საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებების მორიგი ეტაპი დაიწყო. ისევე როგორც აქამდე ხდებოდა, ამჯერადაც
რამდენიმე თანამდებობის პირს თანამდებობა შეეცვალა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებული ლადო ჭიპაშვილი ჩეხეთში საქართველოს ელჩის მოვალეობას შეასრულებს; ჩეხეთში საქართველოს საელჩოდან გამოწვეული კახა სიხარულიძე მუშაობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ჭიპაშვილს გარემოს დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი შეცვლის, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე კი ამჟამინდელი მინისტრის მოადგილე დავით ჩანტლაძე გადაინაცვლებს.
დანარჩენი ეტაპობრივად გაირკვევა. მთავრობის ერთი მესამედით განახლება პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ავალდებულებს, მთავრობაში საკადრო ცვლილებების პროცესი რომ არ დასრულებულა, ამის შესახებ განცხადება კი 29 აგვისტოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა გააკეთა.

ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველოს პარლამენტს მესამედ მოუწევს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება. 29 აგვისტოს მთავრობაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ნოღაიდელმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 2 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს. საზაფხულო არდადეგების შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 7 სექტემბერს შეიკრიბება. სავარაუდოდ, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას პირველსავე სასესიო კვირაში დაამტკიცებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აგრეთვე გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში განხორციელებულ ცვლილებებს სხვა ცვლილებებიც რომ მოჰყვებოდა, ამის შესახებ განცხადება,როგორც უკვე ვთქვით, 29 აგვისტოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა გააკეთა:



[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ” შესაძლებელია, ცვლილებები შეეხოს სხვა სამინისტროებსაც, პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.”

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები 30 აგვისტოს საღამოს გამართულ ბრიფინგზე დააზუსტა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროების გარდა, მინისტრები ფინანსთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის სამინისტროებშიც იცვლებიან.
ფინანსთა მინისტრის პოსტიდან ლექსო ალექსიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლებს. ფინანსთა მინისტრის სავარძელს ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური დაიკავებს, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მას ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ხეთაგური ჩაანაცვლებს. მთავრობიდან უშვებენ იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მან ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა. იუსტიციის სამინისტროს კი სათავეში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილი ჩაუდგება. ჯერჯერობით სულ ეს არის. შეკითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე დამატებითი ცვლილების შეტანა მთავრობის შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ყველა ცვლილება წარმოგიდგინეთ. თუ იქნებოდა კიდევ რამე, გეტყოდით. ”

ასეთი მოკლე და ამომწურავი იყო პრემიერ-მინიტრის პასუხი შეკითხვაზე, სრულდება თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებები ამ ეტაპისთვის. ნოღაიდელმა ასევე ძალიან მოკლედ გასცა პასუხი შეკითხვას, თუ რამ განაპირობა საქართველოს მთავრობაში ასეთი ფართომასშტაბიანი საკადრო გადაადგილება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ყველა ცვლილება ახლა დაგეგმილია მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის, რაც აუცილებლად მიღწეული იქნება. ”

მსგავსი განმარტებები კეთდებოდა წინა შემთხვევებშიც. ბოლო ცვლილებებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ალექსიშვილის წარმატებები ფინანსთა სამინისტროში, ასევე გილაურის მიერ გატარებული რეფორმები ენერგეტიკის სამინისტროში და არაფერი თქვა იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო წარმატებული მინისტრების სხვა ხელმძღვანელ პოსტებზე გადაყვანა, მათი სხვა პირებით ჩანაცვლება. მთავრობაში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად ხსნიან. უმეტესწილად, მიმდინარე ცვლილებებს სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად განიხილავენ, თუმცა არჩევნებამდე უფრო სერიოზულ ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ.