ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ბრალდებული რუსი საქმოსანია

ბრიტანელმა გამომძიებლებმა წარადგინეს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლის საქმის დასკვნა,
რომლის მიხედვითაც, საქმე უნდა აღიძრას რუსეთის ერთი მოქალაქის მიმართ. ეს ცნობა კიდევ უფრო მეტად ავნებს ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმემ ისედაც დაძაბა.
ბრიტანეთის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა კენ მაკდონალდმა ლონდონში, პრესკონფერენციაზე, განაცხადა, ახლა გამომძიებლებს საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები აქვთ იმისათვის, რომ საქმე აღიძრას ანდრეი ლუგოვოის მიმართო:

(მაკდონალდის ხმა)
“ჩემი დღევანდელი დასკვნით, პოლიციის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი საბუთი საკმარისია ანდრეი ლუგოვოის დადანაშაულებისათვის ალექსანდრ ლიტვინენკოს საწამლავით წინასწარ განზრახულ მკვლელობაში. ასევე დავასკვნი, რომ ამ საქმის გამოძიება აშკარად საზოგადოების ინტერესებშია.”

ლიტვინენკო ლონდონის საავადმყოფოში დაიღუპა 23 ნოემბერს იშვიათი რადიაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმ 210-ით, მოწამვლის შედეგად. ნოემბრის პირველში, იმ დღეს, როცა ლიტვინენკომ თავი შეუძლოდ იგრძნო, მან ჩაი დალია ლონდონის სასტუმრო “მილენიუმში”. მასთან ერთად იყვნენ ლუგოვოი და “კა-გე-ბეს” სახელით ცნობილ საბჭოთა უშიშროების კომიტეტში მისი ყოფილი თანამშრომელი დმიტრი კოვტუნი. კვლევამ დაადასტურა ჩაის ჭიქაზე რადიაქტიური ნივთიერების აშკარა კვალი, სასტუმროს თანამშრომლებს კი საწამლავის დაბალი დოზა აღმოაჩნდათ. ორივე - როგორც ლუგოვოი, ისე კოვტუნი - საქმესთან კავშირს უარყოფს.
ლუგოვოი, შეგახსენებთ, რუსი საქმოსანია. მასზე წერენ, რომ მდიდარია და ადრე რუსეთის საიდუმლო სამსახურთან იყო დაკავშირებული. როცა მისი სახელი პირველად გაისმა ლიტვინენკოს მკვლელობასთან კავშირში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, ლუგოვოი ჩემი ახლო მეგობარია, 13 წელიწადი ერთად ვმუშაობდითო, და მაშინვე იმედი გამოთქვა, რომ მკვლელობასთან მას არ ექნებოდა საქმე. ბრიტანელი გამომძიებლები ახლა აცხადებენ, რომ შეეცდებიან მიაღწიონ ბრიტანეთისთვის ამ ეჭვმიტანილის გადაცემას. მოუსმინეთ ბრიტანეთის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს კენ მაკდონალდს.

(მაკდონალდის ხმა)
“ განკარგულება გავეცი, ჩემი უწყების ადვოკატებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ზომებს, რათა ანდრეი ლუგოვოი რუსეთმა მალევე გადასცეს ბრიტანეთს მისთვის მკვლელობის ბრალდების წასაყენებლად. ის დროულად უნდა წარდგეს ლონდონში სასამართლოს წინაშე და გასამართლდეს ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.”

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგარეტ ბეკეტი მოსკოვისგან ლუგოვოის გადმოცემის საქმეში “სრულ თანამშრომლობას” მოელის. მაგრამ, სავარაუდოდ, ლუგოვოის გასამართლება იოლი საქმე არ იქნება. მოკლული ლიტვინენკო პრეზიდენტ პუტინს მწვავედ აკრიტიკებდა და სიკვდილის წინაც ის დაადანაშაულა თავის მკვლელობაში. მოსკოვი ბრალდებებს თავიდანვე არასერიოზულს უწოდებდა. ამ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ის არ გადასცემს ბრიტანეთს ამ საქმეში ეჭვმიტანილებს. რუსეთის კონსტიტუცია არ ცნობს ამ ქვეყნის მოქალაქეების უცხოეთისთვის გადაცემას; ამასთან, ამ ორ ქვეყანას არა აქვს შეთანხმება ექსტრადიციის თაობაზე; უფრო მეტიც, რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ამ სფეროში დაძაბულობაა რუსეთის მიერ ორი ძებნილის, საქმოსან ბორის ბერეზოვსკისა და ჩეჩნეთის სეპარატისტული მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის, პრობლემის გამო. ეს ორი პირი ლიტვინენკოს მეგობარიც იყო.
ახლა მოელიან, რომ ბრიტანეთის საგამოძიებო სამსახურის დღევანდელი განცხადება რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობას გაამწვავებს.
დაბოლოს, მოუსმინეთ მოსკოვში დაფუძნებული “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ევგენი ვოლკს.

(ვოლკის ხმა)
“გარდაუვალია რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობის გართულება. ლუგოვოის გადაცემაზე კატეგორიულ უარს ბრიტანეთი უარყოფითად მიიღებს, ეს მკვლელის დამალვის მცდელობად იქნება აღქმული. რუსეთში ამ საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ. ის, რომ ბრიტანეთის მედიამ ამ საქმეს დიდი ყურადღება მიაქცია, აქ მიჩნეულია რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის უარყოფითად წარმოდგენის მცდელობად.”

ბრიტანეთის გაზეთმა “News Of The World”-მა გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკეტი ზეწოლას ახორციელებდა გამომძიებლებზე, რათა საქმე მიეჩუმათებინათ და არ დაედანაშაულებინათ ლუგოვოი და კოვტუნი, რაც უთუოდ კრემლის გულისწყრომას გამოიწვევდა. თუმცა ეს ცნობა სამინისიტრომაც და გამოძიებამაც უარყო.