“დაკარგული სამოთხე” – 70

ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”
დღეს იუბილარ ფილმს გავიხსენებთ. ესაა დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე”, რომლის პრემიერა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს – სტალინური რეპრესიების ხანას - დაემთხვა. ცენზურის გამკაცრების პირობებში მაღალი ხელოვნების ნიმუშის შექმნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დავით რონდელმა მაინც მოახერხა და დაასრულა ფილმი, რომელიც ქართული კინოს ოქროს ფონდში შევიდა. მინდა 1937 წელს გადაღებული “დაკარგული სამოთხის” შესახებ გიამბოთ.


დავით რონდელის ვაჟი, პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი გვთხოვს, რომ ქართული საბჭოთა კინოს ისტორიის შეფასების პროცესში გავითვალისწინოთ, როგორ პირობებში უხდებოდათ მუშაობა კინემატოგრაფისტებს. ფილმი არც სურათია და არც ლექსი, რომელიც შეიძლება რეალობისგან გამიჯნულად დაიხატოს ან დაიწეროს. მით უმეტეს, საბჭოთა ეპოქაში და, მით უმეტეს, გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა კრემლი არა მარტო ცენზორის როლს ასრულებდა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა სცენარის შექმნაში, მსახიობების დამტკიცებაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ტექნიკური მუშაკების შერჩევაშიც კი. ალექსანდრე რონდელის თქმით, სრულიად ბუნებრივია და არცთუ ისე “არაკორექტული” კინოში დასაქმებულ ამ ადამიანებს “შეშინებული თაობა” ვუწოდოთ:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ეს იყო შეშინებული თაობა. ერთხელ, მახსოვს, დაღონებული მოვიდა სახლში...მიშა კვესელავამ უთხრა, შეშინებული თაობა ხართო. დაღონებული... სხვათა შორის, თვითონაც კარგად ესმოდა, რა ხდებოდა... ეს შიში მეც გამომყვა. ამიტომ სულგრძელები უნდა ვიყოთ და როცა ამ ფილმებს ვაფასებთ, ასე უნდა შევხედოთ – ჩადეს თუ არა რამე ჩვენი კულტურის საგანძურში.”

მაგრამ რეპრესიების ეპოქაში “შეშინებულმა თაობამ” ხელისუფლების შიში და, ამავე დროს, მოწიწება განსხვავებულად გამოხატა. ერთნი პროპაგანდისტულ ფილმებს იღებენ “ხალხის მტრებსა” და მავნებლებზე, რომელთაც სურათის ბოლოს წარმატებით გაუსწორდებიან პარტიული მუშაკები, სხვები ისტორიულ კინოს აფარებენ თავს, თუმცა სქემა “მოღალატე და ხალხისთვის თავგანწირული მხედართმთავარი” ყველგანაა შენარჩუნებული. კინოჟანრი, რომელსაც რეჟისორები მაქსიმალურად არიდებენ თავს, კომედიაა – სტალინის იდეოლოგებს მკაფიოდ არა აქვთ ჩამოყალიბებული, თუ რაზე შეიძლება იქილიკოს კინემატოგრაფისტმა და რაზე არა. აქამდე დაშვებული იყო, მაგალითად, საბჭოთა ბიოროკრატებზე ქილიკი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” აკრძალეს, კინოკომედია “საშიშ ჟანრად” იქცა, ამიტომ სატირას, როგორც წესი, ყველა გაურბოდა. საბჭოთა კავშირის ცალკეულ რესპუბლიკებში, ფაქტობრივად, აიკრძალა ეროვნული ლიტერატურის კლასიკის ეკრანიზაციაც, რადგან აღმოჩნდა, რომ კარგი ლიტერატურა (ე.ი. კლასიკა) რეპრესიების იდეოლოგთა მიერ შემუშავებულ სქემებს არ ემორჩილება.

და სწორედ ამ დროს - მაშინ, როცა ადამიანების გადასახლება და დახვრეტა საბჭოთა ყოფის შემადგენელი ნაწილი გახდა - თბილისის კინოსტუდიაში დაიწყო ფილმის გადაღება დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით. “დაკარგული სამოთხის” რეჟისორად დავით რონდელი დაამტკიცეს – კინოში ლიტერატურიდან მოსული კაცი, რომელმაც 20-იან წლებში თავისი კრიტიკული წერილებით მიიქცია ყურადღება. მართალია, გიორგი მდივნის სცენარში არ არის გამოყენებული კლდიაშვილის რომელიმე ერთი, კონკრეტული მოთხრობა და, ფაქტობრივად, მხოლოდ მაჭანკლების სახელებია განმეორებული, კლდიაშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სატირული პათოსი შენარჩუნებულია; ყოველთვის სასაცილოა ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს ისტორიის კანონზომიერებებს, წინააღმდეგობას უწევს ისტორიას, წარსულზეა მიჯაჭვული და სიახლე აშინებს. ცხადია, ისტორიის კანონზომიერებებზე ფიქრიც კი საბჭოთა ცენზორებისთვის ძალზე საშიში იყო. 1937 წელს, როცა სურათი უკვე მზად იყო, თბილისის კინოსტუდიაში დიდი ბჭობა გაიმართა; დისკუსია, ცხადია, არ ეხებოდა ფილმის მხატვრულ ღირსებებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ რონდელს შინაარსობრივი აქცენტების შეცვლა მოსთხოვეს. “კანონზომიერება” ხომ არა მარტო ისტორიას აქვს – კანონზომიერია ნებისმიერი ადამიანის ქმედებაც... თუნდაც, ეგრეთ წოდებული “შემოდგომის აზნაურებისა” და იმ ხალხისაც, ვისაც მათი ადგილის დამკვიდრება სურს. როგორც ჩანს, დავით რონდელი ამ, ე.ი. “არაცნობიერის”, პლასტსაც შეეხო – ფილმიდან სასწრაფოდ ამოიღეს მიქელას სამოთხეში ყოფნის ამსახველი ეპიზოდები. ქართული კინოს ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს იყო ნამდვილი კინემატოგრაფიული შედევრი, რომელშიც დავით რონდელის მახვილგონივრული რეჟისორული ფანტაზია წარმოჩნდა:


