რუსეთის წარმომადგენელი მოლაპარაკების პროცესში დიმიტრი სანაკოევის ჩართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე
რუსეთის მხრიდან იური პოპოვი მიზანშეუწონლად მიიჩნევს მოლაპარაკებათა პროცესში დროებითი ადმინისტრაციის უფროსის დიმიტრი სანაკოევის ჩართვას. აღნიშნულის შესახებ პოპოვმა 16 მაისს თბილისში განაცხადა. იური პოპოვი ოთხშაბათს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძეს შეხვდა, რის შემდეგაც შეხვედრები უკვე ცხინვალში დაგეგმა. მოგითხრობთ თბილისში გამართული შეხვედრის შესახებ და იმაზეც, თუ რამდენად განსხვავდება კონფლიქტის მოწესრიგების საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების მიდგომის მიმართ რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების დამოკიდებულება.

დე ფაქტო პრეზიდენტ კოკოითისთან მოლაპარაკებით რეგიონში დაძაბულობის შემცირება და ცხინვალთან მისასვლელი გზების გახსნის თაობაზე მისი დაყოლიება - ასე ახსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა საქართველოში და, კერძოდ, ცხინვალში ვიზიტის მიზნები. მაგრამ ცხინვალში გამგზავრებამდე მას თბილისში ჰქონდა შეხვედრები. სწორედ თბილისში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მერაბ ანთაძესთან შეხვედრის შემდეგ უწოდა პოპოვმა მიზანშეუწონელი ოფიციალური თბილისის მცდელობას მოლაპარაკებათა პროცესში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ჩართოს:

[იური პოპოვის ხმა] ”სანაკოევი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ მას კონფლიქტის მხარედ არ მივიჩნევთ. თბილისში დავსახეთ შემდგომი საუბრის ძირითადი გზები. ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კი შევეცდებით ქართული და ოსური მხარეების პოზიციებს შორის შეხების წერტილები მოვძებნოთ, ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ სიტუაციის განმუხტვას და გზების გახსნას.”

გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ იური პოპოვს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ რუსეთის მხარე ასეთი შეხვედრისთვის მზად არ არის. რაც შეეხება დანარჩენს, მერაბ ანთაძის აზრით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ვიზიტი საქართველოში, კერძოდ, ცხინვალში, მთლიანობაში გაარკვევს რას აპირებს რუსეთი ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით - აპირებს ცნობილი პოზიციის შენარჩუნებას თუ თავის - როგორც შუამავლის -მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს მხარე რუსეთს სწორედ ამ ვალდებულებების შესრულებას სთხოვს, კერძოდ: კონფლიქტის ზონაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლას, იარაღის ამოღებას და იმ შემოვლით გზებზე კონტროლის განხორციელებას, საიდანაც კონფლიქტის ზონაში რუსეთიდან შეიარაღება შემოდის - ლაპარაკია ძარის შემოვლით გზაზე. მაგრამ პოპოვი ცხინვალში ბოლო პერიოდში შექმნილი დაძაბულობის თაობაზე მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრა და კოკოითიმაც სტუმარს რუსეთიდან კონფლიქტის ზონაში გზების გახსნის გადაწყვეტილება შეაგება. ”სადაც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, იქ გზები გავხსენით. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და არა საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის შედეგიო,” - თქვა მან. კოკოითიმ ცხინვალისკენ გზების ბლოკირება რამდენიმე დღის წინ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დიმიტრი სანაკოევის დანიშვნის საპასუხოდ მოახდინა. გზები სწორედ იმ დღეს ჩაიკეტა, როცა სანაკოევმა საქართველოს პარლამენტს ასეთი სიტყვებით მიმართა:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ოს ხალხს ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი. ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ მსოფლიო მხოლოდ ძალადობის კერად გვიცნობდეს, კონფლიქტის ზონიდან სამხრეთ ოსეთი უნდა იქცეს მშვიდობის და ტურიზმის კერად. ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა, ჩვენი დღევანდელი მიზანი, შევქმნათ ახალი ოსეთი , ძლიერი და ლაღი, ძალადობისგან თავისუფალი, თავისუფალი ხალხის ოსეთი!”

საქართველოს ხელისუფლების მცდელობა მოლაპარაკება აწარმოოს დიმიტრი სანაკოევის მოძრაობასთან, როგორც ოსი ხალხის მოძრაობასთან, დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა და, ამას გარდა, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, რუსეთის მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მოლაპარაკებათა პროცესში სანაკოევის ჩართვას.