მიუნხენში პარასკევს საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება

პარასკევს, 9 თებერვალს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე სამდღიანი
კონფერენცია დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობას მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები იღებენ. კონფერენცია ყოველწლიურია - წელს ის ორმოცდამესამედ იმართება.

მიუნხენის კონფერენცია იმ ადგილად ჩამოყალიბდა, სადაც მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე საკუთარ ხედვას უზიარებენ ერთმანეთს. ამ კონფერენციას საგარეო პოლიტიკის სფეროში გამართული სხვა ღონისძიებებისგან სწორედ ეს მახასიათებელი განასხვავებს - აქ მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს გულწრფელად ელაპარაკებიან, მათი საუბრის მოსმენა კი მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

პარასკევს, 9 თებერვალს, კონფერენციის მონაწილეები სადილად შეიკრიბებიან და კონფერენცია ამით გაიხსნება. აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით გაიხსნა - მიხეილ სააკაშვილი სიტყვით საზეიმო სადილზე გამოვიდა. წელს საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

სრული ძალით კონფერენცია მუშაობას უკვე შაბათიდან შეუდგება, როდესაც კონფერენციის მონაწილეებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საგანგებო სიტყვებით მიმართავენ.

ვლადიმირ პუტინი მიუნხენის კონფერენციაში წელს პირველად მონაწილეობს. როგორც ვარაუდობენ, პუტინის სიტყვას კითხვა-პასუხის დინამიკური სესია მოჰყვება.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში ევროპისთვის რუსეთს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს - განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიწოდების თვალსაზრისით. უკრაინასა, საქართველოსა და ბელორუსიასთან ენერგეტიკის საფასურის ირგვლივ შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, რუსეთს დასავლელი პოლიტოლოგების დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა რეგიონზე გავლენის შენარჩუნების მიზნით ენერგეტიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

შეხვედრის სხვა მნიშვნელოვან მონაწილეებს შორის იქნებიან: შეერთებული შტატების თავდაცვის ახალი მინისტრი რობერტ გეიტსი, ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი ხავიერ სოლანა.

რა გზებით შეუძლია ევროკავშირს რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და უნდა იკისროს თუ არა ნატომ გლობალური როლი - ეს გახლავთ კიდევ ის რამდენიმე საკითხი, რომლებიც შაბათს უნდა განიხილონ. ამასთან, მოსალოდნელია, რომ კონფერენციაზე წამოიჭრას კოსოვოს სამომავლო სტატუსის საკითხი და ავღანეთის თემა - მოგეხსენებათ, ავღანეთში ნატოს 30,000 ჯარისკაცი ჰყავს წარგზავნილი.

კონფერენცია კვირას, 11 თებერვალს, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის გამოსვლით დასრულდება.

აქვე გეტყვით, რომ მიუნხენის კონფერენციას 1962 წელს, ცივი ომის პერიოდში, ჩაუყარა საფუძველი გერმანელმა გამომცემელმა ევალდ ფონ კლეისტმა. თავდაპირველად მას ”უსაფრთხოების კონფერენცია” უწოდეს, მოგვიანებით კი ღონისძიებას ”უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ კონფერენცია” დაერქვა.