[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ჩვენ ამ საბჭოთა ფილმებს ისტორიის კონტექსტში უნდა შევხედოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სურათები ტერორის პირობებშია გადაღებული. “დაკარგული სამოთხის” გადაღების დროს იჭერდნენ, რადგან მისმა ერთმა კოლეგამ დაწერა წერილი, რონდელი იღებს ფილმს თავადების შესახებო. კანკალებდა კაცი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არასწორია და ბერიაც კი განრისხდა და ფილმის მფარველი გახდა თვითონ, თან თანაავტორი, რადგან ამოჭრა რაღაცები და სტალინთან წაიღო.”

არავინ იცის, რა მოეწონა სტალინს დავით რონდელის ყოფით-სოციალურ კომედიაში - თანაც, როგორც ალექსანდრე რონდელი სამართლიანად შეგვახსენებს, იმ დროს, როცა ქვეყანაში ეგრეთ წოდებული “მცირეფილმიანობის ეპოქა” იწყებოდა. საეჭვოა, კრემლს ჯეროვნად დაეფასებინა მსახიობები, განსაკუთრებით ფულის შოვნის ვნებით ატანილი მიქელა კალმახელიძის როლის შემსრულებელი არკადი ხინთიბიძე, ანდა ფილმის მხატვარი დავით კაკაბაძე, რომელსაც სწორედ იმ დროს გაუჩნდა პრობლემები ცენზორებთან. ალექსანდრე რონდელის აზრით, ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ ჩასწვდა “დაკარგული სამოთხის” სატირას; დავით კლდიაშვილთან ხომ ფული და ქონება, რომელიც პერსონაჟების ქცევას და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს, ძალაუფლების სიმბოლოცაა. “დაკარგულ სამოთხეში” მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამიტომაც 70 წლის წინ გადაღებული ეს ქართული კომედია ეპოქის სულისკვეთებასაც ასახავს და დღესაც უაღრესად აქტუალურია.



[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ეს ისეთი პერიოდი იყო, რომ ფილმების გადაღება არ ხდებოდა, ამიტომ რეჟისორები ნებისმიერ ფილმზე თანხმდებოდნენ, ოღონდ რამე გადაეღოთ. მე კი ვეუბნებოდი, ეს რას იღებ- მეთქი, მაგრამ ოჯახი ხომ უნდა ერჩინა. საბჭოთა რეჟისორებზე ასე უნდა ვთქვათ: თავის კარიერაში ერთი ფილმის გადაღებაც თუ მოახერხა... უნდა დავაფასოთ.”

კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც 30-იანი წლების ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა - ფილმის სათაური. სიტყვა “სამოთხე” ირონიულ კონტექსტში აშკარად სახიფათო იყო... ფილმის გადაღების პროცესში ქვეყანაში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ხალხს კომუნიზმის აშენებას და კლასების გაუქმებას ჰპირდებოდა. “დაკარგულ სამოთხეში” კი ეს იდეა ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგებოდა. ალექსანდრე რონდელის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ “დაკარგული სამოთხის” გადაღებები განსაკუთრებით გაჭიანურდა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ტექსტი მოსკოვში თანხმდებოდა, ყოველი სიტყვა. კარგად მახსოვს, როგორ გამოიძახებდნენ ხოლმე ტელეფონით... ეუბნებოდნენ, ეს კარგია, რომ ასე იყოს, კარგია, რომ ეს პერსონაჟი გამოჩნდეს. რანაირ ხელოვნებაზეა ლაპარაკი?... ეს იყო ნორმა – ხან ისინი ჩამოდიოდნენ, ხან ესენი მიდიოდნენ. აბარებდნენ ფილმს, აბარებდნენ სცენარს – ეს იყო მუდმივი ცენზურა.”

ქართული კინოს კლასიკოსის ვაჟი ალესანდრე რონდელი ამბობს, რომ დავით რონდელს “დაკარგული სამოთხის” მსგავსი ფილმი აღარ გადაუღია. 60-იან წლებში ცენზურის ზეწოლა ისე არ იგრძნობოდა, როგორც 37 წელს, მაგრამ სწორედ “დაკარგული სამოთხე” გახდა დავით რონდელის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება. როგორც ჩანს, “შეშინებულ თაობას” შედევრების გადაღება შიშისა და ტერორის პირობებში უფრო ეხერხებოდა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “არ ეგონა, რომ ასე მალე მოხდებოდა. მაინც შიგა პრობლემებით ცხოვრობდნენ, ინფორმაცია არ ჰქონდათ... მე აგდებულად ვუყურებდი. ზოგი მისი ფილმი არც კი მინახავს, ერთი ორჯერ ეწყინა, რომ არ ვნახე მისი ფილმი. მაგრამ “დაკარგულ სამოთხეს” ყოველთვის ვუყურებ, რადგან იქ არის სატირა.”