი გასული კვირის მანძილზე ჩვენი რადიოს
მსმენელისთვის დღიურს აწარმოებდა ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლების აქტიური მონაწილე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ახლა კი ოპოზიციური მოძრაობის – ერთიანი საქართველოსთვის – წარმომადგენელი ქეთევან მახარაშვილი.

30 სექტემბერი, კვირა
დღეს კვირაა. თითქოს დასვენების დღეა და შემიძლია გამოვიძინო, ჩვეულზე ადრე მეღვიძება. დილიდანვე დამძიმებული განწყობა მაქვს – უკვე მეოთხე დღეა, რაც ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს. რთულია, გადმოსცე ყველა ის შეგრძნება და ფიქრი, რასაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვგრძნობთ ამ შოკისმომგვრელი ფაქტის შემდეგ.
სექტემბერი ჩემთვის მნიშვნელოვანი და რთული თვე იყო. საპარლამენტო უმრავლესობა უკვე ფაქტიურადაც დავტოვე საკმაოდ მკვეთრი განცხადებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში გავწევრიანებულიყავი, მაისში მივიღე, 14 სექტემბერი ჩემთვის ემოციურად მაინც მძიმე აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ჩემს წასვლაზე საჯარო კომენტარი უმრავლესობიდან არ გაუკეთებია არც ერთ ისეთ კოლეგას, ვისი აზრიც ჩემთვის რაიმენაირად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხოლო რამდენიმე კოლეგისგან პირადი კრიტიკა მოთმინებით მოვისმინე, ვინაიდან ამ ადამიანებთან პოლიტიკის გარეშეც მსურს შევინარჩუნო მეგობრული ურთიერთობა.
გადაწყვეტილება სრულად გააზრებული მქონდა და ამით კმაყოფილი ვიყავი. დღეს კი ვამაყობ და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ კვირის მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის ნავიდან აღარ ვუყურებ. დღეს მე ვდგავარ იქ, სადაც სიმართლეა.

*
დღისით პირველად შევიკრიბეთ პარტიის ვაკე-საბურთალოს ორგანიზაციაში. სანაპიროს შენობა დალუქულია და, ალბათ, ეცდებიან მის კონფისკაციას. გაფიქრებაც კი მტკივნეულია, რომ ჩვენი ახალი და ლამაზი “თქვენობა” ("შენ"-ს ვერ ვაკადრებ!), არველაძის საპრივატიზაციო ნუსხაში შეიძლება მოხვდეს.
საორგანიზაციო შეხვედრამ ხმაურიანად, მაგრამ შედეგიანად ჩაიარა. მოძრაობას "ერთიანი საქართველოსთვის" მაინც დავაფუძნებთ მტრის ჯინაზე! მერე რა, რომ ირაკლი ციხეშია? ის მალე გამოვა და ჩამოყალიბებულ პარტიას ჩაუდგება სათავეში.

*
საღამოს მეგობრებთან ერთად ვუყურე “დროებას” და “P.S.”-ს. ვუყურებდი და სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ ხვალ ირაკლის ვნახავდი და გავუზიარებდი შთაბეჭდილებებს.
გიგა ბოკერიას ჩართვა "რუსთავზე" სრულიად მოსალოდნელი და მოსაწყენი იყო. ხანდახან მიკვირს: ნუთუ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ვერ გრძნობს, რომ მისი ფირფიტა უკვე ძალიან გაცვდა და ხალხიც კი ვეღარ უსმენს?! (მე კი სამ წელიწადში ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, რომ ძალისხმევა მოსმენისთვის მჭირდება...) თუმცა, აწი თავს ვალდებულად ვთვლი, რომ არც ერთი ფრაზა არ გამომრჩეს, რათა მნიშვნელოვანი საკითხები უპასუხოდ არ დავტოვოთ.
P.S.: გვიან გამახსენდა, რომ დეიდაშვილის დაბადების დღეა, მე კი არც მიმილოცავს.

1 ოქტომბერი, ორშაბათი
დილის 9:30-ზე სასამართლოში მივედი, სადაც ირაკლისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე აპელაცია განიხილებოდა. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდით, რომ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობას დაამტკიცებდა. მხოლოდ იმან გამაოგნა, რომ დაბნეულობისა და შიშისგან მოსამართლემ პროკურორისთვისაც კი გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო და ირაკლის დამცველად სახაზინო ადვოკატი დაუტოვა.
ეს დღეები ბევრზე ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა ირაკლის პატიმრობისა და პარტიის აწყობისა. ძირითადად საბურთალოზე ვარ და ვცდილობ, საორგანიზაციო საკითხები მოვაგვარო. მთავარია, დაკავებული ვარ და ემოციებისთვის ვერ ვიცლი.
დღეს საღამოს მოიტანეს გამზადებული პლაკატები “დაუჯერე შენს თვალებს!”. ნათიამ, ნანამ და თამუნამ ირაკლის კარგი სურათი შეარჩიეს, სადაც თვალების გამომეტყველება ზუსტად ერგება იდეას. ძალიან მინდა, რომ ციხეში შესვლის უფლება მივიღო და ირაკლის დაველაპარაკო. ვნახოთ, გამომივა თუ არა.

