პიტერ ნირო

შეერთებულ შტატებში კონკურენციას ვერ გაუძლო და დაიხურა სახელგანთქმულ მუსიკალურ მაღაზიათა ქსელი “ტაუერ რიკორდი”. ამ მაღაზიებში კომპაქტდისკების და დივიდიების უმრავლესობა კლასიკისა და ჯაზის ჟანრებს მიეკუთვნებოდა. ამჯერად მოქმედ “ვირჯინის” და “ბარნს ენდ ნობლის” ქსელებში ეს ჟანრები ნაკლებად არის წარმოდგენილი. მასკულტურამ მუსიკის სფეროში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ხელოვნების საყოველთაო კომერციალიზაციის პრობლემას პროგრამა “მუსიკა, მუსიკის” წინა გადაცემებში მე რამდენჯერმე შევეხე, მაგრამ ამ ბოლო ხანს მუსიკაში მასკულტურის ტოტალურმა შემოსევამ მტკივნეულ თემასთან დაბრუნება მაიძულა. განგებამ ისურვა, რომ ჩვენი დრო მასკულტურის ეპოქად ქცეულიყო. ამას მრავალი ობიექტური და სუბიექტური, მათ შორის - სოციალური და პოლიტიკური, მიზეზები აქვს. ამჟამად კომერციალიზაციამ ხელოვნების უკლებლივ ყველა სფერო - მათ შორის, მუსიკაც - მოიცვა. Pპროცესი ხშირად საკმაოდ შენიღბულად მიმდინარეობს. ამ საქმეში პროდიუსერებს, მენეჯერებს და აგრეთვე კრიტიკოსთა და ჟურნალისტთა გარკვეულ ნაწილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მათი ზეგავლენის შედეგად, მსმენელი, შეიძლება ითქვას, კვალიფიკაციას კარგავს. ზოგჯერ, შენიღბვის მიზნით, “კომერციალიზაციის” ნაცვლად სხვა ტერმინს - “პოპულარიზაციას” - ხმარობენ. ზოგიერთი მსოფლიო დონის მუსიკოსი, სამწუხაროდ, მაღალი ჰონორარებით მოიხიბლა და მოდას აჰყვა. თავის დროზე ერთ-ერთ გადაცემაში მათი გვარები მე უკვე დავასახელე, დღევანდელი გადაცემის მიზანი კი სულ სხვაა - მე მას პოპულარული მუსიკის გამოჩენილ შემსრულებელს, ამერიკელ პიანისტ პიტერ ნიროს ვუძღვნი. მის შემოქმედებას წუნდაუდებელი გემოვნება და მაღალი პროფესიონალიზმი ახასიათებს. პიანისტი იმ მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც პოპულარული მუსიკის შესრულებისას მუდმივად ინარჩუნებენ უმაღლეს პროფესიულ დონეს. Aრამდენიმე ასეთი შემსრულებელი სხვადასხვა დროს თბილისსაც ესტუმრა. მაგალითისათვის საკმარისია ხორსტ იანკოვსკისა და ჯეიმს ლასტის გვარები დავასახელო. გასული საუკუნის სამოციან წლებში პიტერ ნირო თბილისის მელომანებს შორის უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. იმ დროს დიდი ვაივაგლახით მოპოვებული მისი აუდიოჩანაწერები Mძვირფას შენაძენად ითვლებოდა..

პოპ-პიანისტი და დირიჟორი პიტერ ნირო (Bბერნარდ ნიროუ) 1934 წელს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, დაიბადა. მუსიკაში მეცადინეობა შვიდი წლის ასაკში დაიწყო. თოთხმეტი წლის ჭაბუკმა ნიუ-იორკის ჯულიარდის პრესტიჟული სამუსიკო სკოლის სტიპენდია მოიპოვა. მისი მასწავლებელი კონსტანცია კინი მოგვიანებით იხსენებდა, რომ გამოჩენილი პიანისტი ვლადიმირ გოროვიცი პიტერის დიდი გულშემატკივარი იყო. 1961 წელს ნირომ თავისი პირველი ალბომი გამოსცა და “საუკეთესო ახალგაზრდა ხელოვანის” ნომინაციაში გრემის პრემია მიიღო. Eეს არ იყო მის ცხოვრებაში ერთადერთი “გრემი”, ხოლო რაც შეეხაბა გამოცემულ ალბომებს, ამჯერად მათმა რიცხვმა 67-ს მიაღწია.

პიტერ ნიროს ჯილდოებისა და წოდებათა გრძელ ჩამონათვალში საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოების პრესტიჟული პრემია “Exellence in the Arts” და ექვსი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობაა დაფიქსირებული. ამ წლის დასაწყისში ფილადელფიის სამუსიკო აკადემიის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე პიანისტი როდ სტიუარტთან დუეტში გამოვიდა. სტუმართა შორის ტომ ბროკოუ, ჯონ ლითგოუ, პრინცი ჩარლზი და კორნუელის ჰერცოგის ასული იყვნენ. მუშაობის დროს პიტერ ნირო ფართოდ იყენებს ტექნიკურ საშუალებებს, რის გამოც მას ხშირად “ხელსაწყოთა მეფეს“ უწოდებენ. როცა კი საქმე ეხება ახალი კომპოზიციების შექმნას, მაშინ ის მხოლოდ და მხოლოდ თავის გამოცდილ მეგობარს, სტენვეის დიდ საკონცერტო როიალს, ენდობა.