რატომ რჩება თავდაცვის სფერო ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად

ისევე როგორც წინა წლებში, თავდაცვის სფეროს რეფორმირება და მოდერნიზება საქართველოს ძირითად პრიორიტეტად რჩება.
ამას ის სამთავრობო პროგრამაც ადასტურებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა ნდობა 7 სექტემბერს უნდა გამოუცხადოს. პროგრამის მიმართ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავისთავად, განსხვავებული დამოკიდებულებებია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მასში არ არის გამოკვეთილი მთავრობის ამოცანების, მათ შორის, თავდაცვის სფეროს რეფორმირება-მოდერნიზაციის გზები, უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ დაინტერესებული პირებისთვის გზები მთავრობის ახალ პროგრამაში ჩახედვის გარეშეც ცნობილია. რატომ რჩება თავდაცვის სფეროს გაძლიერება საქართველოს ლამის უცვლელ პრიორიტეტად?


საქართველოს მთავრობის პროგრამა ”ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის” იწყება იმის განმარტებით, თუ რა არის ახალი ქართული სახელმწიფო, ანუ როგორი სახელმწიფოს შენებას უნდა ემსახუროს მთავრობა. განმარტების თანახმად: თავისუფალ საქართველოს - ადეკვატური თავდაცვისუნარიანობით, ერთიანს - მისი ყოველი მოქალაქისთვის, დემოკრატიულს - გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტებით, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებით და სიტყვის თავისუფლებით, სამართლიანს - დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემით და შეძლებულს - კერძო საკუთრების დაცულობითა და ეკონომიკური თავისუფლებით.
თავისუფალი საქართველო, ადეკვატური თავდაცვისუნარიანობით, პირველი რიგის ამოცანაა. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პრიორიტეტებში მითითებულია: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანმიმდევრული განხორციელება, ინტენსიური დიალოგისა და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების საფუძველზე ნატოში გაწევრიანება, შეიარაღებული ძალების მართვის ოპტიმიზაცია და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, არმიის რეფორმირება ნატოს სტანდარტების შესაბამისად. შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის სისტემის სრულყოფა, პროფესიული შეიარაღებული ძალების ფორმირების დასრულება.

მიზნებს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში მიესალმებიან, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, შენიშვნას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მთავრობის პროგრამა ვერ განმარტავს როგორ არის ჩაფიქრებული მიზნების განხორციელება.
უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, ამ შენიშვნაზე ასეთი პასუხი აქვს: კურსი და პროგრამა დიდი ხანია ცნობილია და მისი გადახალისება არ მომხდარა.
ცნობილი კურსის შედეგზე პრეზიდენტმა ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა განვაცხადო ახლა ხმამაღლა, ეს აქამდე არ მითქვამს, უახლოეს პერიოდში საქართველო მზად იქნება ყველანაირი უცხოური აგრესიის მოსაგერიებლად. ”

”აგრესიას არ ველით და ასე რომ იყოს, მზად უნდა ვიყოთ მისი მოგერიებისთვის,”- დასძინა ნათქვამს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.. ახლო მომავალში პარლამენტში, ალბათ, მხარს დაუჭერენ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 450 მილიონი ლარით უნდა გაიზარდის. ცნობილია, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი თავდაცვის სფეროში წავა.
კონსერვატორი ზვიად ძიძიგური თავდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდის წინააღმდეგი არ არის. მისი პრეტენზიები ასეთია: რატომ არის გაუმჭვირვალე ის, თუ როგორ ხარჯავს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილ თანხებს და რაში ადგება ქვეყანას ჯარი, რომელსაც, პრეზიდენტის სიტყვებით, ნებისმიერი აგრესიის მოგერიება შეუძლია?

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ძლიერი ჯარი ჰყავდეს საქართველოს, მაგრამ ამ ჯარის გაკეთებული საქმე არ მინახავს. აქ ჩვენ პერიოდულად გვბომბავენ, ჩვენს მოსახლეობას აწიოკებენ ხან გალში, ხან ცხინვალში. რისთვის გვინდა ჯარი, თუ მას ფუნქცია არ ექნება.. ”

ფუნქციაზე უმრავლესობაში ცოტა სხვა წარმოდგენა აქვთ. თანაც, გიგა ბოკერია არ ფიქრობს, რომ თავდაცვაში გასაკეთებელი საქმე არ კეთდება:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”პირველად გვაქს საჰაერო თავდაცვის სისტემა. საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ მისი გაძლიერება რჩება ამოცანად. ყველამ ნახა, რომ პირველად, ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა მოგვეცა წარმოგვედგინა დეტალური მტკიცებულებები, ანუ ეს შესაძლებლობები უკვე არსებობს. ასევე არსებობს შესაძლებლობები რეაგირებისა.”(სტილი დაცულია)

ამ შესაძლებლობების გაფართოებას საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანა ავალდებულებსო, ამბობს გიგა ბოკერია და იმათ გასაგონად, ვინც თავდაცვისუნარიანობის გაძლირებაზე ზრუნვას მილიტარიზაციად განიხილავს, ხაზგასმით შენიშნავს, რომ, მოქალაქეების რიცხოვნებაზე გათვლით, საქართველო, შეიარაღებული ძალების სიდიდით, რეგიონში ყველაზე მცირე არმიის მქონე ქვეყანაა.