ახალი ანგარიშის თანახმად, შრომის ანაზღაურების სფეროში ქალები საგრძნობლად ჩამორჩებიან მამაკაც კოლეგებს

დღეს მსოფლიოში, უწინდელთან შედარებით, მეტი ქალია დასაქმებული, მაგრამ თავიანთ მამაკაც კოლეგებთან შედარებით, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მაინც გაცილებით ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ
- ასეთია დასკვნა ახალი ანგარიშისა, რომელიც გაეროს ეგიდით მოქმედმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს. ანგარიშის ზოგიერთ საყურადღებო დეტალზე დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

ჯერ ორიოდე სიტყვა თვით ორგანიზაციაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ბინა ჟენევაში უდევს და მისი ამოცანაა, გამოიკვლიოს და გააანალიზოს მსოფლიოში შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციები.

ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს თითქმის სამი მილიარდი მუშა-მოსამსახურიდან 2006 წელს ქალებმა 1,2 მილიარდი, ანუ ნახევარზე ცოტა ნაკლები შეადგინეს. მაგრამ ფინანსური ანაზღაურების თვალსაზრისით ქალები ჯერ მაინც საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ მამაკაც კოლეგებს. გარდა ამისა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მამაკაცებსა და ქალებს შორის ჯერაც დიდია სხვაობა სტატუსის, უსაფრთხოებისა თუ განათლების თვალსაზრისით.

[დოროთეა შმიდტის ხმა] "ვხედავთ დადებით ტენდენციებს, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ეს სხვაობების შემცირების პროცესი ძალიან, ძალიან ნელა მიმდინარეობს. მსოფლიოს მრავალ კუთხეში ქალებს მამაკაცებზე უარესი სამუშაო პირობები აქვთ, და არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იმავე სამუშაოსთვის ნაკლებ ფულს იღებენ (რაც ძალიან ხშირად ხდება). ეს უწინარესად იმ ქალებს ეხება, ვინც შესრულებული სამუშაოსთვის საერთოდ არ იღებს უშუალო ანაზღაურებას - რადგან ეს ქალები ოჯახური გაერთიანებების წევრები არიან და მათი შრომის ანაზღაურებაც ჯგუფურად ხდება."

ეს დოროთეა შმიდტი გახლავთ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის ერთ-ერთი შემდგენელი. დადებით ტენდენციებს შორის იგი განსაკუთრებით გამოყოფს მდედრობითი სქესის მუშა-მოსამსახურეთა თანდათანობით გადასვლას სახელფასო ანაზღაურების სისტემაზე. თუმცა, დოროთეა შმიდტი იქვე დასძენს, რომ ეს პროცესი სასურველზე ნელა მიმდინარეობს.

დღეს დასაქმებულ ქალთა თითქმის 48 პროცენტი თავისი შრომის ანაზღაურებას ხელფასის სახით იღებს. 10 წლის წინათ კი მათი რიცხვი 43 პროცენტს შეადგენდა.

დოროთეა შმიდტი ამბობს, რომ თვითდასაქმების სისტემიდან სახელფასო ანაზღაურების სისტემაზე გადასვლა ბევრი ქალისთვის პიროვნული თავისუფლებისა და თვითგამორკვევის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მაგრამ მისივე თქმით, ეს ტენდენცია ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებში უფრო შეინიშნება.

[დოროთეა შმიდტის ხმა] "უკვე თითქმის მივაღწიეთ საფეხურს, როცა მსოფლიოში დასაქმებული ქალების ნახევარი შრომის ანაზღაურებას ხელფასის სახით იღებს. ეს წინგადადგმული დიდი ნიბიჯია, მაგრამ ასეთი ვითარება მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება. რაც შეეხება უფრო ღარიბ რეგიონებს, სამხრეთ აზიას ან სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას, მდგომარეობა იქაც შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც იშვიათად ნახავთ ქალს, რომლის შრომის ანაზღაურება ხელფასის სახით ხდებოდეს."

კიდევ ერთი შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელზეც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია თავის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას: გამოკვლევის თანახმად, უმუშევარ ქალს სამსახურის პოვნის ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე უმუშევარ მამაკაცს. 2006 წელს ქალთა შორის უმუშევრობა 6,6 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მამაკაცთა შორის 6,1 პროცენტს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ ქალთა დასაქმების პრობლემას. ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ხუან სომავია აღნიშნავს, რომ "პატიოსანი შრომის მხარდაჭერა, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი გენდერული თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე, ქალებისთვის ხელფასებისა და შანსების გაზრდაში უნდა გამოიხატოს. ეს კი, თავის მხრივ, მრავალ ოჯახს შეუწყობს ხელს, თავი დააღწიონ სიღარიბეს.