სოხუმი მოსკოვს მოუწოდებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე ჩამოაყალიბოს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით

სოხუმი მოსკოვს მოუწოდებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე ჩამოაყალიბოს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
ამ მოწოდებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. ამავე დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძემ და საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ ჟენევაში 12-13 თებერვალს გამართული მოლაპარაკების წარმატებულობა აღნიშნეს. შეხვედრის წარმატებულობაში იგულისხმება გაგება იმისა, რომ საქართველოსა და აფხაზთა მხარემ ურთიერთობა პირდაპირი დიალოგის გზით უნდა გააგრძელონ. რა ხდება ჟენევის შეხვედრის შემდეგ, რატომ გაააქტიურა სოხუმმა მოსკოვზე ერთგვარი ზეწოლა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბების მოთხოვნით?

12-13 თებერვალს ჟენევაში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე აფხაზთა დელეგაციას სწორედ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მეთაურობდა, საქართველოს დელეგაციას კი ამავე შეხვედრაზე მეთაურობდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძე. ის შეხვედრის წარმატებულობაზე ლაპარაკობს და ხაზს უსვამს იმას, რომ ჟენევის მოლაპარაკების მიხედვით მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასება გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციას დაედება საფუძვლად - რეზოლუციას, რომელსაც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო აპრილში მიიღებს. ისევ მერაბ ანთაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე პოზიტიურად შეაფასა ზემო აფხაზეთში (კოდორის ხეობაში) ვითარება, უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების აუცილებლობას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე და მხარეებს ურჩია, უსაფრთხოებისა და ლტოლვილთა დაბრუნების თემების განსახილველად მაღალი დონის შეხვედრა მოაწყონ. ჟენევის შეხვედრის უმთავრეს შედეგად სახელდება ის, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება პირდაპირი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ რა ხდება ამ შეხვედრის შემდეგ? მივყვეთ განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 16 თებერვალს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შამბას თქმით, საქართველოს გაწევრიანება ნატოში მნიშვნელოვნად გაართულებს რეგიონში სიტუაციას. ”თუ რუსეთი არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სამხრეთის საზღვარზე ნატოსთან დამეზობლების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და რუსეთში უნდა შეიგნონ, რომ შანსის ხელიდან გაშვება გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ძალიან მცირე შანსი დარჩება,” - განაცხადა სერგეი შამბამ და დასძინა: ”რუსეთმა უნდა განსაზღვროს, უნდა თუ არ უნდა მას ამიერკავკასია, თორემ აფხაზ პოლიტიკოსთა შემდეგმა თაობამ დასავლეთთან მიმართებაში, შესაძლოა, სხვა პოზიცია დაიკავოს. ” აფხაზ პოლიტიკოსთა შემდგომი თაობის პოზიციასთან დაკავშირებით მსგავს ვარაუდს გამოთქვამს ქართველი ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში არჩილ გეგეშიძე. ამ დღეებში, რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას, მან შეკითხვას, რა შანსს მისცემს საქართველოს, კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით, ნატოში გაწევრიანება, ასე უპასუხა:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” საქართველო არ არის ჯერ მიმზიდველი. ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველო სხვაგვარად გამოჩნდება კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის და ეს შექმნის დამატებით, თუმცა არასაკმარის, პირობას, რათა სხვაგვარად დადგეს საკითხი ქართველებთან შერიგების. ამ თვალსაზრისით, ნატოში შესვლა არის კონფლიქტის მოგვარების სერიოზული გზა.” (სტილი დაცულია)

”ნატოში გაწევრიანება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გეგმებში არ შედის. საქართველოს ნატოში შესვლა შეუძლია, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე. ” - ეს უკვე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ედუარდ კოკოითის განცხადებაა. 16 თებერვალს მოსკოვში, შამბას მხარდამხარ, მანაც იმისკენ მოუწოდა მოსკოვს, რომ დააჩქაროს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

როგორც ჩანს, საქართველოს წინსვლა ნატოსკენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენელთა შეხვედრებს მოსკოვში კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის, მით უფრო, რომ საქართველოს მთავრობაში აქტიური ლაპარაკი დაიწყო კონფლიქტის ზონებში რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლების ვარიანტის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის თქმით, ”მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ რა ჩარჩოებში განხორციელდება ეს ცვლილება და რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია გასცემს მანდატს სამშვიდობოებისთვის.”