ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოიწონა 5 ქვეყნის - მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის - ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის კანონპროექტი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი,
რომელშიც გამოხატულია შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა ნატოში ალბანეთის, ხორვატიის, მაკედონიის, საქართველოსა და უკრაინის დროულად გაწევრიანებისათვის. ”2007 წლის აქტი ნატოში თავისუფლების კონსოლიდაციის შესახებ” - ასე ჰქვია ამ კანონპროექტს. ის 2006 წელს იქნა მომზადებული, თუმცა განხილვა, როგორც აღნიშნავენ, შიდა საკითხებმა, პირველ რიგში კი, კონგრესის არჩევნებმა შეაფერხა. ”2007 წლის აქტი ნატოში თავისუფლების კონსოლიდაციის შესახებ” დასამტკიცებლად შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაშია გადაგზავნილი. თბილისში მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს დაჩქარებული ტემპით გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე.

დღესდღეობით მსოფლიოს 5 ქვეყანა გამოთქვამს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში - ნატოში - გაწევრიანების სურვილს, მათ შორის - საქართველო და უკრაინა. ხუთიდან 3 - მაკედონია, ალბანეთი და ხორვატია - ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას გადის და, ნატოს სამიტის დეკლარაციის მიხედვით, მათ 2008 წელს უნდა მიიღონ მიწვევა ნატოში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად და დასამტკიცებლად გადაგზავნილი კანონპროექტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი უნდა დაუჭიროს მაკედონიის, ალბანეთის , ხორვატიის, საქართველოსა და უკრაინის დროულ გაწევრიანებას ნატოში. ”2007 წლის აქტი ნატოში თავისუფლების კონსოლიდაციის შესახებ” ითვალისწინებს ნატოსკენ მსწრაფი ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - სერიოზულ მხარდაჭერას, პოლიტიკურ და, ამავდროულად, ფინანსურ მხარდაჭერას. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აღნიშნავს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ეს არის ძალიან სერიოზული ღია მხარდაჭერა - მათ შორის, ეკონომიკური მხარდაჭერა - იმ ინსტიტუციონალური ცვლილებებისთვის, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად. ”(სტილი დაცულია).

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში არჩილ გეგეშიძე კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს აღიქვამს იმის გამოხატულებად, რომ შეერთებულ შტატებში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოს დაჩქარებული ტემპით გაწევრიანებას:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”რადგან საქართველოსთან ერთად სამი ბალკანური ქვეყანაა, რომელთა გაწევრიანებაზეც საუბარი მიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ დაჩქარებულად გაიაროს ის გზა, რაც ამ ქვეყნებმა გაიარეს. ”(სტილი დაცულია).

”ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავის პარტნიორებს ნატოდან მოუწოდებს, იმუშაონ შეერთებულ შტატებთან ერთად იმ როლის რეალიზაციისთვის, რომელსაც ნატო ასრულებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მხარი დაუჭირონ ნატოს გაფართოებას და მასში ღირსეული სახელმწიფოების გაწევრიანებას, ” - აღნიშნულია შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში. როგორც უკვე ვთქვით, ამ დოკუმენტის მიხედვით, 5 ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა გულისხმობს აღნიშნული ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასაც - 20 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატების დოლარით. გავრცელებული ცნობებით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნახევარი, საქართველოსთვის უნდა იქნეს განკუთვნილი. ამ ფაქტზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”ის , რომ საქართველო მოხვდა მაგ ქვეყნების რიგში, გასაკვირი არ არის, - ისინი მხარს უჭერენ ყველას, ვინც ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს, - მაგრამ ის, რომ თანხის ნახევარი საქართველოზე მოდის, ფინანსურთან ერთად არის ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა.”(სტილი დაცულია)

”ასეთ ვითარებაში საქართველოში იხარჯება დიდი ფული აქ რუსული პოლიტიკის წასახალისებლად,” - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი და იმათ, ვინც სვამს კითხვას ”ნატო თუ ნეიტრალიტეტი? ”, ურჩევს, ნუ ცდილობენ საზოგადოებაში სკეპციზის შეტანას ნატოსკენ საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით. ”რეალურად დღეს ასე დგას საკითხი: ნატო თუ რუსეთი,” - დასძენს ნათქვამს კოტე გაბაშვილი.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში ლიტვის საელჩოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს. მხარდაჭერის მთავარი მოტივაცია ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური განვითარებაა.