დაძაბულობა შემოვლითი გზის გარშემო - ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 28 ივნისს სროლა ისმოდა

28 ივნისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და ამის მიზეზი ქართულ სოფლებს შორის დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობის შეფერხება გახდა.
იყო სროლა, არიან დაჭრილები. ორ ქართულ სოფელს - ავნევსა და ნიქოზს - შორის გზის მშენებლობა ივნისის შუა რიცხვებში შეწყდა, მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ მშენებარე გზის სიახლოვეს თავისი ძალები განათავსა. ამას გარდა, სამშვიდობო ძალების სარდალმა კულახმეტოვმა ქართველი სპეციალისტები სამუშაო ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკის ჩაყენებით აიძულა გზის მშენებლობა შეეჩერებინათ. გზის მშენებლობის განახლება, მხარეთა შორის პოლიტიკური შეთანხმების მიუღწევლად, რეგიონში ვითარებას დაძაბავს - ასეთი იყო სამშვიდობო ძალების სარდლის პოზიცია, მაგრამ ვითარება ისედაც დაიძაბა. რა მოხდა 28 ივნისს კონფლიქტის ზონაში?

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში - სოფელ ქურთაში - მოქმედ დროებით ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ედუარდ კოკოითი ბოლო პერიოდში ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განსაახლებლად. ოსური მხარის მეორე ნაწილი კი ცხინვალიდან ირწმუნება, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციას საქართველოს მხარე უწყობს ხელს. განმარტებები, ისევე როგორც ცნობები ფაქტების შესახებ, ურთიერთსაპირისპიროა. ცხინვალიდან გავრცელებული ცნობით, 28 ივნისს დილით ქართულ სოფელ თამარაშენიდან ოსთა მილიციის საგუშაგოს მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, 2 ოსი მილიციელი მძიმედ დაიჭრა. საქართველოს მხარის ცნობით, ასევე 28 ივნისს დიდი ლიახვის ხეობის მიმართულებით ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროდნენ. რა მოხდა რეალურად, ამის გარკვევა მონიტორინგის ჯგუფს შეუძლიაო, თქვა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა მამუკა ყურაშვილმა. რაც შეეხება ავნევსა და ნიქოზს შორის გზის მშენებლობას, რის განახლებასაც დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალიც ეწინააღმდეგებოდა, როგორც მამუკა ყურაშვილმა გვითხრა,

[მამუკა ყურაშვილის ხმა] ”გზა გავახსნევინეთ კულახმეტოვს და სამუშაოები უკვე ტარდება, ბმპ-ეები შემოვიყვანეთ და გავხსენით.”

მანამდე, სანამ გზის მშენებლობის განახლებისთვის საქართველოს მხარე მძიმე ტექნიკას გამოიყენებდა, იყო სროლა; ამას გარდა, 500-მდე ქართველი ფრონეს ხეობიდან დროშებით დაიძრა შემოვლითი გზის მიმართულებით. აქციის მონაწილეები გენერალ კულახმეტოვს სთხოვდნენ გზა გაეხსნა და მშენებლებისთვის საშუალება მიეცა სამუშაოები ეწარმოებინათ. გავრცელებული ცნობებით, რუსი სამშვიდობოები სწორედ აქციის მონაწილეებმა აიძულეს გზა გაეხსნათ. რადიო ”თავისუფლებასთან” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განმარტა, თუ რატომ იყო და არის ცხინვალი შემოვლითი გზის მშენებლობის წინააღმდეგი:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”უკაცრავად, მაგრამ ოსური მხარეც იყო მომხრე გზის მშენებლობის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ გზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დანიშნულება უნდა ჰქონოდა. საქართველოს მხარე გზას სამხედრო მიზნებით აშენებს. ამიტომ, როცა სიტუაცია დაიძაბა, შევაჩერეთ მშენებლობა. და ამისთვის არ გამოგვიყენებია ბენზინი და მაზუთი. ბენზინი და მაზუთი არ გადაგვისხამს რუსეთის სამშვიდობო ძალების ტექნიკისთვის..”

ჩოჩიევი ამბობს, რომ ასე 28 ივნისს კონფლიქტის ზონის ქართული მოსახლეობა მოიქცა. ფრონეს ხეობაში შემოვლითი გზის მშენებლობა განახლებულია. ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიდის, საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლები მშენებლობის დასრულებამდე დარჩებიან.