პოლონეთის კონფერენცია თურქმენეთის სამიტის ჩრდილში მოექცა

რუსეთი ევროპისთვის ენერგეტიკული რესურსების ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელია
და ქვეყანა ამ უმნიშვნელოვანესი პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცებას ცდილობს. თუმცა რუსეთის მონოპოლისტური როლით შეშფოთებული დასავლეთი ევროპა ცდილობს გამონახოს ალტერნატიული გზა, რათა აღმოსავლეთის ენერგორესურსები მისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. კონკრეტულად საუბარია კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ენერგომატარებლებზე. ენერგოინტერესების დაცვა ერთგვარ შეჯიბრს დაემსგავსა, რომელსაც სიმწვავე შესძინა ცენტრალური აზიის ორ სახელმწიფოში – ყაზახეთსა და თურქმენეთში - პრეზიდენტ პუტინის ვიზიტმა. რას ფიქრობენ ექსპერტები - რომელი მხარე დგამს უფრო მართებულ, აქტიურ ნაბიჯებს და როგორ მოაქცია ჩრდილში პოლონეთის კონფერენცია თურქმენეთის სამიტმა?

ყოველდღიურ რუსულ გამოცემა "კომერსანტში" გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ცენტრალურ აზიაში ვიზიტის მთავარ მიზანს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს. ამიტომაც ვლადიმირ პუტინის ეს ვოიაჟი აღიქმება როგორც ევროპა-რუსეთის ხანგრძლივი ენერგეტიკული ომის მორიგი სერიოზული რაუნდი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპას მიეცა შანსი მჭიდროდ დაკავშირებოდა ახლად გათავისუფლებულ რესპუბლიკებს და მათი დახმარებით ენერგორესურსების მოძიების ახალი გზები გამოენახა. სათანადო ინტერესი ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც გამოხატეს. და, აი, თანამშრომლობის შედეგიანი მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი, რომელმაც ნავთობის პირველი ნაკადი დანიშნულების ადგილამდე, თურქეთამდე, 2006 წლის მაისში გაატარა. პროექტის განხორციელების პროცესში ყაზახეთმა წამოაყენა წინადადება აკტაუდან ბაქომდე ტრანსკასპიური ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე. შორსმიმავალმა გეგმებმა რუსეთს კიდევ უფრო გაუმძაფრა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენის განცდა და აქტიურ მოქმედებას შეუდგა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი ვიზიტი რუსეთის აქტიურობის ნათელი მაგალითია. ასე ფიქრობს ბაქოელი ანალიტიკოსი ილჰამ შაბანი:

(ილჰამ შაბანის ხმა) "ევროპას კასპიის რეგიონში არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მას შემდეგ, რაც ევროპაში გაჩნდა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული შეშფოთება. თურქმენბაში მოკვდა და რა გააკეთა მას შემდეგ დასავლეთმა - ევროპამ, ამერიკამ - თურქმენეთის ენერგოსექტორისთვის? არაფერი რეალური. რუსეთი კი მოქმედებს. პუტინმა გააკეთა მეტად ჭკვიანური სვლა და შედეგებს შაბათს დავინახავთ."

შაბათი, 12 მაისი, სწორედ ის დღეა, როდესაც თურქმენეთში შეკრებილი სამი ქვეყნის - რუსეთის, ყაზახეთისა და თავად თურქმენეთის - პრეზიდენტების რეალური გეგმები უფრო კონკრეტულად უნდა გაცხადდეს. თუმცა რუსეთის გამარჯვების პირველი კონტურები ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უარი თქვა პოლონეთში 11 მაისს დანიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე და რუსეთის პრეზიდენტის მასპინძლობა ირჩია. 10 მაისს კი ნაზარბაევმა ერთი ასეთი საყურადღებო განცხადებაც გააკეთა:

(ნურსულთან ნაზარბაევის ხმა) "ყაზახეთი აბსოლუტურად ემხრობა იმას, რომ მისი ნავთობის მარაგის უდიდესმა ნაწილმა, თუ არა – მთლიანად, სწორედ რუსეთის ტერიტორიის გავლით იმოძრაოს."

არადა, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში პარასკევს დაწყებული კონფერენციის მონაწილეებს სწორედ იმაზე უნდა ემსჯელათ, თუ რა გზებით შეიძლება მომარაგდეს ევროპა ენერგომატარებლებით ისე, რომ ამ გზებმა რუსეთის ტერიტორიას აუაროს გვერდი. შეგახსენებთ, რომ კრაკოვში საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტებს მათი პოლონელი კოლეგა ლეხ კაჩინსკი მასპინძლობს.

(ჯულიან ლის ხმა) "პოლონეთი შეშფოთებულია იმ მაგალითებით, რაც უკრაინასა და ბელორუსიას შეემთხვა. რუსეთი, საერთაშორისო საბაზრო ტარიფის გადახდაზე დასაყოლიებლად, მზად იყო ამ ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა. და პოლონეთიც, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპული ქვეყანა, ცდილობს მომარაგების ალტერნატიული წყარო გამონახოს."

ეს ჯულიან ლი გახლავთ, ლონდონელი ანალიტიკოსი, გლობალური ენერგეტიკული კვლევის ცენტრის წარმომადგენელი. მის მიერ ნათქვამს საქართველოშიც ბევრი ექსპერტი იზიარებს. თუმცა როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, მხოლოდ სიტყვებით, მოწოდებებით და მინდას ძახილით ევროპა ვერაფერს გახდება:

(რამაზ საყვარელიძის ხმა) "უნდა იყოს მთლიანი სტრატეგია ამისი შემუშავებული. ასეთი სტრატეგია არც ევროპულ ქვეყნებს გააჩნია და ამერიკასაც, პრინციპში, მხოლოდ სურვილი აქვს იმისა, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს ამ ომში. მაგრამ ნებისმიერ ომში სურვილი არ კმარა მეტოქის დამარცხებისთვის." (სტილი დაცულია)

საყვარელიძეს პუტინის აქტიურობა არ უკვირს. ის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ენერგეტიკა ბრძოლის იარაღია, ხოლო ენერგეტიკული სექტორი – ბრძოლის ველი და რომ ამ ველზე რუსეთის დამარცხება ასე ადვილი არ იქნება, მით უმეტეს, რომ თურქმენეთი და ყაზახეთი მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ. პოლიტოლოგი შიშობს, რომ ძალთა ასეთმა გადანაწილებამ, შესაძლოა, ევროპისთვის, ამრიკისა და საქართველოსთვის სასურველ გეგმებს ხელი შეუშალოს.