გაზის ომის ახალი ფაზა რუსეთ-ბელორუსიას შორის

1 აგვისტოს რუსულმა მონოპოლისტმა კომპანია “გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ 3 აგვისტოდან 45 პროცენტით შეუმცირებდა გაზის მიწოდებას ბელორუსიას,
რომელიც რუსული გაზის დავალიანებას არ იხდის. თუმცა ”გაზპრომმა” თავისი სიტყვები უკან წაიღო მას შემდეგ, რაც ბელორუსიის პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან სასწრაფოდ 460 მილიონი დოლარი გამოყო. კრიზისი განიმუხტა, მაგრამ ევროპელი ექსპერტები სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამენ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რუსეთისა და ბელორუსიის სულ უფრო მზარდი დაპირისპირების გამო.

ბელორუსია 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში რუსეთს საქართველოზე ორჯერ ნაკლებს, 100 დოლარს, უხდის. მიუხედავად ამისა, ბელორუსიას რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია “გაზპრომის” საკმაოდ სოლიდური ვალი - 456 მილიონი დოლარი - დაუგროვდა. გასულ კვირაში“გაზპრომსა” და ბელორუსიის წარმომადგენლებს შორის ვალის გადახდის თაობაზე გამართული მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. რუსეთმა კი არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ბელორუსიას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუზღუდავს. ამასთან, “გაზპრომის” ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადება ბელორუსიის მიმართ საკმაოდ სუსხიანად ჟღერდა:

[სერგეი კუპრიანოვის ხმა] “3 აგვისტოს, 10 საათიდან, ბელორუსიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შემცირდება დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. ეს ბელორუსიის სადღეღამისო მოხმარების 45 პროცენტია. ამასთან, ბელორუსიის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება მესამე ქვეყნებისათვის სრული მოცულობით განხორციელდება.”

მიუხედავად ამ დამაიმედებელი განცხადებისა, რუსეთ-ბელორუსიას შორის გაზის თაობაზე წამოჭრილმა უთანხმოებამ საკმაოდ შეაფიქრიანა ევროპელი იმპორტიორები. ოფიციალური ინფორმაციით, ევროპაში ბუნებრივი აირის ერთი მეხუთედის ექსპორტს “გაზპრომი” სწორედ ბელორუსიაზე გამავალი გაზსადენის მეშვეობით ახორციელებს. გაზის კრიზისის ახალი ტალღა კი საკმაოდ ცუდი სიგნალი აღმოჩნდა ევროპელი მომხმარებლებისათვის. ევროკომისიამ საკუთარი შეშფოთება თავისი ოფიციალური წარმომადგენლის, მარტინ სეილმაიერის, სიტყვებით გამოხატა:

[მარტინ სეილმაიერის ხმა] “სიტუაციის ასეთი განვითარება ჩვენ სერიოზული შეშფოთებით აღვიქვით. გვჯერა, რომ ორივე მხარე შეძლებს დაუყოვნებლად განმუხტოს ეს დაპირისპირება და შექმნის ხელსაყრელ ვითარებას იმისათვის, რომ დროულად განახლდეს გაზის მოწოდება.”

ევროკომისიის ეს მოლოდინი გამართლდა. 2 აგვისტოს ბელორუსიამ პირობა დადო, რომ რუსეთს ბუნებრივი აირის ვალს უახლოეს დღეებში დაუბრუნებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსნადრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამ მიზნით 460 მილიონ დოლარს გამოყოფს სარეზერვო ფონდიდან და რომ მოსკოვის სახვეწარი არაფერი აქვს:

[ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩართვა ] “უკანასკნელ ხანს მიმანიშნებენ, რომ თითქოს საჭიროა კრემლში წასვლა და მუხლებზე დადგომა. შეიძლება ვიღაცა კიდეც დადგეს იქ მუხლზე, მაგრამ მე იქ დასაჩოქებლად არ წავალ.”
ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკო ძალიან გააღიზიანა “გაზპრომის” ულტიმატუმმა და გაზის შემცირების არასახარბიელო პერსპექტივამ. თუმცა ბელორუსიის ლიდერი ამბობს, რომ ვალის გასასტუმრებლად სახელმწიფოს საკუთარი რეზერვიც ბევრი აქვს და არც კეთილი მეგობრების ნაკლებობას განიცდის:
[ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა] “მე გავეცი ბრძანება, აიღონ რეზერვიდან ფული და გადაუხადონ იმათ ეს 460 მილიონი დოლარი. ეს არ არის თანხა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაშიშვლებთ რეზერვს, მაგრამ დღეს ჩავესიც და სხვებიც, ჩვენი კეთილი მეგობრები, გვეუბნებიან: ნუ ღელავთ! კრედიტებს, რამდენიც გინდათ, იმდენს მოგცემთ, თანაც, კომერციული პროცენტის გარეშე.”

მაგრამ “გაზპრომისთვის” მთავარია ფული და არა მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები. ბელორუსიის მზადყოფნამ დაიწყოს დავალიანების დაფარვა, რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანიის ხელმძღვანელობა დააკმაყოფილა. “გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ბელორუსიისათვის გაზის შემცირება არ მოხდება:

[სერგეი კუპრიანოვი ხმა] “ბელტრანსგაზმა” დღეს “გაზპრომის” მიმართ არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაფარავად პირველი გადახდა განახორციელა. ჩვენ ვხედავთ ბელორუსიის სერიოზულ ნაბიჯებს დავალიანების პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს არ შეიზღუდოს. ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო კვირის ხუთშაბათამდე დასრულდება გაზის საფასურის დავალიანების გაქვითვა და მიმდინარე გადასახადიც ასი პროცენტით დაიფარება.”

ოპოზიციური და დემოკრატიული ძალები ბელორუსიაში ფიქრობენ, რომ გაზის ომი რუსეთსა და ბელორუსიას შორის ამით არ დასრულდება. მოსკოვის მუქარა გაზის შემცირებაზე რუსეთის წინა ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა - მის მიზანს ხომ ბელორუსიის ეკონომიკურად გადაყლაპვა წარმოადგენს,- აცხადებს ბელორუსიის სახალხო ფრონტის ლიდერი ვინჩუკ ვეჩორკა. არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი შემდგომში კიდევ უფრო მეტ საფასურს დაუწესებს ბელორუსიას ბუნებრივ აირზე, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ეკონომიკას, რომლის სიცოცხლისუნარიანობის მთავარ ბურჯსაც სწორედ რუსეთიდან პოლიტიკურ ფასად შეძენილი ბუნებრივი აირი წარმოადგენს.