დიმიტრი სანაკოევი ედუარდ კოკოითის ოპონენტად მიიჩნევს, ''ოპონენტი'' კი მას ''ეგრეთ წოდებულს'' უწოდებს

რამდენიმე დღის წინ რადიო “თავისუფლების" რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ანდრეი შარიმ
ინტერვიუები ჩაწერა როგორც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისთან, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან. მაშინ, როცა კოკოითი სანაკოევს "თვითმარქვიას" უწოდებს, სანაკოევი კოკოითის მცდარ გზაზე დამდგარ ოპონენტად თვლის და მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. დე ფაქტო პრეზიდენტი თავის ცნობილ პოზიციაზე რჩება – საქართველოს აგრესორად და, ამდენად, მიუღებლად მიიჩნევს, ხოლო რუსეთი მშვიდობის დესპანად ესახება... დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კი სამხრეთ ოსეთის განვითარების პერსპექტივა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში წარმოუდგენია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თავის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საქართველოს შემადგენლობაში რომ ვერ ხედავს, ამაში ახალი არაფერია. ედუარდ კოკოითი საქართველოში დემოკრატიის ხარისხს იწუნებს და უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს ვერ ხედავს:

(კოკოითის ხმა) "ამჟამინდელი სიტუაცია, რომელიც საქართველოშია შექმნილი, ძალიან შორს დგას იმ დემოკრატიისგან, რომელზეც ისინი საუბრობენ. არ არსებობს გარანტიები იმისა, რომ საქართველო მორიგ გენოციდს არ მოუწყობს ოს ხალხს. საჭიროა ისტორიული რეალობა გავითვალისწინოთ. ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი არაერთხელ განახორციელა. ბოლოს ეს მოხდა 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში... ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება... საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა არ აძლევს გარანტიებს მცირერიცხოვან ოს ხალს."

კოკოითი ირწმუნება, რომ საბჭოთა დროსაც კი, ანუ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, "უზრუნველყოფილ და მშვიდობიან დროში", სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან ძლიერ წნეხს განიცდიდა და ამიტომ ახლა ის საქართველოს ვეღარ ენდობა. სამაგიეროდ, კოკოითი ენდობა რუსეთს.
მისი დაკვირვებით, ვლადიმირ პუტინის ქვეყანა მშვიდობის სადარაჯოზე დგას:

(კოკოითის ხმა) "რუსეთი ჩვენ ყოველთვის გვჭირდება... რუსეთი კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. ის მთავარი გარანტია მოლაპარაკებათა პროცესშიც და სწორედ რუსეთის ფედერაციის ჩარევის წყალობით შეწყდა სისხლისღვრა. დღესდღეობით რუსეთი ასრულებს მეტად საჭირო და მნიშვნელოვან მისიას, რასაც კონფლიქტის ზონაში მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია."

რუსეთს მის თვალში ნაკლი არა აქვს, თუმცა საკითხი - შევა თუ არა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში, კოკოითის თქმით, არა მისი, არამედ მისი რესპუბლიკის მოქალაქეების გადასაწყვეტია.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი, ოსი ხალხის თვითმყოფადობის და განვითარების გარანტიებს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ხედავს. დიმიტრი სანაკოევი საუბრობს კულტურის, ენის, ეკონომიკის განვითარებაზე და ეთნიკური ოსების სამომავლო ფართო ჩართულობაზე ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებში:

(სანაკოევის ხმა) "ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა კანონიერ საფუძველზე დაყრდნობით შეიქმნას... მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს... და ამ ფარგლებში გადაწყვიტოს თავისი სამართლებრივი თუ სახელმწიფოებრივი საკითხები... ახალი საქართველოს ფედერაციული მოწყობა მისაღები იქნება ჩვენთვის, ოსებისთვის. და ასე შეიქმნება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა."

სანაკოევის აზრები კოკოითის არ აინტერესებს, მიაჩნია, რომ მის უკან ოსი ხალხი არ დგას და რომ სანაკოევთან მიმართებით აბსოლუტურად ყველაფერი "ეგრეთ წოდებულია":

(კოკოითის ხმა) "ბატონი სანაკოევი, ეგრეთ წოდებული... არავის ინტერესებს არ წარმოადგენს და ჩვენ ამ ადამიანთან არავითარი კონტაქტი არ გვექნება. შეცდომაა, რომ ზოგიერთები მასთან ერთად ცდილობენ სამხრეთი ოსეთის გარკვეული პოლიტიკის ფორმირებას. სინამდვილეში საუბარი საჭიროა ოსი ხალხის ნამდვილ წარმომადგენლებთან... თორემ ეს იგივეა, რომ აქ ჩვენც შევქმნათ დროებითი ადმინისტრაცია და დავნიშნო საქართველოს ახალი პრეზიდენტი, რომელთანაც ხელშეკრულებებს გავაფორმებ..."

ვიდრე ცხინვალში საქართველოს პრეზიდენტს დანიშნავენ, დიმიტრი სანაკოევი შეახსენებს ედუარდ კოკოითის, რომ მათი სახლები იქ, ცხინვალის რეგიონში, ერთმანეთისგან არა უმეტეს 500 მეტრით არის დაშორებული, რომ ოსი ხალხისთვის ის უცხო სულაც არ არის და რომ მისი ფესვები სწორედაც რომ სამხრეთ ოსეთშია, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, ჯარში მსახურობდა, სწავლობდა, მუშაობდა და ერთ დროს ომობდა კიდეც...

სანაკოევს კოკოითი მტრად არ მიაჩნია. ის მას სულ სხვა თვალით უყურებს:

(სანაკოევის ხმა) "საერთოდ, მე მასთან დამოკიდებულება მაქვს როგორც ძალასთან, რომელსაც არ სურს ჩვენ მიერ დასახული მიზნების რეალიზება... მის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება მაქვს... ვუყურებ როგორც ოპონენტს და არა როგორც მტერს... ვისურვებდი მასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და სამხრეთ ოსეთის მომავალზე, მის უსაფრთხოებაზე მსჯელობას. მაგრამ, სამწუხაროდ, კოკოითი სხვა სტერეოტიპს აღიარებს. ეს არის სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფა და საერთაშორისო საზოგადოების აღიარების მოპოვება. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ამ ეტაპზე არარეალურია."

დე ფაქტო პრეზიდენტისთვის არარეალური არაფერია და სულაც არ ჰგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მის ხელისუფლებას გულგრილად უყურებს, მაშინ როცა დიმიტრი სანაკოევს ბრიუსელში ხელგაშლილი ხვდება:

(კოკოითის ხმა) "არ ვიტყოდი, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას უგულებელყოფს. ჩვენთან მუდმივად ჩამოდიან ევროკავშირის, ევროპარლამენტის, ეუთოსა თუ გაეროს წარმომადგენლები... და არ არის საჭირო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ჩვენ ამ მხრივ იზოლაციაში ვართ... უბრალოდ, არსებობს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ისინი ჩვენს ხალხთან მიმართებით იყენებენ."

კოკოითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ის სამი წელიწადია ამაოდ ითხოვს. ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან სალაპარაკო ბევრი აქვს: კონფლიქტის დარეგულირების გეგმებზე, საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის მემორანდუმზე, ხალხებს შორის ნდობის აღდგენასა თუ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე... ეს არის, რომ ყოველივე ამაზე მას თავისი საკუთარი პოზიცია და მიზანი აქვს – სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს საქართველოსთან ერთად. ერთი სიტყვით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მას წინასწარ განსაზღვრული, უკომპრომისო გადაწყვეტილებით სურს.

თუკი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ვერ მოხერხდა, მოსალოდნელია თუ არა ომი? სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს ამის წარმოდგენაც არ სურს:

(სანაკოევის ხმა) "ღმერთს ვთხოვ, რომ ეს არ მოხდეს... ამის დაშვება არ შემიძლია... ეს აბსურდი იქნება... ომმა უკვე გვაჩვენა, რომ ყველა დამარცხდა, როგორც ოსების, ასევე ქართველების მხარეს... არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთს ომს დაუწყებს... ეს მას არ სჭირდება."