11 მაისს საქართველოს სახალხო არტისტს,
არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატს, კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას 70 წელი შეუსრულდა. კოლეგები, კინოს ისტორიკოსები გიორგი შენგელაიას 60-იანელთა სიმბოლოდ მიიჩნევენ. მათ მიაჩნიათ, რომ შენგელაიას ფილმი ”ალავერდობა” - ქართველ 60-იანელთა თავისებური მანიფესტი, დღეს ზუსტად ისევეა აქტუალური, როგორც 1962 წელს, როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. ამ მოსაზრებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილიც ემხრობა.
ერთი სიტყვა, რომელიც სრულიად საკმარისია გიორგი შენგელაიას შემოქმედების, თუ გნებავთ, მისი პიროვნების დასახასიათებლად - ”მეამბოხე”. 60-იანი წლების დასაწყისში ალექსანდრ დოვჟენკოს მოწაფემ ამბოხით დაიწყო... მერე კი, რაც არ უნდა გაეკეთებინა, როგორ ჟანრშიც არ უნდა ემუშავა - მიუზიკლი იქნებოდა ეს, როგორც ”ვერის უბნის მელოდიები”, ხალხურ მოტივებზე აგებული სათავგადასავლო ფილმი, როგორც ”ხარება და გოგია” თუ ეროტიკული კომედია, როგორც ”სიყვარული ვენახში”, გიორგი შენგელაიას სიმპათია ყოველთვის მეამბოხეების მხარეს იყო.
"თანდათან ვივსები ჟინით", "წამით მაინც გამოვაფხიზლებ მათ მოდუნებულ ვნებას" - "ალავერდობის" გმირის მონოლოგი იმდენად ტიპიურია საბჭოთა "სამოციანელებისთვის", რომ ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორებად შეიძლება მოვიაზროთ არა მარტო რევაზ ინანიშვილი, რომელმაც "ალავერდობის" სცენარი დაწერა, არა მარტო მხატვარი გოგი ოჩიაური და კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი, ქართული ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, არა მარტო მთავარი როლის შემსრულებელი გეიდარ ფალავანდიშვილი, სილამაზისა და ვაჟკაცობის იმდროინდელი ეტალონი... ასეთ მონოლოგს, სხვადასხვა ფორმით - ლექსი იქნებოდა ეს, ფილმი თუ მხატვრების გამოფენა, რომელსაც ერთხელ ხრუშჩოვის ხელისუფლების ბულდოზერმა გადაუარა - იმხანად ყველა ხელოვანი წარმოთქვამდა. მაგრამ გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოში სხვებს დაასწრო. მისი გურამი დროებით ურღვევს კომფორტს დეგრადირებულ ბრბოს, აფხიზლებს მიძინებულ მასას - ყველაზე საშიშ, ყველაზე სასტიკ ძალას... ხრუშჩოვის ბულდოზერებზე უფრო ძლიერსა და ულმობელს... ალავერდის ტაძრის გუმბათზე ადის, იქიდან გადმოსძახებს ქვეყანას, რომელსაც არაფერი ადარდებს.
[ხმა: ”ალავერდობა”. არქივი, 10 ნოემბერი, 2003 წელი, ”ოქროს საუკუნე”]
[თეო ხატიაშვილის ხმა] ”მეამბოხე... ჰო, რა თქმა უნდა... 60-იანი წლების კინოში ასეთი გმირი, სიმპტომატურია, რომ ჩნდება... თუმცა იმავე შენგელაიას შემდგომ ფილმებში, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის არის მთავარი გმირი, დაპირისპირებული საზოგადოებასთან, ნონკონფორმისტი, ამბოხის პოტენციას გმირი კარგავს და უფრო გარიყულია, მაგალითად, ”ფიროსმანში”, სადაც გმირს თითქოს აღარ აქვს ბრძოლის უნარი.”(სტილი დაცულია)
ეს კინომცოდნე თეო ხატიაშვილია, რომელმაც გიორგი შენგელაიას ფილმებს არაერთი რეცენზია მიუძღვნა. მისი თქმით, გიორგი შენგელაიას მეამბოხე ბუნებაზე საუბრისას ხშირად ავიწყდებათ, რომ ”ალავერდობა” და ”ფიროსმანი” სიცარიელეში არ შექმნილა. ეს თაობა,პირველ რიგში, 20-იანი წლების ქართულ ავანგარდს დაესესხა და 20-იანი წლების რეჟისორებივით დადგა არჩევანის წინაში - ბრძოლა თუ რეალობიდან გაქცევა, პოლიტიკა თუ ხელოვნების სამყაროში შეღწევა და თავის დაცვა - თემა, რომელიც ყველაზე ძლერ ვლინდება გიორგი შენგელაიას ფილმში ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”.
