საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 2 ივლისიდან, 18 ივლისის ჩათვლით, აბიტურიენტებმა
ტესტირება სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში უნდა გაიარონ. წელს, ქვეყნის მასშტაბით, 14 ასეთი ცენტრი მოქმედებს. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას 39 278 ათასი ახალგაზრდა ცდილობს, მათგან კი ბედი 15444 -ს გაუღიმებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პირველი გამოცდა ჩატარებულია - აბიტურიენტებმა 2 ივლისს ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში გაიარეს. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები.

მისაღები გამოცდები ახლებურად საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და ამ რიგით მესამე ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტთა უჩვეულოდ დიდი ნაკადი გადის. 39278 აბიტურიენტიდან სტუდენტი წელს 15444 უნდა გახდეს. განსაკუთრებული მოთხოვნა ეკონომიკის, ბიზნესისა და სამართლის სპეციალობებზეა. 2 ივლისი ზოგად უნარ-ჩვევებში გამოცდის დღე იყო, 5 ივლისს კი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 სერიად ტარდება. 2 ივლისსაც აბიტურიენტების ერთი ნაკადი საგამოცდო ცენტრებში დილის 9 საათისთვის იყო დაბარებული, მეორე ნაკადი კი - 15 საათზე. ტესტი ზოგად უნარ-ჩვევებში, ისევე როგორც ადრე, ზოგისთვის რთული აღმოჩნდა, ზოგისთვის - არც ისე რთული.

[ერთ-ერთი აბიტურიენტის ხმა] ”გამიჭირდა მათემატიკური, თორემ დანარჩენი ადვილი იყო.”

[მეორე აბიტურიენტის ხმა] ”უნდა იცოდე, გესმოდეს და შეგეძლოს აზროვნება, თორემ რთული არ იყო, მთავარია ცოდნა..”


ტესტები, რომელთა მეშვეობითაც აბიტურიენტების ცოდნა ფასდება კონფიდენციალურობის რეჟიმში, წელსაც ბრიტანეთში დაიბეჭდა, ტრანსპორტირების შემდეგ კი ეროვნული ბანკის საცავში იქნა გადატანილი. ტესტები საცავიდან საგამოცდო ცენტრებში 2 ივლისს დილით უსაფრთხოების წესების დაცვით მიიტანეს, პაკეტები კი აბიტურიენტების თვალწინ გახსენს. პირველ გამოცდაზე წელს აბიტურიენტთა დაგვიანების იმაზე გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო, ვიდრე შარშან და შარშანწინ. დაგვიანებულები გამოცდებზე არ დაუშვეს. ორგანიზატორები კი, ისევე როგორც შარშან და შარშანწინ, გამოცდების მიმდინარეობისას გადაცდომებს გამორიცხავდნენ.

[მაია მიმინოშვილის ხმა] ”გამორიცხულია, რადგან ქვემოთ მონიტორები დგას, მთლიანად იწერება გამოცდების პროცესი, დაწყებული პაკეტების გახსნით, დამთავრებული პაკეტების დალუქვით.”

გვითხრა 2 ივლისს ზოგად უნარ-ჩვევებში გამოცდის მიმდინარეობისას ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ 2 ივლისს დილიდან ორგანიზაციულ საკითხებში სერიოზული ხარვეზები არ ყოფილა შემჩნეული. გამოცდებს 1410 მეთვალყურე აკვირდება და აღსანიშნავია, რომ მათი მეთვალყურეობის ქვეშ წელს აფხაზეთიდან ენგურს აქეთ საქართველოში გადმოსული 3 აბიტურიენტიც მოექცა. მაია მიმინოშვილის განმარტებით:

[მაია მიმინოშვილის ხმა] ”ესენი არიან აბიტურიენტები სოხუმიდან და გაგრიდან, რომელთაც ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნეს გადმოსვლასთან დაკავშირებით და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ დავრთეთ ნებართვა რეგისტრაცია გაევლოთ არასარეგისტრაციო პროცესში..”

ეს იყო გამონაკლისი, რეგისტრაცია კი, როგორც ცნობილია, 25 მარტს დასრულდა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა წელს ONLINE რეჟიმშიც შეიძლებოდა, თუმცა ასეთი სერვისით ბევრს არ უსარგებლია..

წელს არ არის მიღება ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა იქ უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა ამოქმედდება. წლევანდელ სიახლეებზე საუბრისას განათლების მინისტრი უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის ამოქმედებას განსაკუთრებით უსვამს ხაზს:

[კახა ლომაიას ხმა] ”ტექნიკურ უნივერსიტეტშიც და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმუშავებს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა და ვისაც საბაკალავრო პროგრამაზე არ გაუღიმებს ბედი, იქ შეუძლია გამოსცადონ თავი.”

2 ივლისის შემდეგ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები 5 ივლისს გამოცხადდებიან. ბოლო გამოცდა 18 ივლისს ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები კი ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.