''შავი ზღვის სინერგია'' - ევროკავშირის ახალი ინიციატივა

ევროპის კომისიამ საზოგადოებას გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "შავი ზღვის რეგიონად" მოიაზრება არა მხოლოდ უშუალოდ შავიზღვისპირა სახელმწიფოების ტერიტორია, არამედ მათი მეზობელი ქვეყნებიც. ამასთანავე, ევროკავშირმა არაორაზროვნად გამოაცხადა, რომ არ აპირებს, თავისი ახალი ინიციატივისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას ან რაიმე ახალი უწყების შექმნას, თუმცა, როგორც ბრიუსელში აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, რეგიონის ქვეყნებს შორის უშუალო დიალოგის გაღრმავება უდავოდ დამატებით იმპულსს მიანიჭებს ევროპის კავშირთან მათს ურთიერთობას.

როგორც რადიო "თავისუფლების" ბრიუსელელი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იუწყება, ევროკავშირის ახალი ინიციატივა ზუსტად მოერგება კავშირის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის უკვე არსებულ სქემებს, როგორებიცაა, მაგალითად, "ჩრდილოეთის განზომილება", "ბარსელონის პროგრამა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებისთვის" ან ევროკავშირის ახლად შემუშავებული სტრატეგია ცენტრალური აზიისთვის.

თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი ეპარება, დამატებითი მატერიალური სახსრებისა და საგანგებოდ შექმნილი ორგანოს გარეშე ახალმა ინიციატივამ რაიმე ხელშესახები შედეგი გამოიღოს.

"შავი ზღვის სინერგია" - ასე ეწოდება ევროკავშირის ახალ თაოსნობას, რომელზეც დღეს ბრიუსელში ისაუბრა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ინიციატივა ევროკავშირს მეტ ყურადღებას მიაპყრობინებს რეგიონისკენ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას თვით რეგიონის ცალკეულ ქვეყნებს შორის.

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ რეგიონს - ეს ერთი. მეორე: უნდა განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები. მესამე: ამ ქვეყნებს შორის დიალოგის მეშვეობით გვსურს, მივაღწიოთ ურთიერთნდობის გაღრმავებას. რადგან თუ ნდობა არსებობს, მაშინ, ჩემი აზრით, რთული პრობლემების მოგვარებასაც მოახერხებ და, ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი."

ბენიტა ფერერო-ვალდნერი დარწმუნებულია, რომ ივნისში, ბრიუსულის სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ ინიციატივას მოიწონებენ. მით უმეტეს, რომ კავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების შემდეგ ქვეყნების ამ გაერთიანებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა. "შავი ზღვის სინერგიაში" ჩაბმული იქნებიან "ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის" სახელით ცნობილი პროგრამის მონაწილეები: საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, აგრეთვე, რეგიონის "მძიმეწონოსნები" - თურქეთი და რუსეთი. ინიციატივაში უშუალო მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთიც.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მოხერხდება მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ანუ BSEC-თან), რომელშიც - ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა - ალბანეთი დ სერბიაც შედიან. როგორც ფერერო-ვალდნერმა განმარტა, ევროკავშირს განზრახული აქვს, BSEC-თან ერთად, სისტემატურად მოაწყოს მინისტრთა შეხვედრები, - ე.წ. "მინისტერიალები" - და გამართოს ცალკე კონსულტაციები "ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის" ხუთ აღმოსავლელ წევრთან. ევროკომისრის თქმით, დასახულ იქნა ამოცანების ფართო სპექტრი.

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "ჩვენ არაერთი ამოცანა დავისახეთ. ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდები. ერთია, მაგალითად, ჩვენი სწრაფვა, ხელი შევუწყოთ რეგიონის ქვეყნების რაციონალურ თანამშრომლობას ეკოლოგიური საწვავის გამოყენების სფეროში. მეორეა, ვაწარმოოთ ყოვლისმომცველი რეგიონული დიალოგი ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე - ესეც რეგიონული ასპექტია, როგორც ხედავთ. კიდევ ერთი ამოცანაა, ყოველმხრივ გააზრებული გავხადოთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში."

ევროპის კომისიის ახალ ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას.