14 მაისს რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბ-ბინას ესტუმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში.
პარლამენტის სპიკერმა წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით "გრძელი და დაკლაკნილი გზა: საქართველოს დაბრუნება ევროპაში", შემდეგ კი ინტერვიუ მოგვცა ჩვენ, რადიო "თავისუფლების" ქართულ სამსახურს. მოისმინეთ ამ ინტერვიუს ჩანაწერი. ნინო ბურჯანაძეს დავით კაკაბაძე ესაუბრება.
რადიო "თავისუფლება": პირველი შეკითხვა თქვენს ვიზიტთან იქნება დაკავშირებული. ჩეხეთი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ "ახალ ევროპას", ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპის კავშირში შედარებით ახლახან გაწევრიანდნენ. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, სწორედ ამ "ახალი ევროპის" ურთიერთობა არის განსაკუთრებით ინტენსიური. რაში გამოიხატება კონკრეტულად ეს განსხვავება "ახალი ევროპისა" და "ძველი ევროპის" დამოკიდებულებისა საქართველოს მიმართ და რაში ხედავთ თქვენ პრაქტიკულ დახმარებას ამ ქვეყნების მხრიდან?
ნინო ბურჯანაძე: მართლაც, ჩვენ ძალიან ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ჩეხეთი, განსაკუთრებული პარტნიორობა გვაქვს. ამ ქვეყნებს გაცილებით უკეთ ესმით ის პრობლემები და ის სირთულეები, რაც საქართველოსნაირი ქვეყნების წინაშე დგას. ხანდახან ჩვენ გვჭირდება ხოლმე "ძველი ევროპელებისათვის" ახსნა, რატომ გვაქვს ესა თუ ის პრობლემა, რატომ ჭირს ამა თუ იმ პრობლემის გადალახვა, რატომ გვირთულდება ურთიერთობა ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოსთან და რა არის მთავარი პრობლემები, ვთქვათ, იგივე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ჩეხეთთან და, ვთქვათ, იგივე პოლონეთთან, ბულგარეთთან, ბალტიის სახელმწიფოებთან, ჩვენ ამის ახსნა ნაკლებად გვჭირდება და ძალიან სერიოზული ლობისტები და მხარდამჭერები გვყავს ამ სახელმწიფოების სახით. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ვისარგებლო თქვენი ეთერით, ჩეხეთს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ჩეხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენ არაერთხელ მიგვიღია ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, ეს იქნებოდა საპარლამენტო განცხადება თუ ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერა და იგივე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოების, მათ შორის ჩეხეთის აქტიურ ძალისხმევას და მხარდაჭერას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რადიო "თავისუფლება": თქვენ ნატოში გაწევრიანება ახსენეთ. 16 მაისს ბრიუსელში მოეწყობა განხილვა იმისა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში. რას ელით ამ განხილვისგან? რამდენად რეალისტურია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს "გაწევრიანების სამოქმედო გეგმას", ეგრეთ წოდებულ MAP-ს?
ნინო ბურჯანაძე: უპირველეს ყოვლისა, მინდა მართლაც სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ადამიანებისათვის ეს არის სტაბილურობის, უსაფრთხოების და შემდგომი დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიის შეუქცევადობის გარანტი. ანუ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის პოლიტიკური ერთობა, რომელიც დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ძალასა და ფრაქციას შორის, როდესაც პარლამენტმა მიიღო მემორანდუმი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 160 ხმით ერთხმად გავიდა ეს მემორანდუმი და ვთვლი, რომ ოპოზიციური და სახელისუფლებო ძალების ერთობას ასეთ პრინციპულ, მნიშვნელოვან საკითხებში, მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე ძალიან სერიოზული მაჩვენებელია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. 16-ში, 16 მაისს, იმ ღონისძიებაზე, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, მე ნამდვილად ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ იქნება პოზიტიური შეფასება IPAP-ის შესრულებისა. "ინტენსიური დიალოგის" ფაზაში ახლა ჩვენ ძალიან "აქტიურად" ვთანამშრომლობთ, ძალიან მოტივირებულია ხელისუფლებაც და თითოეული ადამიანიც, რომ ყველა ეს ვალდებულება სწრაფად შესრულდეს და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, მაქსიმუმ გაისად გაზაფხულზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ნოემბერშიც ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით, MAP-ი საქართველომ უნდა მიიღოს. სამართლიანობა ასე მოითხოვს, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს საშინაო დავალებას კარგად ვასრულებთ ყველა მიმართულობით.
