რას სთავაზობს თურქმენეთის ლიდერი ამერიკელ ბიზნესმენებს?

მას შემდეგ, რაც შარშან, დეკემბერში, გარდაიცვალა "ერის მამად" წოდებული თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი, ამ ქვეყნისადმი დასავლეთის ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ნიაზოვის მემკვიდრე გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც 26 სექტემბერს, სხვათა შორის, სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ ისწრაფის - ყოველ შემთხვევაში, თავის წინამორბედთან შედარებით. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნიუ იორკში ყოფნისას, თურქმენეთის ლიდერი ამერიკელ ბიზნესმენებსაც შეხვდება. საინტერესოა, შეუძლია თუ არა მას, დასავლელ ინვესტორებს - ბუნებრივი წიაღისეულის გარდა - კიდევ რაიმე შესთავაზოს.

თურქმენბაშის სიკვდილის შემდეგ აშკარად შეინიშნება თურქმენეთში დასავლელი ინვესტორების გააქტიურება - თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა - ეს, ძირითადად, ენერგოკომპანიების ხარჯზე ხდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის ექსპლუატაციაში მონაწილეობის ინტერესი გამოთქვეს "შევრონმა", "ბრიტიშ პეტროლეუმმა", "ტოტალმა" და სხვა ენერგოგიგანტებმა. არსებობს თუ არა სხვა სფეროები, სადაც თურქმენეთი დასავლეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას შეძლებდა?

არკადი დუბნოვი, რუსეთის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" შუააზიელი კორესპონდენტი, ამ შეკითხვას ასე უპასუხებს:

[არკადი დუბნოვის ხმა] "რას აწარმოებს თურქმენეთი? რა ვიცით ბაზარზე არსებული თურქმენული ნაწარმის შესახებ? არის თურქმენული ბამბა, თურქმენული ხორბალი არ არსებობს, ქვეყანა მას ყიდულობს. მინიმალურია კერძო სექტორის წილი. საბაზრო ეკონომიკა ვერ იარსებებს ქვეყანაში, სადაც უკვე მრავალი წელია, ვალუტის ფიქსირებული კურსი მოქმედებს."

არკადი დუბნოვის ამ მოსაზრებას იზიარებს ბაირამ შიხმურადოვი, თურქმენეთის არარეგისტრირებული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოსკოვში დაურეკა.

[ბაირამ შიხმურადოვის ხმა] "ცხადია, თურქმენეთის შემთხვევაში არავითარ საბაზრო ეკონომიკაზე არ შეიძლება საუბარი, რადგან უცხოელ პარტნიორებთან ნებისმიერი მსხვილი კონტრაქტი მხოლოდ მთავრობის დონეზე ფორმდებოდა. კერძო პირებისთვის უცხოეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წარმართვა უაღრესად გართულებული იყო ურიცხვი ბარიერის არსებობის გამო. წნეხი იმდენად დიდი იყო, რომ თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა - დაწყებული ვალუტის კონვერტაციისას არსებული სირთულეებით, დამთავრებული საბაჟო და საბირჟო პროცედურებით. ახლა კი ქვეყანას უკვე აქვს გეგმა."

"გეგმაში" ბაირამ შიხმურადოვი გულისხმობს თურქმენეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ უნდა დააჩქაროს ეკონომიკური რეფორმები და თურქმენეთში საქმიანობა გაუადვილოს უცხოელ ინვესტორებს.

[ბაირამ შიხმურადოვის ხმა] "ის, რომ მან ეს თქვა, კარგია. რადგან აქამდე ვერავინ აძლევდა თავს ამის უფლებას. ნიაზოვი ამაზე ოდნავ სხვაგვარად საუბრობდა. მას ლიბერალიზაცია სხვანაირად წარმოედგინა. საკითხავი ის არის, რა მოჰყვება სიტყვებს. ბერდიმუჰამედოვის ნათქვამი ლიტონ სიტყვებად დარჩება თუ მას რაიმე ქმედება მოჰყვება? ამას სულ მალე დავინახავთ."

ექსპერტთა უმეტესობა თურქმენეთის ლიდერის ნათქვამის მიმართ მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში ეკონომიკის ლიბერალიზება შესაძლებელი იყოს. გაურკეველია ისიც, რამდენად დაინტერესდებიან დასავლელი - და, კერძოდ, ამერიკელი - ინვესტორები, კაპიტალი დააბანდონ თურქმენეთის ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება ენერგეტიკას.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვს - ნიუ იორკში მისი ვიზიტისას - მწვავე შეკითხვები დაუსვან თურქმენეთში არსებული ვითარების გარშემო. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი უკავშირდება რადიო "თავისუფლების" თურქმენული სამსახურის კორესპონდენტის ოგულსაფარ მურადოვას სიკვდილს. მურადოვა ამ ერთი წლის წინათ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა აშხაბადის ერთ-ერთ ციხეში.