ქართული პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირის დასაწყისში ქართული პრესა კვლავ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდგომ შექმნილ
ვითარებაზე წერდა. ორშაბათს გაზეთ ”24 საათში” პოლიტოლოგ გია ნოდიას ვრცელი სტატია დაიბეჭდა, რომელსაც ასე ერქვა - ”ცეცხლთან თამაში”. ”ირაკლი ოქრუაშვილის გაელვებამ ოპოზიციურ ასპარეზზე ახალი დინამიზმი შესძინა პოლიტიკურ ცხოვრებას და მოწყენილი ხალხი გამოაცოცხლა. ეს ერთადერთი პოზიტიური შეფასებაა, რაც მომხდარ მოვლენებს შეიძლება მიეცეს. ახალ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც ოქრუაშვილის დაპატიმრებით დაიწყო, ყველა მხარე აგებს. ხელისუფლებას პრაქტიკულად არა აქვს შანსი, დაარწმუნოს საზოგადოება, მათ შორის, შედარებით ნეიტრალურად განწყობილი ან მისი თანამგრძნობი ადამიანებიც კი, რომ ოქრუაშვილის დანაშაულებათა შესწავლა იმიტომ არ დაიწყო, რომ ამ უკანასკნელმა ოპოზიციონერობა გადაწყვიტა. ოქრუაშვილის დაპატიმრებით მან სერიოზული კოზირი მისცა ხელში ოპოზიციას და საეჭვოა, მისი გასაჭრელი კარტი ჰქონდეს. მაგრამ არც ოპოზიცია გამოიყურება დამაჯერებლად. ხელისუფლებას ადვილად შეუძლია დაასაბუთოს, რომ ოქრუაშვილი, მართლაც, კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელია, ხოლო ოპოზიციონერები - უპრინციპო, მომთაბარე პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს იმავე ფიგურას იცავენ, ვის დასჯასაც გუშინ ყველაზე ხმამაღლა მოითხოვდნენ”, - წერს გია ნოდია ”24 საათში”.


”ახალი თაობა” კი აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის - ”ერთიანი საქართველოსათვის” - წევრ გია ცაგარეიშვილთან. აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,თუ ჰგონიათ, პარტიის ლიდერი რომ პოლიტიკურ პატიმრად გადააქციეს, ამით ჩვენ გავჩერდებით, ძალიან ცდებიან. პირიქით მოხდა. პასუხი იყო 30 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც პარლამენტის წინ მოვიდა ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დემოკრატიული რეფორმების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით. ეს იყო ადეკვატური პასუხი ბოკერიას მუქარაზე, რომელიც ამბობდა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და ქუჩაში არ გამოხვიდეთო. ეს ადამიანები გამრავლდებიან და ძალიან მალე თბილისის ქუჩებში 100 ათას კაცს გამოვიყვანთ”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

სამშაბათს კი ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: ”ვინც კანონს დაარღვევს, გარწმუნებთ, რომ ყველას მისწვდება ეს ხელისუფლება; ვისაც არ მისწვდება, ყველას მიწა დაეწვება ფეხქვეშ...”

”24 საათი” კი სამშაბათს პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილის სტატიას ბეჭდავს, სათაურით ”იმედები ქართული საზოგადოების გაევროპელებაზე ისევ გადაჭარბებულია?”. ”...თუ ევროპელობა გვინდა, რაც უცებ და ერთბაშად ნამდვილად არ მიიღწევა (ღმერთმა დამიფაროს იმისგანაც, რომ ევროპელობაში ეროვნულობის დავიწყებას ვგულისხმობდე - ევროპელობა ცივილიზაციაა, ეროვნულობა - კულტურა, თუმცა პოლიტიკა ორივესგან განუყოფელია), ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფონზე გასვლისას (რაც სულაც არაა დაუსრულებელი პროცესი) ცხენებს არ ცვლიან, მით უმეტეს, თუ ახალ ბედაურებში ლეგალიზმის და პოპულიზმის საშიში ნაზავია”, - წერს დავით დარჩიაშვილი ”24 საათში”.

მომდევნო დღეს კი „24 საათი“ ფილოსოფოს გიგი თევზაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით „რევანშიზმის ანატომია.“ „ ოქრუაშვილის დაპატიმრება ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ამ დაპატიმრებამ სრულიად სხვადასხვა წარსულისა და დეკლარირებული მიზნების მქონე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას იმპულსი მისცა. პირველი, რაც მათ გააკეთეს, მოახერხეს სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმებით და მოქმედების წესით უკმაყოფილოთა საკმაოდ დიდი რაოდენობის შეკრება აქციაზე. აქციაზე საკმაო რაოდენობის ხალხი მივიდა, რითაც, შეიძლება ვთქვათ, ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყო”, - აღნიშნავს გიგი თევზაძე.

მიმდინარე კვირას ინტერვიუს ფორმას განსაკუთრებით ხშირად მიმართა ქართულმა პრესამ. „ახალი თაობა“ ესაუბრა „ახალი მემარჯვენეების” წევრს მანანა ნაჭყებიას, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილსაც შეეხო: „ ბადრი პატარკაციშვილი, როგორც ბიზნესიდან გამოსული ადამიანი, ყველაზე კარგად აცნობიერებს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მომავალი ხელისუფლება სამ ძირითად პრინციპს ახორციელებდეს. ესენია: საბაზრო ეკონომიკის უპირატესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კერძო საკუთრების დაცვა. ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს ამ საკითხებში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ახალი მემარჯვენეები იქნებიან ბადრი პატარკაციშვილის გვერდით“,–განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს ყველა გაზეთი ეხმიანება. გაზეთი ”რეზონანსი” აღნიშნავს, რომ, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადასვლა რეფორმებზე იქნება დამოკიდებული. რეფორმები კი, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლებას უნდა შეეხოს.
პუბლიკაციაში კი, „ხელოვნური სკეპტიციზმი“,რომელსაც გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაუწევენ ანგარიშს ნატოს წევრები მოსკოვის პოზიციას. როგორც „24 საათი“ შენიშნავს, ამ დღეებში რუსულ მედიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ სკეპტიკურ ინფორმაციაზე განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა.

შაბათს პრესა წერდა პრეზიდენტის ინიციატივაზე შეიქმნას ანტიკორუფციული საბჭო და ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შესაძლებლობაზე. შაბათის ”24 საათის” ერთი სათაური კი ასე ჟღერდა: ,, ოპოზიციის უარი დიალოგზე”.