2 ოქტომბერი, სამშაბათი
დღეს შემცივდა. ქარიანი დღეა და, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით თბილად ჩავიცვი, მაინც ვინანე, რომ პიჯაკი სახლში დავტოვე.
პარლამენტში მისვლა ნამდვილად არ მესიამოვნა, განწყობაც “ყურებჩამოყრილი” მქონდა. კარგია, რომ არც ერთი კოლეგა არ შემხვდა. ჩვენს ღონისძიებებს ტელევიზორით ვუყურე, თან რამდენიმე წერილს ვუპასუხე.
საღამოს, გია თორთლაძესთან რომ ავედი, ბიჭები აქტიურად გეგმავდნენ ხვალინდელი დღის ღონისძიებებს. “ღია ეთერს” ინტერესით ვუყურეთ და გუგული მაღრაძის ჩართვით ვისიამოვნე. იოლად წარმოვიდგინე, რა სახეებით და რა კომენტარებით შეხედავდა უმრავლესობის ძირითადი შემადგენლობა ამ გადაცემას, და გამეცინა.

3 ოქტომბერი, ოთხშაბათი
წუხელ პირველად მეძინა მთელი 7 საათი!
კვლავ პარლამენტში მივედი იმ იმედით, რომ ნინო ბურჯანაძეს ვნახავდი. არ გამოვიდა, შეხვედრაზე გამასწრო. ვინახულე რამდენიმე კოლეგა უმრავლესობიდან და მაქსიმალურად ვეცადე, პოლიტიკაზე არ მელაპარაკა. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვარ და ამიტომ არ მინდა არასწორ ადრესატთან მომივიდეს კონფლიქტი. ზუსტად ვიცი, რომ ესენი ირაკლის ნამდვილად პოლიტიკურ პატიმრად თვლიან და არც იმის ეშინიათ, აღიარონ, რომ ხელისუფლებამ ირაკლის დაჭერით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. უფრო სასიამოვნო ის იყო, რომ შემთხვევით შეხვედრილმა ერთ-ერთმა მინისტრმაც დამიდასტურა თავისი ამგვარი პოზიცია. უნდა ვაღიარო, რომ ახლა, როდესაც მე უკვე გარეთ ვარ, მეტად ვაფასებ ადამიანებში ობიექტურობას და უნარს, ფაქტებს თავისი სახელი დაარქვან.
საღამოს ძალიან ვიხალისე ნიკა გვარამიას ბრიფინგით – თურმე ირაკლიმ ორიოდე თვის წინაც მოახერხა თავდაცვის ბიუჯეტიდან ჩახლართული მაქინაციებით ფულის მოპარვა?! დიდი სურვილი მქონდა, ნიკასთვის სატელეფონო გზავნილი გამეგზავნა, ირაკლის 2009 წლის საბიუჯეტო სახსრებზეც კი აქვს თვალი დადგმული-მეთქი. თუმცა, მათი მოქმედებების გათვალისწინებით, არც ის არის გამორიცხული, რომ ირაკლის განდის მკვლელობა და მარსზე ომის დაწყებაც დააბრალონ...
პრეზიდენტი ხშირად იშველიებს ფრაზას, ხალხი ბრძენიაო, და ის მართალია. ისინიც კი, ვინც ოქრუაშვილისადმი უარყოფითად არის განწყობილი, აღიარებენ, რომ ამ კვირის განმავლობაში დადგმული ყველა სპექტაკლი სრულიად მოკლებული იყო დამაჯერებლობას.

4 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დილით გვიან გავედი სახლიდან. შეხვედრა გვქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც ჩვენს მედიაგეგმებზე მუშაობს. ბევრი ვიბჭეთ და ვიდავეთ, რომელი ღონისძიება როგორ შეგვეფუთა.
საღამოს დიღომში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე წავედი. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებისგან სწორი და სამართლიანი შეფასებები მესმის.
ირაკლის სურათები შეხვედრებზე კვლავ გამოკრულია. მისი თვალები ისევ მახსენებს, რომ ძალიან მომენატრა.
საღამოს პრეზიდენტმა ჩაატარა სატელევიზიო მთავრობის სხდომა. ეს იყო ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ ყოფილიყო. გამახსენდა შევარდნაძისდროინდელი ანტიკორუფციული საბჭო. მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, სადაც ანტიკორუფციული საქმიანობა ერთ-ერთი ძირითადი პროექტი იყო. მაშინ არც არაფერი გამოვიდა, სქელტანიანი ანგარიშის გარდა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იმავე შედეგს მივიღებთ – გამოძიების უფლება საბჭოს არ მიეცემა და დარჩება უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები. არანაკლებ საინტერესო იყო 100-ლარიანი ვაუჩერების გაცემაც. ნუთუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ერთჯერადი დახმარებით დააცხრობს ხალხის უკმაყოფილებას?!
გვიან საღამოს სტუმრად წავედი ქალბატონ გუგული მაღრაძესთან. იმდენად აღვფრთოვანდი მისი სიმამაცით (ასეთ მძიმე და რთულ საკითხზე თავისი პოზიციის დაფიქსირებე რომ გაბედა), რომ არ შემეძლო, არ მივსულიყავი და მადლობა არ გადამეხადა. დიდხანს ვისაუბრეთ, ძველი ისტორიები გავიხსენეთ და მომავალზეც ვილაპარაკეთ. სამწუხაროდ, ქალბატონი გუგული უმრავლესობიდან არ წამოვა, მაგრამ მაინც კარგია, რომ ის უმრავლესობის ფარგლებშიც გააგრძელებს თავისი პოზიციის გამოხატვას.

