უკრაინაში მორიგი პოლიტიკური კრიზისია

უკრაინაში მორიგი პოლიტიკური კრიზისია. გუშინ (2 აპრილს) პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
ამით მან თითქოს წერტილი დაუსვა პარლამენტთან და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩთან ხანგრძლივ დაპირისპირებას. თუმცა, წერტილის დასმაზე საუბარი ჯერ აშკარად ნაადრევია.

საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ვიქტორ იუშჩენკომ ტელევიზიით ამცნო საზოგადოებას, რომ პარლამენტს შლის და 27 მაისისთვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს. თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ასე ახსნა:

ვიქტორ იუშჩენკოს ხმა "ჩემი ნაბიჯი ნაკარნახევი იყო სახელმწიფოს გადარჩენის აუცილებლობით, მისი სუვერენობის, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების სურვილით და სწრაფვით, დაცულ იქნეს უკრაინის კონსტიტუცია, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არა მარტო ჩემი უფლება, არამედ მოვალეობაცაა."

იუშჩენკოს მთავარმა ოპონენტმა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სამშაბათს კიევში გამართა მიტინგი, რომელზეც თავის თანამოაზრეებს ამ სიტყვებით მიმართა:

[ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა] "ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რათა დავარწმუნოთ უკრაინის პრეზიდენტი, გააუქმოს თავისი ბრძანებულება. თუ ის ამას არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გარდაუვალი გახდება არა მარტო საპარლამენტო არჩევნები, არამედ საპრეზიდენტოც."

სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩია ის ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი იუშჩენკო ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "ქვეყანაში ყალიბდება კონსტიტუციური დისბალანსი, იკარგება წონასწორობა ძალაუფლების ცალკეულ შტოებს შორის. მოწმენი ვხდებით ძალაუფლების თანდათანობითი და აშკარა უზურპაციისა, ერთი პირის ხელებში მისი მოქცევისა. დაბოლოს, ეჭვქვეშ დგება საზოგადოების დემოკრატიული იდეალები და ფასეულობები."

შეგახსენებთ, რომ ორი ვიქტორი - იუშჩენკო და იანუკოვიჩი - 2004 წლის მიწურულს ერთმანეთს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ეცილებოდა. იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, მაგრამ მასობრივმა საპროტესტო დემონსტრაციებმა "გაყალბებული კენჭისყრის" ხელმეორედ ჩატარების მოთხოვნით ჩარხი უკუღმა დაატრიალა და ახალმა არჩევნებმა გამარჯვებულად უკვე იუშჩენკო გამოაცხადა. მოგვიანებით "ნარინჯისფერი რევოლუციის" სახელით ცნობილი მოვლენების ზოგიერთი მონაწილე იანუკოვიჩის ბანაკში გადავიდა და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო, იუშჩენკო - შარშან, აგვისტოში - იძულებული შეიქნა, თავისი მთავარი მოწინააღმდეგე პრემიერ-მინისტრად დაენიშნა.

მას მერე 450-ადგილიან პარლამენტში - "ვერხოვნა რადაში" - სულ უფრო იზრდება იანუკოვოჩის მხარდამჭერი პრორუსული კოალიცია. მაგრამ პროდასავლურად განწყობილი იუშჩენკო ამტკიცებს, რომ დეპუტატთა გადაბირებისას იანუკოვიჩი არაკონსტიტუციურ მეთოდებს მიმართავს.

როგორც პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა ალექსანდრ მოროზმა კოლეგა დეპუტატებს უთხრა, პარლამენტის დასაშლელად იუშჩენკოს არავითარი კანონიერი საფუძველი არ მოეპოვება.

[ალექსანდრ მოროზის ხმა] "'ვერხოვნა რადა' სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეს არ არსებობს არავითარი სამართლებრივი მიზეზები, დათხოვნილ იქნეს პარლამენტი, რომელიც ხალხმა აირჩია ყველა დემოკრატიული ნორმის შესაბამისად - რაც აღიარეს როგორც უკრაინის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და თავად პრეზიდენტმაც."

მმართველი კოალიციის წევრებმა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს განაცხადით, განხილულ იქნეს პარლამენტის დაშლის კანონიერება. საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტამდე კი, როგორც პრემიერ-მინისტრმა იანუკოვიჩმა აღნიშნა, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ამასობაში კიევში, დონეცკსა და სხვა ქალაქებში როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მხარდამჭერთა დემონსტრაციები და მიტინგები იმართება. ერთ-ერთ ასეთ მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და იანუკოვიჩის მთავრობის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მოწინააღმდეგემ იულია ტიმოშენკომ.

[იულია ტიმოშენკოს ხმა] "ამ 'ვერხოვნა რადას', რომელიც კორუფციის ცენტრად იქცა და რომელმაც ხალხის არჩევნის შეცვლა დაიწყო, აღარ აქვს არსებობის უფლება. დღეს ჩვენ საშუალება გვეძლევა, დავინახოთ, ვის სურს სტაბილურობა, რადგან სტაბილურობა გულისხმობს პრეზიდენტის განკარგულებათა შესრულებას, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას და ვადამდელ არჩევნებამდე მშვიდად მისვლას, რაც არჩევნებზე პატიოსან შედეგს მოგვიტანს."