საქართველო იაპონიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით არის დაინტერესებული

საქართველო იაპონიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სწორედ იაპონიაში, ამომავალი მზის ქვეყანაში, იმყოფება.
იმპერატორსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებამდე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში მან ლეგენდარულ იაპონელ ძიუდოისტებთან შეხვედრით დაიწყო.

იაპონია - სწრაფი ეკონომიკური პროგრესისა და თამამი ტექნიკური აზრის სიმბოლო. ცნობილი იაპონური სასწაულის წყალობით, ეს ქვეყანა კარგა ხანია მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი ეკონომიკური ზესახელმწიფო. შესაბამისად, იაპონია არის მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი. მის აზრს დიდ ანგარიშს უწევენ საერთაშორისო ინსტიტუტებში. იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი გაეროსი და ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას გამოყოფს საგარეო დახმარების კუთხით. როგორც ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, იაპონიის საგარეო დახმარების ფონდები შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის ფონდებს უტოლდება. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნის წარმატების საიდუმლოს - იაპონურ სასაწულს - არჩილ გეგეშიძე ასე ხსნის:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”იაპონია არ არის ბუნებრივი რესურსებით განებივრებული ქვეყანა. ამიტომ მას უნდა მოეფიქრებინა განვითარების ისეთი მოდელი, რომელიც ამის კომპენსაციას მოახდენდა. აქცენტი გაკეთდა გადამამუშავებელ მრეწველობაზე, მაღალი ტექნოლოგიების წარმოებაზე. დღეს უკვე აქცენტი კეთდება ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებზე. ”

იაპონია , როგორც დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, არის დასავლური სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე ადგილი აღმოსავლეთში უკავია. ენერგორესურსებს იღებს რუსეთიდან, თუმცა კურილის კუნძულების თემა იაპონიაში დავიწყებას არ ეძლევა. იაპონიის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - მათ შორის, მთავარი სავაჭრო პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატებია და რადგან იაპონიას კონსტიტუციით შეზღუდვები აქვს დაწესებული სამხედრო პოტენციალის განვითარებაზე, მისი უსაფრთხოების გარანტიც, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებია, მიუხედავად იმისა, რომ იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები არავითარ სამხედრო ალიანსში არ იმყოფებიან. მსოფლიო თანამეგობრობის ასეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში საქართველომ აქამდე ვერ მოახერხა საკუთარი საელჩოს გახსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2007 წლის პრიორიტეტებში მოაქცია აზიის სახელმწიფოებთან - მათ შორის, იაპონიასთან - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განმარტებით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს გახსნაც წელს არის დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტი კი ამჯერად სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.

საგულისხმოა, რომ იაპონიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ, რაც 1992 წელს მოხდა, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის მეორე ოფიციალური ვიზიტი ამომავალი მზის ქვეყანაში. ტოკიოს ედუარდ შევარდნაძე, სამთავრობო დელეგაციის თანხლებით, 1999 წლის მარტში სტუმრობდა. მაშინდელ დელეგაციაში არჩილ გეგეშიძეც იყო. ის იხსენებს, რომ იაპონელები იმ პერიოდში, იაპონიის ევრაზიული დიპლომატიის კონცეფციის ფარგლებში, აბრეშუმის გზის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებით დაინტერესებას გამოთქვამდნენ და, შედეგად, ცნობილმა იაპონურმა კომპანიამ ”იტოჩუმ” მიიღო კიდეც გადაწყვეტილება ჩართულიყო ”ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის” პროექტის რეალიზაციაში. იყო სხვა მიმართულებებით სხვა კომპანიების დაინტერესებაც, თუმცა იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა სასურველი დინამიკით ვერ განვითარდა. შეგახსენებთ, 2001 წელს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო საშიშროების ზონადაც კი გამოაცხადა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ საქართველოში სტუმრობისგან.

მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. საქართველოს პარლამენტმა არცთუ დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც რამდენიმე ქვეყნის - მათ შორის, იაპონიის - მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, პრაქტიკულად უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
იაპონიის მთავრობის გრანტები საქართველოში ამუშავდა ჯანდაცვის და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში, მაგრამ ეს , ალბათ, ჯერ კიდევ დასაწყისია.
პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ტოკიოს სულ ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესტუმრება.