დიდი ბრიტანეთი წლის ბოლომდე 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს ერაყიდან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე თითქმის ერთი მეოთხედით შეამცირებს
თავისი ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიცხობრივ შემადგენლობას სამხრეთ ერაყში. ბლერის ამ განცხადებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთმა ქვეყანამ - დანიამ - გადაწყვეტა ერაყიდან თავისი ჯარების გაყვანა, ოღონდ დანიელები, ბრიტანელებისგან განსხვავებით, სრული შემადგენლობით დატოვებენ ერაყს.

ლონდონში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ტონი ბლერმა აღიარა, რომ ქალაქ ბასრაში - ბრიტანელი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილას - ვითარება ისეთი არ არის, როგორიც სასურველი იქნებოდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოების პირობები საშუალებას იძლევა, რომ 1600-მა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურემ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე დატოვოს ერაყი, ხოლო კიდევ 500 სამშობლოში წლის მიწურულისთვის გაემგზავროს.

დანარჩენი 5000 სამხედრო მოსამსახურე დაცლის ქალაქში მოქმედ სამ სამხედრო ბაზასა და ლოგისტიკის ცენტრს მახლობელ დასახლება შუაიბაში, და ბასრის აეროპორტთან მდებარე ბაზაზე განთავსდება. პარლამენტს ეს გადაწყვეტილება ბლერმა ასე აუხსნა:

ბლერის ხმა ნს022120 "ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ბასრა უკვე ისეთია, როგორიც გვინდა, იყოს, მაგრამ დიახაც ნიშნავს იმას, რომ ბასრის ისტორიაში შემდეგი თავის დაწერა თავად ერაყელებს შეეძლებათ."

ტონი ბლერმა ბასრაში არსებული ვითარება ბაღდადში მიმდინარე "ძალადობის ორგიას" შეადარა და დაასკვნა, რომ ბასრაში მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ სხვა რაიონში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბასრაში, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ, მეტად დაბალია სუნიტების რიცხვი. ამიტომ, სარწმუნოებრივ დაპირისპირებას იქ ისეთი მასშტაბისთვის არ მიუღწევია, როგორიც სხვაგან აქვს.

ბლერმა აღნიშნა, რომ ბასრაში აღრიცხული თავდასხმების უმრავლესობა მიმართულია უცხოეთის ძალების წინააღმდეგ. სწორედ ამ თავდასხმებს შეეწირა იმ 130-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცის უმეტესობა, რომლებიც ერაყში დაიღუპნენ სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან.

ბლერის მთავრობა კარგა ხანია, განიცდის საზოგადოებისა და არაერთი პოლიტიკური პარტიის ზეწოლას, რომლის მიზანი ბრიტანელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებაა. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერაყიდან ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების ნაწილობრივი გასვლა ბასრაში დარჩენილებს ხელს ვერ შეუშლის მნიშვნელოვანი ოპერაციების განხორციელებაში.

ტონი ბლერის ხმა "ბრიტანელ ჯარისკაცებს, რომლებიც ერაყში დარჩებიან, შემდეგი ამოცანები ექნებათ: ერაყის ჯარების გაწვრთნა და დახმარება, ერაყ-ირანის საზღვრის დაცვა, მომარაგებისთვის განკუთვნილი გზების დაცვა. და მათ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეძლოთ ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში, ერაყის არმიისთვის დახმარების გაწევა".

როგორც ზემოთაც ითქვა, ერაყიდან სრული შემადგენლობით გაყავს თავისი ჯარი დანიას. ამ ქვეყნის მთავრობის განცხადებით, 460 დანიელი ჯარისკაცი ერაყს აგვისტოსთვის დატოვებს.

ამ ნაბიჯების საპირისპიროდ, შეერთებული შტატები ზრდის თავისი ჯარის რიცხობრივ შემადგენლობას და ბაღდადსა და ანბარის პროვინციაში ძალადობის ასალაგმად ერაყში კიდევ 21500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს.