საქართველოს პარლამენტში ბრიუსელში დიმიტრი სანაკოევის ვიზიტი უმნიშვნელოვანესად შეაფასეს და მას უწოდეს

ევროპარლამენტმა არა მარტო მიიღო დროებითი ადმინისტრაციის მეთაური დიმიტრი სანაკოევი, არამედ მხარი დაუჭირა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში
დროებითი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას და მის სამშვიდობო გეგმას - 29 ივნისს ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ვიზიტს ბრიუსელში. ბრიუსელში დიმიტრი სანაკოევმა გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, განსაკუთრებით საყურადღებო კი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მეცხრე სხდომაზე მისი ოსურ ენაზე გამოსვლა იყო.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან 28 ივნისს ღამით დაბრუნდა, პარასკევს კი ევროპაში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტს მოკლე ანგარიში ჩააბარა.

დროებითი ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ეს დიმიტრი სანაკოევის პირველი ვიზიტი იყო ევროპაში. ბრიუსელში მან სამუშაო შეხვედრები გამართა ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებთან, რომლებიც, იმავდროულად, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების კომიტეტს წარმოადგენენ. იყო სამუშაო შეხვედრები ევროპარლამენტის დეპუტატებთან, მოგვიანებით კი - შეხვედრა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან. ამას გარდა, სანაკოევმა გამართა შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ექსპერტებთან. პარასკევს, პარლამენტის სხდომაზე ვიზიტის შედეგების შეჯამებისას, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე დროებითი ადმინისტრაციის მეთაურის ოსურ ენაზე გამოსვლას მიანიჭა:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ხალხს მიეცა საშუალება გასცნობოდნენ ბატონ სანაკოევს. მთლიანობაში, შთაბეჭდილება იყო ძალიან პოზიტიური. ევროპელებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმასთან დაკავშირებით, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა.”

”პრობლემა უნდა გადაწყდეს პირდაპირი დიალოგის განვითარებით, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენით, ქართველებმა და ოსებმა უნდა იცხოვრონ საერთო ევროპულ სახელმწიფოში - სახელმწიფოში, სადაც დაცული იქნება ოსების ინტერესები”, - ასეთი იყო თავად სანაკოევის მიერ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წინაშე ჩამოყალიბებული ხედვა.
თბილისში აღნიშნავენ, რომ დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში ვიზიტისას გამოიკვეთა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს დროებითი ადმინისტრაციის ამოქმედების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ასეთი შეფასებები კი განსაკუთრებით აღიზიანებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”რაღაც ალტერნატიული სტრუქტურების შექმნის პრაქტიკა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს აფრიკაში ჰქონდათ, მისი სამხრეთ ოსეთში აპრობირება არ გამოუვათ. ის ადამიანი, რომელსაც დღეს მთელ ევროპას ოსი ხალხის წარმომადგენლად აცნობენ, სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს და მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ეს პოზიცია წამგებიანია. დიმიტრი სანაკოევი ოსების ხორცმეტია და ის ვერასდროს გადაწყვეტს ოსი ხალხის ბედს.”

დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში ვიზიტით უკმაყოფილება კოკოითიმ მოსკოვში რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიით გამოსვლისას გამოხატა. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კოკოითისთვის წამმზომი ჩართულია, რასთან დაკავშირებითაც კოკოითიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილს თავი საათის გამომგონებელი ჰგონია. თბილისი დე ფაქტო პრეზიდენტის გამოსვლებს ყურადღებას თითქმის არ აქცევს... როგორც საქართველოს პარლამენტში 29 ივნისს აღინიშნა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპაში მიიღეს და მოუსმინეს ოსი ხალხის იმ წარმომადგენელს, რომელთან დიალოგსაც თბილისი ირჩევს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ევროპარლამენტმა არა მარტო მიიღო, მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს პოლიტიკური ძალების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისთვის.”

ეს იყო ნინო ბურჯანაძის განცხადება. ბრიუსელში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია თავად დიმიტრი სანაკოევი. კოკოითი კი მოსკოვში განაგრძობს შეხვედრებს. გავრცელებული ცნობებით, ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.