რადიო "თავისუფლება": და რაკი ნატოში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ რუსეთს. რუსეთი ძალიან ეწინაამღდეგება საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. მე მაინტერესებს, რა ბერკეტები აქვს დღეს რუსეთს ისეთი, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?
ნინო ბურჯანაძე: მართალი ბრძანდებით, რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს და იქამდე, რომ არ მოერიდათ პირდაპირ ულტიმატუმის დაყენება, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თქვენ გახსოვთ ლავროვის განცხადება. ეს სრულიად აღმაშფოთებელი განცხადება იყო, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაც მოჰყვა, იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და საქართველო თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს და რომელში არა. მით უმეტეს, რომ, რა თქმა უნდა, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროვოკაცია და რეალურად ნატოში საქართველოს გაწევრიანება ნამდვილად არ უქმნის არავითარ საფრთხეს რუსეთს. ეს არის, უბრალოდ, მცდელობა, რომ ადამიანები, რუსეთის მოსახლეობა, შეიყვანონ შეცდომაში და გაამართლონ ის ანტიქართული და ანტიდასავლური პოლიტიკა, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს რუსეთი ატარებს. რა მექანიზმი აქვს? რეალური მექანიზმი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს იმიჯის შელახვა და ამის მცდელობები მას არაერთი ჰქონია. თუნდაც გაუთავებელი ძახილი იმაზე, რომ საქართველო აპირებს ომს, რომ საქართველო ემზადება ომისათვის, რომ შეიარაღებას ამზადებენ ომისათვის. ჩვენ ვემზადებით ომისათვის, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა. თქვენ იცით ეს გამონათქვამი ძალიან კარგად: "თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის". ამიტომ ჩვენი მზადება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველოს ჯარი გახდეს ისეთივე სტანდარტების დონეზე, როგორიც ეს არის ნატოს სხვა სახელმწიფოებში, იყოს ისეთი ჯარი, რომელიც სურვილს დაუკარგავს პროვოკატორებს, რომ რაიმენაირი პროვოკაცია მოაწყონ. რაც შეუძლია რუსეთს ნამდვილად გააკეთოს, ეს არის რაიმე კონფლიქტის პროვოცირება, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე პროვოცირება. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში იყო ბატონი სანაკოევი იმ სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარუდგინა საერთაშორისო თანამეგობრობას. არსებობს სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით და ჩვენ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონფლიქტები მშვიდობიანად დარეგულირდეს.
რადიო "თავისუფლება": თქვენ არ გიხსენებიათ ენერგეტიკული ბერკეტი, რომელიც ასევე არსებობს, უდავოდ, და რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს, - ბოლო ხანს განსაკუთრებით - დაეუფლოს ამ ენერგეტიკულ ბერკეტებს, სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს მიმართებით, არამედ დასავლეთ ევროპაშიც კი ძალიან ძლიერია რუსეთის გავლენა, მოგეხსენებათ, ამ სფეროში. სულ რამდენიმე დღის წინ პარალელურად გაიმართა ორი ენერგეტიკული სამიტი, ერთი შუა აზიაში, ერთი - პოლონეთში. კრაკოვის სამიტში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტიც და იქ ელოდნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ჩასვლას, მაგრამ მან მხოლოდ თავისი წარმომადგენელი გაგზავნა - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რამდენადაც ვიცი. რამდენად დიდი დარტყმა იყო ეს კრაკოვის სამიტისთვის? სხვათა შორის, პოლონეთის პრეზიდენტმა შენიშნა, ახლა მაინც ხომ დაინახეთ, რამდენად მნიშნელოვანია ჩვენი სამიტიო, რადგან პუტინი საგანგებოდ ჩავიდა შუა აზიაში, რომ ნაზარბაევი არ გამოეშვა ჩვენთანო. ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი იყო, ალბათ, მაგრამ რამდენად დიდია სიმართლის მარცვალი ამ ნათქვამში?
