კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
მისი წინამორბედი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, მერაბ ანთაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დავით ბაქრაძის დანიშვნას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროშია საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების, ასევე რელიგიურ, ეთნიკურ, პოლიტიკურ და სხვა საფუძველზე შესაძლო დაპირისპირებათა გადაწყვეტისა და პრევენციის პრობლემები. გიორგი ხაინდრავას და მერაბ ანთაძის შემდეგ, ახალი თაობის პოლიტიკოსს, დავით ბაქრაძეს, უწევს ჩაიბაროს საქმე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს უმთავრესი პრობლემების გადაწყვეტასთან. რატომ სწორედ მას? - როგორც საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მისი გამოცდილება ევროკავშირის სტრუქტურებთან თანამშრომლობის,საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და, საერთოდ, მისი პოლიტიკური გამოცდილება საჭიროა იმისთვის, რომ უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი მოქმედება მთელს ფრონტზე.. ”
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 20 ივლისის საღამოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, როცა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე წარუდგინა. იქვე იყო ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე.
პრეზიდენტმა მერაბ ანთაძეს ღირსების ორდენის გადაცემით დაუფასა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გაწეული მუშაობა. მერაბ ანთაძე სახელმწიფო საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს, დავით ბაქრაძე კი, როგორც თავად აღნიშნავს, სახელმწიფო მინისტრის პოსტს კონფლიქტური ზონების მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან დიალოგის განვითარებისთვის გამოიყენებს.” დიალოგი უნდა განვითარდეს საზოგადოებასთან და არა მარტო დე ფაქტო ხელისუფლებებთან”, - ხაზგასმით აღნიშნავს ის.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის ერთ-ერთ წარმატებულ საქმედ იქნა მიჩნეული დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის წარდგენა ბრიუსელში ევროპარლამენტარების წინაშე... აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ქართველი ექსპერტის აზრით, ბაქრაძის მთავარი ამოცანა სახელმწიფო მინისტრის პოსტზეც საზღვარგარეთ სანაკოევის პროექტის გაყიდვა იქნება... თუმცა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი კონკრეტული პროექტის წარმატებისათვის მუშაობა... კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძის დანიშვნას გამოეხმაურნენ დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლები. ” რა მნიშვნელობა აქვს ანთაძე იქნება, ბაქრაძე თუ ვინმე სხვა, პოლიტიკა ერთია... ” - განაცხადა ცხინვალში ბორის ჩოჩიევმა. სოხუმში მის ნათქვამს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა შამბამ დასძინა: ”დავით ბაქრაძეს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრის პოსტზე მისვლა ცუდ დროს უწევს - მაშინ, როცა არ არსებობს დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის.” დავით ბაქრაძეს საკუთარი შეხედულება აქვს იმაზე, რა დროს ან რამდენად ცუდ ვითარებაში მოუწია კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტის ჩაბარება:
[ დავით ბაქრაძის ხმა] ”გააჩნია, რას ვიგულისხმებთ ცუდ დროში. თუ ცუდ დროში ვიგულისხმებთ იმ ტენდენციას, რომლის მიზანიც იყო გაყინული კონფლიქტების შენარჩუნება, ამ ტენდენციისთვის ნამდვილად ცუდი დროა. ჩვენ ვაპირებთ ფრთხილი და ენერგიული პოლიტიკის გატარებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებისთვის.” (სტილი დაცულია)
საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ სწორედ ახლა დგება საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გაცილებით აქტიურად ჩართვის დრო.... ასე რომ, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს ახალი სახელმწიფო მინისტრის უმთავრეს ამოცანად ამ მიმართულებით დროის აჩქარება უნდა წარმოვიდგინოთ..