მარიკა როკი

დარწმუნებული ვარ, ეს ხმა
ახლანდელი თაობისთვის უცნობია... მომღერლის სახელსა და გვარზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. არადა, მღეროდა გასული საუკუნის ორმოციანი წლების კინოს და ოპერეტის, როგორც ახლა ამბობენ, "მეგავარსკვლავი", მარიკა როკი. ის არა მარტო მომღერალი, არამედ ბრწყინვალე მოცეკვავეც იყო. საინტერესო დეტალი: ცნობილმა საბჭოთა ქორეოგრაფმა, ანსამბლ “ბერიოზკას” დამაარსებელმა ნადეჟდა ნადეჟდინამ გრძელ სარაფნებში გამოწყობილი ქალების ულამაზესი ცეკვა სწორედ მარიკასგან გადმოიღო. სერიალების მოყვარულებს პოპულარული ფილმის - “გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” - ერთ-ერთ ეპიზოდს გავახსენებ: შტანდარტენფიურერი შტირლიცი, საიდუმლო აგენტის ლოდინში, კინოდარბაზში ოცდამეჩვიდმეტედ უყურებს ფილმს “ჩემი ოცნების ქალიშვილი”. მწერალ იულიან სემიონოვს შემთხვევით არ ჩაურთავს სცენარში ეს ეპიზოდი თავისი წიგნიდან: მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჩვენმა თაობამ სწორედ ამ კინოსურათში იხილა პირველად გერმანიისა და ავსტრიის კინოვარსკვლავი, მომხიბლავი მარიკა როკი. შტირლიცისგან განსხვავებით, მე პირადად “ჩემი ოცნების ქალიშვილი” მხოლოდ ექვსჯერ ვნახე. ე.წ. ნაალაფევი სურათებიდან ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო. ფერადი კინოსურათები ჩვენ მანამდე საერთოდ არ გვენახა. მოგვიანებით საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა კიდევ ერთი ფილმი მარიკა როკის მონაწილეობით - “დუნაის შვილი”. ეს იყო დამარცხებული ქვეყნის თავისებური რევანში კულტურის სფეროში. გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კინოს ვარსკვლავი ლიუბოვ ორლოვა “მხიარული ბიჭების”, “ვოლგა-ვოლგას” გადაღების დროს სწორედ იმ პავილიონში მღეროდა და ცეკვავდა, სადაც თავის დროზე “ჩემი ოცნების ქალიშვილი” გადაიღეს – პავილიონი გამარჯვებულებმა გერმანიიდან მოსკოვში ჩამოიტანეს. ჩვენ კი თბილისში მარიკას სიმღერის ქართულ ყაიდაზე ვმღეროდით: “შაური მე, შაური შენ, შაური მამაშენს”.

[მუსიკალური ჩანართი, მღერის მარიკა როკი]

მაშ, ვინ იყო მარიკა როკი? მისი ნამდვილი გვარი და სახელი მარია (სხვა მონაცემებით, ილონა) კერერია. უნგრული წარმოშობის ავსტრიელი მსახიობი 1913 წელს ქაიროში დაიბადა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში, სახელი გაითქვა გერმანიაში, სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ავსტრიაში, სადაც 2004 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. პროფესიული მოცეკვავის კარიერა უკვე 11 წლის ასაკში დაიწყო და სულ მალე უნგრული ჩარდაშის შესრულებით სახელი გაითქვა. 1935 წელს ბერლინში ხელსაყრელ კინოკონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანული ენის სუსტი ცოდნის მიუხედავად, ახალგაზრდა მსახიობმა სწრაფად დაიმსახურა მაყურებლის სიყვარული. ლამაზი, მომხიბლავი მარიკა როკი ნაცისტური ბელადების მფარველობით სარგებლობდა. მსახიობი ხშირად სტუმრობდა გებელსის ოჯახს და ქვეყნის მთავარი იდეოლოგის ცოლთან, მაგდასთან, მეგობრობდა. ჰიტლერთან ერთ-ერთი მიღების დროს ნაცისტური მისალმების ნაცვლად მარიკამ კნიქსენი გააკეთა, რის შემდეგაც განცვიფრებული ფიურერი მას ხელზე ეამბორა. მომღერლის პოპულარული სიმღერა ‘"In der Nacht bleibt der Mensch nicht gern alleine" (“ღამე ადამიანს უჭირს მარტოობა”) გერმანიის ზურგის სიმტკიცის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

[მუსიკალური ჩანართი, მღერის მარიკა როკი]

რით გვიზიდავდა თავის დროზე კინოსურათები მარიკა როკის მონაწილეობით? უპირველეს ყოვლისა, მათში იყო ნაჩვენები საბჭოთა მაყურებლისთვის უჩვეულო ცხოვრება: ლამაზი პეიზაჟები, მდიდრულად მორთული ლამაზი სახლები, მთავარ მოქმედ პირს კი მომხიბლავი, ტანწერწეტა ქალი თამაშობდა. მართალია, დღევანდელი მოდის მიხედვით, მსახიობი ოდნავ ჩასკვნილი იყო, მაგრამ ეს, ბოლოს და ბოლოს, გემოვნების ამბავია. სხვათა შორის, როცა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა ჯარები ბერლინს მიუახლოვდნენ, მარიკა როკი ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის განლაგებაში მოხვდა. რომელიღაც საბჭოთა მარშალს (კონკრეტული გვარი დღემდე უცნობია) მასთან რომანი დაეწყო. სტალინს მოახსენეს, რომ მხედართმთავარს ფაშისტური იდეოლოგიის ზეგავლენა ემუქრება, რაზედაც ბელადს თურმე უთქვამს: “ეგ არაფერია, _ იდეოლოგია სულ სხვა არხებით ვრცელდება.” მართლაც, სიყვარულს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება!

[მუსიკალური ჩანართი, მღერის მარიკა როკი]