ნინო ბურჯანაძე: ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ევროპამ კარგად უნდა გაითვითცნობიეროს, რომ ის რეალურად მართლაც არ არის ენერგეტიკულად დაცული და დამოკიდებულია აბსოლუტურად ერთ წყაროზე, რაც სრულიად მიუღებელია და ეს აჩვენა საქართველოში გაზის კრიზისმა, უკრაინაში გაზის კრიზისმა... ბელორუსიასთანაც კი რუსეთის კრიზისმა. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ევროპას, რომ მან აქტიურად გამოიყენოს სხვა ალტერნატიული გზებიც, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ლაპარაკობს რუსეთის გზების ბლოკირებაზე ან დახურვაზე. ბუნებრივია, პოლონეთის სამიტი ბევრად უფრო წონას შეიძენდა, რომ ყოფილიყო იქ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორიც არის ნაზარბაევი, თუმცა ბატონმა ნაზარბაევმა თავიდანვე განაცხადა, რომ რუსეთის ჩართვის მომხრე იყო ამ პროცესში, რაც თავისთავად უკვე გამორიცხავდა რეალურად ამ სამიტის ძირითადი არსის განვითარებას. მაგრამ მე მგონია, რომ ბატონი ნაზარბაევი იმდენად ჭკვიანი პოლიტიკოსია, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთანაც გარკვეული პოზიციების შენარჩუნება, მაგრამ ამავდროულად არც ყაზახეთი არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული რუსული ტრანსპორტირების შესაძლებლობებზე. ის, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა სხვა ალტერნატიული გზა დაბლოკოს და ყველა ზომას მიმართავს ამისათვის, კიდევ ერთი არგუმენტია პოლონეთის პრეზიდენტის თქმისა არ იყოს, რომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ევროპამ იმისათვის, რომ სხვა გზებიც გაიხსნას.
რადიო "თავისუფლება": ქალბატონო ნინო, ჩვენ ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობდით აქამდე. ბოლოს საშინაო პოლიტიკასაც მინდა შევეხო მოკლედ, კერძოდ, მინდა გკითხოთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ახლახან მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ. მას მერე, რაც ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, სიტუაცია ცხინვალის რეგიონში დაიძაბა, იქ გზები გადაიკეტა, სროლა იყო, დაიჭრა ხალხი ორივე მხარეს... როგორია თქვენი პროგნოზი, რამდენად მალე შეიძლება გამოსწორდეს მდგომარეობა? და მეორე ასპექტი, რომელიც არანაკლებ საინტერესოა, თვით დიმიტრი სანაკოევის ფიგურა გახლავთ. რამდენად დიდი მხარდაჭერით სარგებლობს დიმიტრი სანაკოევი თვით ოსურ მოსახლეობაში? რადგან უამისოდ ალბათ შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი.
ნინო ბურჯანაძე: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე ასევე მოხარული ვარ, - ისევე, როგორც ნატოს მემორანდუმთან დაკავშირებით - რომ ამ იდეას, დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის იდეას, მხარი დაუჭირა საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ: ოპოზიციამაც, ხელისუფლებამაც. ბატონი სანაკოევის გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ იარაღით ხელში იდგა ბარიკადების მეორე მხარეს, და ადამიანი, რომელმაც დაინახა, რომ ის გზა იარაღით ხელში ბარიკადთან დგომის, არის გზა ჩიხისკენ და არაფერი კარგის მოტანა ამ გზას არც ოსი და არც ქართველი ხალხისთვის არ შეუძლია. მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, შემიძლია გითხრათ, და ის პროვოკაციები - გზების გადაკეტვა, ისტერია, რომელშიც ახლა კოკოითია და მისი ხელისუფლება ჩავარდნილი, და მისი მხარდამჭერები, კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, როგორ ეშინიათ მათ ამ ძალის. ეშინიათ იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ სანაკოევი და მისი მოძრაობა იკრებს ძალას, იკრებს ენერგიას, და რომ ისინი მართლაც ძალიან სერიოზულ პოზიტიურ ძვრებს შეიტანენ რეგიონში. რაც შეეხება კოკოითის მიერ გზების გადაკეტვას, მე აფეთქებული ხიდებიც მახსოვს და როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი ვისთვის, ესეც ძალიან კარგად მახსოვს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ კოკოითი თავად იჭრის უკან დასახევ გზებს და თავად აგდებს თავის თავს ჩიხში.