ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” ხელისუფლებას ტესტს სთავაზობს იმის გამოსავლენად, რამდენად გულწრფელადაა მის მიერ დეკლარირებული ღირებულებები
და ორიენტაცია ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე. ტესტი ასეთია: საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ უნდა გამოკვეთოს პოზიცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით და აჩვენოს, არის თუ არა მომხრე ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებისა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ დადგენილების პროექტს და ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ხელმეორედ შეიტანენ. მინდა ოპოზიციური ფრაქციის ამ ინიციატივაზე გესაუბროთ.
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისგან მტრის ხატს ქმნიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებისა და, ამასთანავე, ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება კი საბოლოოდ გაარკვევს ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთს შორის და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ასე ხსნიან ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” ინიციატივებს, რომლებსაც ამავე ფრაქციაში ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ ტესტს უწოდებენ...
[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს საგარეო ორიენტაცია და იყოს თანმიმდევრული. ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება. ლაპარაკია ქართული სახელმწიფოს ორიენტაციაზე. აქ იგულისხმება საქართველოს გამოსვლა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან.”
[კახა კუკავას ხმა] ”და გვაინტერესებს ”ნაციონალურ მოძრაობაში” აქვს თუ არა ვინმეს პრეტენზია, რომ მას არა აქვს პრობლემა ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით.”
[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ეს არის ტესტი, რეალურად მართლაც სურს ”ნაციონალურ მოძრაობას” გამოვიდეთ რუსეთის სივრციდან, უარი ვთქვათ კომკავშირულ-ჩეკისტურ მემკვიდრეობაზე ხელისუფლებაში, თუ ეს არის მხოლოდ სიტყვის მასალა. ”
ასე აღწერეს ხელისუფლების მიერ გასავლელი ტესტი ”დემოკრატიული ფრონტის” წევრებმა - დავით ზურაბიშვილმა, კახა კუკავამ და დავით ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ: ორიოდე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს პრორუსული ძალებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდეს და ასეთ ძალებში ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი იგულისხმეს. დარტყმა ამ მიმართულებით გაერთიანებული ოპოზიციისთვის მოულოდენლი არ ყოფილა. დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში დღეს რუსეთი ვერ იპოვის დასაყრდენს და პრორუსული ძალებისგან გამიჯვნის შესახებ მოწოდებას უპასუხებს:
[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ყველა პარტია, რომელიც არის გაერთიანებული სახალხო მოძრობაში, მხარს უჭერს საქართველოს დსთ-დან გამოსვლას. ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება საქართველოს რუსული სივრციდან გამოსვლას. ”
”სახალხო მოძრაობაში” არ გაერთიანდნენ ახალი მემარჯვენეები, თუმცა, თუ პარლამენტში შევა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ დადგენილების პროექტი და ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი, მემარჯვენეები ამ პროექტს მხარს დაუჭერენ, ისევე როგორც ადრე უჭერდნენ მხარს, - თქვა ჩვენთან საუბრისას მანანა ნაჭყებიამ. ჩვენ მას ვკითხეთ, რეალურად ესახება თუ არა საქართველოს გამოსვლა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან. მან გვიპასუხა, რომ არა და იქვე განმარტა: სანამ ბუნდოვანია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, ბუნდოვანია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პერსპექტივაცო.
ჩვენ ვკითხეთ ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ” თანამშრომელს არჩილ გეგეშიძეს, როგორ უყურებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პერსპექტივას. მან აღწერა პროცედურა... კერძოდ, ის, რომ საქართველოს მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თანამეგობრობამ ერთი წლის თავზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ თანამეგობრობის სივრცის გარეთ ვეღარ დარჩებიან თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალები, - იგულისხმება აფხაზეთი. ასეთი შემთხვევისთვის არჩილ გეგეშიძე 2 სცენარზე ლაპარაკობს. პირველი - აფხაზეთში ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ რჩებიან მარტო.. ეს იქნება სარისკო რეალობა - საქართველო ვერ პოვებს საერთაშორისო მხარდაჭერას. მეორე - თუ დადგება სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების საკითხი და საქმე ეგიდის შეცვლამდე მივა, რის თაობაზეც გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს, რუსეთი, სავარაუდოდ, ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ასეც რომ არ მოხდეს, ექსპერტის აზრით:
[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”გაერო სამშვიდობო ოპერაციას განახორციელებს თავისი ქარტიის მეექვსე და არა მეშვიდე თავის თანახმად, რაც მშვიდობის იძულებით დამყარებას გულისხმობს. მეექვსე თავი ნიშნავს კონფლიქტის ორივე მხარის აუცილებელ თანხმობას და ამ შემთხვევაში აფხაზებს ეძლევათ ბერკეტი. ”
არჩილ გეგეშიძის აზრით, ჯერ არ არის ისეთი საერთაშორისო ფონი, როგორიც საჭიროა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლისთვის. ”გამოსვლა ნიშნავს რთული და მტკივნეული პროცესის დაწყებას და საქართველომ შეიძლება კისერი წაიტეხოს”, - ამბობს ის.
მაგრამ ასეთი შიში ნაკლებად აქვს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც აპირებს პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანოს დადგენილების პროექტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. დავით ბერძენიშვილის აზრით, გადაწყვეტილების მიღება პერსპექტივაში მოიტანს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთის პირისპირ დარჩენას და ეს აიძულებს აფხაზებს დაიწყონ ქართველებთან დიალოგი პრობლემის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.