ერაყის პარლამენტი საგანგებო სესიაზე შეიკრიბა

ერაყის პარლამენტი საგანგებო სესიაზე შეიკრიბა პარლამენტში გუშინ მოწყობილი აფეთქების დასაგმობად.
ერაყის პარლამენტი საგანგებო სესიაზე შეიკრიბა პარლამენტში გუშინ მოწყობილი აფეთქების დასაგმობად.
პარლამენტარები ერთიანობისაკენ მოწოდებით გამოვიდნენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მაჰმუდ ალ-მაშჰადანიმ აღნიშნა, დეპუტატები არ დაუშვებენ, რომ აფეთქებამ მოადუნოს მათი ყურადღება, რომელიც სამომავლო ამოცანებისკენ არის მიმართული: [ალ-მაშჰადანის ხმა] “აფეთქებამ დაადასტურა კავშირი პარლამენტარებსა და მათს ამომრჩევლებს შორის და დაადასტურა ის, რომ ჩვენი ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ის, რაც ჩვენს ხალხს ყოველ დღე ემართება მეტია, ვიდრე გვემართება ჩვენ და ასეთი ინციდენტი ვერ შეასუსტებს დეპუტატების სიმტკიცეს. პირიქით, ის განამტკიცებს მათს შემართებას ტერორიზმისა და სხვა დაბრკოლებების წინააღმდეგ დაპირისპირებაში”. ამასობაში, აშშ-ისა და ერაყის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ გუშინდელმა აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გუშინდელ ინფორმაციაში კი 8 დაღუპულზე იყო ლაპარაკი. აფეთქების პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდის" მოკავშირე ჯგუფმა იკისრა.