რა რჩევებს აძლევს საქართველოს ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერი, ლიტვის ყოფილი პრემიერი, ანდრიუს კუბილიუსი?

საქართველოში სტუმრად იმყოფება ლიტვის სეიმის დელეგაცია, სეიმის ვიცე-სპიკერის ანდრიუს კუბილიუსის მეთაურობით.
ანდრიუს კუბილიუსი, რომელსაც წარსულში ლიტვის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, 29 მაისს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, 30 მაისს კი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდს ესტუმრა, სადაც ქართველ ექსპერტებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლაში ლიტვის უაღრესად საინტერესო გამოცდილებაზეც ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერს ინტერვიუ ჩამოვართვი.

როგორც უკვე ითქვა, ანდრიუს კუბილიუსი წარსულში ლიტვის პრემიერ-მინისტრი იყო. მის პოლიტიკურ კარიერაში იყო ოპოზიციის ლიდერობის ეტაპი, დღეს კი ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერია. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვას, ლიტვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე როგორ ახერხებდა მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ლავირებას, მოწინააღმდეგეებთან საერთო ენის გამონახვას, ის უპასუხებს: ”მე ვეპატიჟებოდი ჩემს ოპონენტებს ჩემთან კაბინეტში, ვხსნიდი ბოთლ ღვინოს და მერე ღიად, ძალიან ღიად ვლაპარაკობდით ჩვენს პრობლემებზე. ჩემთვის ნათელი იყო, რომ უნდა მომეძებნა კონსენსუსი და თავიდან ამეცილებინა კონფლიქტები.” ანდრიუს კუბილიუსი ლიტვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელმძღვანელობდა იდეით: ” ამომავლი მზე - ბიზნესს და ჩამავალი მზე -ბიუროკრატიას.” მას, დღეს უკვე ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერს, ჩვენ ვკითხეთ, რა მიზნით ჩამოვიდა მაისის მიწურულს საქართველოში და რა მსგავსებას ხედავს საქართველოს დღევანდელობასა და ლიტვის წარსულს შორის. ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერის აზრით, საქართველო დღეს იმ ეტაპს გადის, რომელიც მისმა ქვეყანამ 10-15 წლის წინ გაიარა:

[ანდრიუს კუბილიუსის ხმა] ”ჩვენი ვიზიტის მიზანია უფრო ახლოდან გავეცნოთ თქვენს რეალობას, რათა კიდევ უფრო უკეთ დავინახოთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და, საერთოდ, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას. ამისთვის ჩვენ ლიტვის პარლამენტში სპეციალური ცენტრიც კი დავაარსეთ, ცენტრი, რომლის მიზანი საქართველოსა და ლიტვას შორის საპარლამენტო გამოცდილების გაცვლაა. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვსურს დავეხმაროთ მას. თქვენ სწორად აღნიშნეთ: ნამდვილად არის მსგავსება საქართველოს დღევანდელობასა და ლიტვის 10 -15 წლის წინანდელ რეალობას შორის. ამიტომ ჩვენთვის ნათელია, რომ გვაქვს კარგი შესაძლებლობა საქართველოს, ჩვენი გამოცდილების გაზიარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი დახმარება გავუწიოთ. ”

ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერს ჩვენ ვთხოვეთ აეხსნა ბალტიისპირა სახელმწიფოების წარმატების საიდუმლო, ის, თუ როგორ მოახერხა ლიტვამ მოკლე დროში მიეღწია ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის, და ვკითხეთ, რას ურჩევს საქართველოს იმისთვის, რომ ნატოსკენ სავალი გზა მანაც წარმატებით გაიაროს.


[ ანდრიუს კუბილიუსის ხმა] ” ჩვენ გავხდით ნატოს წევრი, რადგან ეს ჩვენი სურვილი იყო. ლიტვაში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოაყალიბეს ერთიანი მიდგომა ამ სურვილთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავდა კარგი მეგობრები სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო სკანდინავიის ქვეყნები. მათი დახმარებით მივაღწიეთ იმას, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ ჩემი რჩევა საქართველოსადმი ასეთი იქნება - წარმატების საიდუმლოს საიდუმლოსაც ვერ ვუწოდებ: უნდა დაანახვოთ მსოფლიოს, რომ მზად ხართ ნატოში გასაწევრიანებლად და უნდა იმუშაოთ თქვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი იმ მეგობარ სახელმწიფოებთან, რომლებიც ნატოს შემადგენლობაში არიან. ”

ჩვენი შემდეგი შეკითხვა ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერთან მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკას ეხებოდა. როგორ, რა გზით შეუძლია პატარა სახელმწიფოს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა მიზეზიც მეზობელი დიდი სახელმწიფოა?


[ანდრიუს კუბილიუსის ხმა] ” პატარა ქვეყანა შეძლებს თავისი პრობლემების გადაჭრას, თუკი მას ჰყავს მეგობრები მსოფლიოში და არის ისეთი ორგანიზაციების წევრი, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მას პრობლემების გადაჭრაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახდეს ნატოს წევრი. ასეთ შემთხვევაში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაც გაცილებით ნორმალური იქნება. ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვეღარ შეძლებს იმის გაკეთებას, რასაც საქართველოსთან მიმართებით აქამდე სჩადიოდა. მართლაც , ძნელი სათქმელია საით მიდის რუსეთი. ესტონეთის წინააღმდეგ მისმა ბოლოდროინდელმა მოქმედებამ მართლაც სერიოზულად შეგვაშფოთა, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის ამგვარ ქმედებებს პოზიტიური შედეგებიც ახლავს: ევროპაში, ძველი ევროპის ქვეყნებში, პოლიტიკოსებს უადვილდებათ გაიგონ მთელი ამ წლების მანძილზე ასე ნერვიულად რატომ ვლაპარაკობთ რუსეთის პოლიტიკაზე. ”

ანდრიუს კუბილიუსს ვკითხეთ ისიც, თავის დროზე რატომ გადაწყვიტეს ლიტველებმა უსაფრთხოების გარანტიები სწორედ ნატოში ეძებნათ, რატომ აიღეს კურსი ნატოსკენ.

[ ანდრიუს კუბილიუსის ხმა] ” ჩვენთვისაც და თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ნატოში გაწევრიანების გარეშე უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობდით თავს. მეორე მხრივ, ნატოს წევრობა ითხოვს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი სტანდარტების მიღწევას, როგორსაც ნატოს წევრი ქვეყნები აჩვენებენ. აქ არ უნდა ვიგულისხმოთ მარტო სამხედრო სტანდარტები. მოთხოვნა ეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, პარლამენტარიზმს, პოლიტიკურ კულტურას, მთავრობის კონტროლს და ასე შემდეგ. როცა საქართველო ცდილობს გახდეს ნატოს წევრი, ეს ავალდებულებს მას თავისი შიდა ცხოვრება შესაბამისობაში მოიყვანოს ნატოს წევრი ქვეყნების ცხოვრებასთან.”