5 ოქტომბერი, პარასკევი
დილით, ოფისში რომ მივედი, ყველა ვაკის პარკში ფილმის ჩვენების ორგანიზებაში ჩავერთეთ. მე კი საღამოს, ზუსტად ამ დროს, ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს უნდა შევხვედროდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მისგან ციხეში შესვლის უფლება მიმეღო.
ვაკის პარკის შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. უამრავი ხალხი მოვიდა. როგორც მითხრეს, ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე გადაღებული ფილმი კარგია. იმედი მაქვს, კვირას ამ ფილმს “იმედის” ეთერში ვნახავ.
ქალბატონ ნინოსთან შეხვედრა ჩემთვის მძიმე იყო. მძიმე - ემოციურად. მართლაც ბევრი რამ გამიკეთა ქალბატონმა ნინომ და მადლიერების გამოხატვას არასოდეს გავურბივარ. რა თქმა უნდა, მისგან ბევრი კრიტიკა მივიღე - უმეტესობა ობიექტური და სამართლიანი, დაწყებული ჩემი ბრიფინგით და დამთავრებული ირაკლის რამდენიმე კომენტარით. სამწუხაროდ, შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ ხელისუფლება თავს არიდებს სიტუაციის ობიექტურად შეფასებას. ქალბატონ ნინოს, ჩემთვის გასაკვირად, იმედი აქვს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება. მე და ბევრი ადამიანი დარწმუნებულები ვართ, რომ გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლო შედეგებს გამოიღებს.
რაც მთავარია, ქალბატონი ნინო ციხეში შეშვებაზე დაგვეთანხმა, რათა არავის ეთქვა, ხელისუფლებას შეეშინდაო. ჩემთვის მოტივს მნიშვნელობა არა აქვს, შემდეგ კვირაში ირაკლის ვნახავ! ეკა ხშირად გვეუბნება, ირაკლი მხნედ და მედგრად არისო. სიმართლე რომ ვთქვა, მისი ნახვა პირველ რიგში იმიტომ მინდა, რომ ძალა მოვიკრიბო, როგორც მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა.

6 ოქტომბერი, შაბათი
დილიდან ყველა კახეთისკენ გავემართეთ. საკმაოდ გრძელი კოლონა შეგროვდა – არ ველოდი, თუ 100-ზე მეტი მანქანა წამოვიდოდა. ეს საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო! ჩვენს მანქანაში ჟურნალისტები ისხდნენ, ამიტომ კოლონას გავუსწარით და სურათების გადასაღებად ერთ-ერთ მოსახვევში გავჩერდით.
ასეთი კმაყოფილება ამ ბოლო თვეში არ განმიცდია: მთელი გზის გაყოლებაზე ხალხი გვეგებებოდა და რამდენჯერმე გაისმა კიდეც: მოხსენით ეგ კაცი, მოხსენითო! ამან გაგვამხნევა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს და ობიექტურად აფასებს. არა ისე, როგორც პრეზიდენტი - მხოლოდ ოპოზიციის ლანძღვისას რომ ამბობს, ხალხი ბრძენიაო და არც კი უშვებს, რომ ხალხმა შეიძლება ისიც ობიექტურად შეაფასოს.
მიტინგზე ხალხი მოვიდა - რთველის პერიოდისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობა. მიტინგი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მაგრამ მე ძირითადად ხალხში დავდიოდი და ვესაუბრებოდი. ბოლო დროს, რაც უფრო ახლოს მივედი ხალხთან, ყველაზე ხშირად მესმის სიტყვები: "ჩვენ ვარსებობთ" და არა – "ჩვენ ვცხოვრობთ". მართალია, ჩვენს გადაწყვეტილებებს ხშირად ვაკრიტიკებდი, მაინც არ მოველოდი, რომ ასეთი მტკივნეული იქნებოდა ამის მოსმენა. სანამ ადამიანს არ დაელაპარაკები, ამას ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები და ვერ იგრძნობ...