[თეო ხატიაშვილის ხმა] ”მნიშვნელოვანი იყო არა მარტო პათოსი ახალგაზრდა რეჟისორების, რომლებიც ცდილობდნენ არ ”ჩაწერილიყვნენ” საბჭოთა ნაციაში, არამედ ის, რომ მათ გაიხსენეს ყველაზე მთავარი კინოში - გამოსახულება, რომელიც მივიწყებული იყო ტოტალიტარული რეჟიმის კინოში.”
გამოსახულების სიმდიდრე მაყურებლისადმი ნდობასაც ნიშნავს. გიორგი შენგელაია ამ ნდობას არასდროს კარგავს. ქართული კინოს ისტორიაში ძნელია გაიხსენო სხვა ხელოვანი, რომელსაც ასე უყვარდეს ექსპერიმენტი და განსხვავებულ ჟანრში, თუ გნებავთ, სტილში მუშაობა... შეიძლება ითქვას, რომ ეს საკუთარი თავის მიმართ ამბოხიცაა - იგი არასდროსაა კმაყოფილი მიღწეულით. ამიტომაცაა, ალბათ, ერთდროულად სიმბოლო თავისი თაობისა და მარად ახალგაზრდა ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად ახალ თაობასთან ურთიერთობა უყვარს.
[თეო ხატიაშვილის ხმა] ”ალავერდობის” გმირი, გარკვეული თვალსაზრისით, კრებითი სახე იყო ამ თაობისა... რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფალავანდიშვილიც პოპულარული იყო ამ თაობაში... და ეს გაუკუღმართებული საზოგადოება, სადაც ტრადიცია იქცევა ერთგვარ ფეტიშად და სადაც ცხოვრება ინერციით მიდის, სადაც აღარ არის სულიერება, რის აღდგენასაც ცდილობს მთავარი გმირი.”
[ხმა: "ალავერდობის" ფრაგმენტი]
"ვნების სიმძაფრე შენებაშია" - ამას ამტკიცებდნენ განუწყვეტლივ ქართველი, რუსი, უკრაინელი, სომეხი "სამოციანელები". რუსები ციმბირის ასათვისებლად მიემგზავრებოდნენ, ამჯერად საკუთარი ნებით, რათა რაც შეიძლება დიდი სივრცე დაეპყროთ და ამგვარად დაეკმაყოფილბინათ "შენების ჟინი"... ქართველი გურამისთვისაც ვიწროა ცხოვრების სივრცე - იგი ცხენის ჯირითით არღვევს შეზღუდულ რეალობას, საპყრობილეს, რომელშიც სისტემამ მოაქცია ადამიანები. საპყრობილიდან განთავისუფლების ეს სახე ნელ-ნელა მკვიდრდებოდა საბჭოთა კულტურაში. მაგრამ 60-იანელთა "ჯირითი" დიდხანს არ გაგრძელებულა. ხრუშჩოვის მოხსნისა და პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგ "ოტტეპელის" ეპოქას ბზარი გაუჩნდა. 70-იან წლებში ცხენის ჯირითით სისტემის გარღვევას მხოლოდ დისიდენტები ბედავდნენ. გურამ რჩეულიშვილი ცოცხალი აღარ იყო. "ალავერდობის" ავტორი კი "ვერის უბნის მელოდიებს" იღებდა. "ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!" - დაუჩემებია ამ ფილმში პოლიციელს, რომლის როლსაც დოდო აბაშიძე ასრულებს. მაგრამ ბუნტზე იმხანად არც არავინ ფიქრობდა. მათ შორის, არც ქართველი "სამოციანელები", რომელთაც დღემდე სწამთ, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია" და არა ნგრევაში.