აფხაზეთში საკურორტო სეზონი იწყება - როგორ მოემზადნენ ტურისტების მიღებისთვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში?

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საკურორტო სეზონი დაიწყო. გაგრასა და ბიჭვინთაში სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა უკვე შეუძლებელია,
- ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა ჩვენს კორესპონდენტს აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს თანამშრომელმა სატელეფონო საუბრისას. წელსაც, ისევე როგორც შარშან თუ შარშანწინ, დამსვენებლების ძირითადი ნაკადი აფხაზეთის ულამაზეს კურორტებზე რუსეთიდან ჩავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გაატარა ზომები დამსვენებელთა მომსახურების დონის ასე თუ ისე ასამაღლებლად. სოხუმში იმედი აქვთ, რომ აფხაზეთში დამსვენებელთა რიცხვი წელს მილიონს გადააჭარბებს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სიმშვიდე იქნა და აფხაზეთში დასვენების მოსურნე რუსეთის მოქალაქეები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემებს ვერ დაინახავენ.

შარშან აფხაზეთში საკურორტო სეზონი ლამის ჩაშალა ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, განვითარებულმა მოვლენებმა. ამ ზაფხულს სოხუმში გალის რაიონში ვითარების შესაძლო გამწვავება აშინებთ. ასეც რომ არ მოხდეს, მაინც ძნელი სათქმელია, გადააჭარბებს თუ არა წელს აფხაზეთში დამსვენებელთა რიცხვი მილიონს, როგორც ამას თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვარაუდობენ. ტრადიციულად, ზაფხულობით აფხაზეთის კურორტებზე საშუალოდ 60 000 რუსეთის მოქალაქე ისვენებს, დასასვენებლად კი აფხაზეთში, ძირითადად, რუსეთიდან ჩადიან. როგორც აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რუსეთის მოქალაქეებზე ჯერ კიდევ მაისის თვეში გაიყიდა 300-ზე მეტი საგზური გაგრასა და ბიჭვინთაში. აფხაზეთში საკურორტო სეზონს გახსნილად 10 ივნისიდან აცხადებენ. მოთხოვნილება უფრო ივლისის და აგვიტოს თვეებზეა, მაგრამ, როგორც აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს თანამშრომელმა გვითხრა, გაგრისა და ბიჭვინთის სასტუმროებში ნომრების შოვნა უკვე შეუძლებელია, ნომრები უკვე დაჯავშნულია:

[ტურისტული სააგენტოს თანამშრომლის ხმა] ”მინდა გითხრათ, რომ გაგრისა და ბიჭვინთის სანატორიუმებში ადგილები უკვე დაკავებულია. შეგვიძლია შემოგთავაზოთ დასვენება კერძო სექტორში. თუ დაიქირავებთ მთელ სახლს, ეს დღეში 1500-დან 2000 რუბლამდე დაგიჯდებათ, ხოლო თუ დაგაკმაყოფილებთ მხოლოდ ერთი ოთახი, ასეთ შემთხვევაში ერთი ადამიანის ცხოვრება დღეში 200-დან 500-მდე რუსული რუბლი ღირს.”

როგორც ხედავთ, ჩვენმა თანამოსაუბრემ გაგრასა და ბიჭვინთაში დასასვენებლად კერძო, საოჯახო სასტუმროები შემოგვთავაზა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეიტყო, რომ დასვენების პირობების განმარტება მას საქართველოს მოქალაქისთვის უწევდა.

[ტურისტული სააგენტოს თანამშრომლის ხმა] ” რა, თქვენ საქართველოდან გინდათ აქ ჩამოსვლა?! მინდა გითხრათ, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. საქართველოს მოქალაქეებს აქ არც დასასვენებლად უშვებენ და არც სხვა მიზნით. არ გირჩევთ. მე არ გეუბნებით, რომ ფიზიკურად გაგისწორდებიან, მაგრამ თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ...”

ვერაფერს ვიტყვით, სოხუმელმა ქალბატონმა გულწრფელად გაგვაფრთხილა.

აფხაზეთში მოქმედი ტურისტული სააგენტოები აფხაზეთის კურორტებზე რუსეთის მოქალაქეებს ეპატიჟებიან, მათთვის კი პირობები ზედგამოჭრილია: აფხაზეთში მოქმედებს რუსული ფული, იქ ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, ადლერის აეროპორტიდან აფხაზეთის ყველაზე დაშორებულ კურორტამდე - ოჩამჩირემდე - ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეს მხოლოდ 2 საათი დასჭირდება და, რაც მთავარია, აფხაზეთში დასვენება იაფია..

რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის კურორტებზე ერთხელ დასვენების შემდეგ სხვა კუთხისკენ გული აღარ მიუწევთ და ინტერნეტ-ფორუმებზე ერთმანეთს ასეთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ:

” შარშან აგვისტოს ბოლოს გუდაუთაში ვისვენებდი, სასტუმროში, რომელსაც ”ვოლგა” ჰქვია... ძალიან სასიამოვნო იყო, სუფთა ზღვა, ნორმალური პირობები ... არავინ დამიჯერებს, 350 რუბლი დღეში და სამჯერადი კვება. იქ გაისადაც აუცილებლად ჩავალ... ” - წერს ილიანოვსკელი ივასი.

” მე შარშან გაგრაში ვისვენებდი. ეს დედამიწის ის კუთხეა, სადაც ყველაფერი უნდა დაივიწყო და ცხოვრებით დატკბე. იქაურობა ისე მომეწონა, გადავწყვიტე დასასვენებლად არა მარტო ზაფხულობით, ზამთრობითაც ვიარო...” - ეს უკვე ვინმე ტატიანას ჩანაწერია. აფხაზეთში მას და მის თანამემამულეებს წელსაც ელიან..

ტურისტული სეზონისთვის მზადების პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლებამ საზოგადოებრივი კვების ადგილების შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ ასეთი ობიექტები სხვადასხვა კურორტებზე - მათ შორის, ახალ ათონში -მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ანქვაბმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს აფხაზეთში ტურისტებს მხოლოდ სათანადო სერტიფიკატების მქონე სერვის-ცენტრები უნდა მოემსახუროს.