ბოლო კვირების განმავლობაში ქურთას ჯერ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეწვივნენ,
შემდეგ - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ - საპარლამენტო უმრავლესობა და, ბოლოს - პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ვიზიტებმა არაოფიციალური ლეგიტიმაცია მიანიჭა დიმიტრი სანაკოევს, რომლის გვარის გასწვრივ უკვე კარგა ხანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩნდება უცვლელი წარწერა: “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი”. მინდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე გესაუბროთ.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესი ქართული პოლიტიკის არსებითი ნაწილია. მართალია, მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა, რომ ქურთაში დიმიტრი სანაკოევის გასაცნობად ჩავიდა, მაგრამ თითოეული ზრდასრული ადამიანისთვის ნათელია, საიდან გაჩნდა სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი სანაკოევის კანდიდატურა, საიდან გაჩნდა ფინანსები მის ქურთაში დასაფუძნებლად და, ბოლოს და ბოლოს, საიდან გაჩნდა დროებითი ადმინისტრაციის იდეა თუ მისი საერთაშორისო მხარდაჭერა.
საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ამ გზამდე ბევრი ზიგზაგის გავლის შემდეგ მივიდა. თავიდან იყო “კმარული” მეთოდებით ცხინვალის აღების სურვილი, შემდეგ - სპონტანური ჰუმანიტარული დახმარება, ბოლოს, საბრძოლო მოქმედებები და, მათ შედეგად, კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპული ადამიანები: ახალგაზრდა ქართველი და ოსი მებრძოლები, შუახნის ოსი ქალბატონი და მისი თანმხლები ბავშვი.
ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ღრმად ჩაფიქრდა. და, როგორც ჩანს, მოიფიქრა გეგმა, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ხორციელდება. ამ გეგმის ნაწილია ტელეკომპანია “ალანია” - თავისი არარსებული იურიდიული სტატუსით, ულიცენზიო, მაგრამ მიმზიდველი მხატვრული ფილმებით, ღია პროპაგანდის გამავრცელებელი საინფორმაციო პროგრამებით და, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ცხინვალის ხელისუფლებისთვის შიშის მომგვრელი მაშათი და გოშათი.
როგორც წესი და რიგია, საინფორმაციო დაბომბვას აქტიური ნაბიჯები მოჰყვა, რომელთა აზრი თავიდან ბევრისთვის გაუგებარი და, შესაბამისად, მიუღებელი იყო. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაჩნდა ახალი კანდიდატი - ქცევისა და მეტყველების საკმაოდ ხალხოსნური მანერით, ბევრი ფულით და ქართველებისა და ოსების შერიგების სურვილით. მაშინ ადამიანები სვამდნენ კითხვას: მერე რა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ორი პრეზიდენტი ეყოლება? თუ კოკოითის ხელისუფლება არალეგიტიმურია, სანაკოევის ხელისუფლება ლეგიტიმური როგორ გახდება? თუმცა შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სამოქმედო გეგმა იმაზე შორს იყო გათვლილი, ვიდრე არაინფორმირებულ ადამიანს თვალი მიუწვდებოდა. არსებულ ვითარებაში სერიოზული გარდატეხა შეიტანა პრეზიდენტის ინიციატივამ, რომ ცხინვალის რეგიონში შეიქმნას დროებითი ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაინიშნოს. საქმეც ის არის, რომ დიმიტრი სანაკოევი არალეგიტიმურია, ვიდრე არჩეული პრეზიდენტი ჰქვია, მაგრამ როგორც კი ადმინისტრაციის დანიშნული ხელმძღვანელი გახდება, ლეგიტიმაციას შეიძენს.
ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებისთვის მთავარი საფრთხე, ცხადია, რუსეთის ფაქტორია. საქართველოსა და რუსეთს შორის დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლებელია გულუბრყვილოდ გვჯეროდეს, რომ ცხინვალის რეგიონის პრობლემა ასე უმტკივნეულოდ მოგვარდება. თუმცა ახალ კონტექსტში რუსეთის ფაქტორი მწვავე ფორმით ჯერ არ გამოვლენილა. ერთადერთი ის იყო, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქურთასა და მიმდებარე სოფლებში დიდი ინვესტიციების განხორციელებაზე დაიწყო საჯარო საუბარი, რუსეთიდან ცხინვალში სპეციალური დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც კოკოითის ხელისუფლებისთვის გადაცემული უზარმაზარი ოდენობის ფინანსების განკარგვა უნდა შეემოწმებინა.
თუ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში თანხების “დაჭიდებით” ამოიწურება, იქაური მოსახლეობა მხოლოდ მოიგებს. თუმცა უფრო რეალური ის არის, რომ კონფლიქტის მოგვარების რომელიმე მომდევნო ეტაპზე რუსეთის ბრჭყალები მტკივნეულად ამოქმედდება. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებაში არა მხოლოდ ეკონომიკურ პროექტებზე ფიქრობენ, არამედ იმ მომავალი საფრთხეების თავიდან აცილებაზეც.
ყველა სხვა ფაქტორთან ერთან, პრობლემის მოგვარების უპირველესი საყრდენი მაინც ისაა, რომ მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ, დღეს ოსი ხალხის მიმართ ქართველის ცნობიერებაში გაცილებით მეტი პატივისცემა და სითბო არსებობს, ვიდრე კომუნისტების დროს არსებობდა. მაშინ ოსი შეფერხებული აზროვნების და დაუსრულებელი განათლების ადამიანად აღიქმებოდა, რომლის ძირითადი საქმიანობა გზებზე დგომა და მძღოლებისთვის ფულის წართმევა იყო. დღეს კი, ქართველის აღქმაში, ოსი თავდადებული მებრძოლი და ღირსების მქონე ადამიანია, რომელთანაც მრავალწლიანი თანაცხოვრების ტრადიცია და სამომავლოდ ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გულწრფელი სურვილი გვაკავშირებს.