ყოფილი პარლამენტარის, ლიდერის საზოგადოებრივი მოძრაობისა ”ენა, მამული, სარწმუნოება”,
აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ბუნდოვანი ვერსიები ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მკვლელობის დღეს, 20 მაისს, ღამით, გავრცელდა ცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერს მალევე გამოაქვეყნებდა, მაგრამ 21 მაისს ეს ჩანაწერი არ გავრცელებულა. დღის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არც მკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით გაკეთებულა. კომენტარები პოლიტიკოსებმა გააკეთეს. მათი ნაწილი გურამ შარაძის მკვლელობას შეკვეთილს და პოლიტიკურს უწოდებს.
აკადემიკოსი გურამ შარაძე, ლიდერი საზოგადოებრივი მოძრაობისა ”ენა, მამული, სარწმუნოება”, 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირისა და შანიძის ქუჩის გადაკვეთაზე, დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთზე მოკლეს. გურამ შარაძეს ქუჩაში ქვეითად მიმავალს ესროლეს. ეჭვმიტანილი მკვლელობიდან დაახლოებით ნახევარ საათში დააკავეს. 29 წლის გიორგი ბარათელმა დანაშაული აღიარა. დაკავების მომენტში ის დაიჭრა, რის გამოც 21 მაისის შუადღემდე საავადმყოფოში იყო მოთავსებული. გიორგი ბარათელის ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ისეთი, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა დაკითხვაში. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსიის გავრცელებამდე მმართველ ძალაში მომხდარის თაობაზე კომენტარის გაკეთებას თავს არიდებენ და პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებენ საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გურამ შარაძის მკვლელობას შეკვეთილი და პოლიტიკური უწოდეს.
ასეთი შეფასებები ”ახალი მამერჯვენეების” წარმომადგენლებმა გააკეთეს, მათთან ერთად კი ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ:
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ” მკვლელობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ამაში ორი აზრი არ არსებობს. როცა 13 წლის ბავშვებს კლავენ, როცა კლავენ მეცნიერს და პოლიტიკოსს, ვინღაა დაცული ამ ქვეყანაში? ”
ქვეყანაში გახშირებულ მკვლელობებზე, მძიმე კრიმინალურ ფონზე პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, იმსჯელეს. ბიუროს სხდომაზე შედგა კამათი იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად მიზანშეწონილი იყო გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მომხდარის პოლიტიკასთან დაკავშირება. გურამ შარაძის მკვლელობა დაგმო და მის ოჯახს მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარემ; ოდნავ მოგვიანებით შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და პრეს-სპიკერმა დიმიტრი ქიტოშვილმა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი გმობს მკვლელობის ფაქტს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
ამას გარდა, ქიტოშვილმა აღნიშნა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე გახსნილია და რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გაამკაცრებს კრიმინალთან ბრძოლას.
რა მოტივით იქნა მოკლული აკადემიკოსი გურამ შარაძე, რამდენად აქვს საფუძველი
ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, რომ გურამ შარაძე პოლიტიკამ იმსხვერპლა? ამ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 21 მაისს გავრცელებული ცნობით, პოლიციამ იცოდა, რომ ბარათელი გურამ შარაძეს ემუქრებოდა, რის გამოც მკვლელობის დღეს, დილით, პოლიციელები ბარათელს ეძებდნენ კიდეც.
ცნობილია ისიც, რომ ეჭვმიტანილი წლების წინ მეგობრულ ურთიერთობაში იყო გურამ შარაძის შვილთან, გიორგი შარაძესთან (ისინი ერთად მუშაობდნენ სტუდია ”აუდიენციაში” ) და რომ მოგვიანებით მათ შორის მოხდა უთანხმოება. რატომ დაიგეგმა და განხორციელდა 67 წლის აკადემიკოსის მკვლელობა, თანაც ასე ღიად? საზოგადოება ელის ამ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას...
21 მაისს ეჭვმიტანილის დაკითხვა დაიწყო. ამავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ დაახლოებით 15 დღის წინ გიორგი ბარათელმა საკუთარ მკურნალ ექიმს ესროლა. ბარათელი ნასამართლევია.