ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქმის განხილვის წინ სულხან მოლაშვილს ახალ ბრალდებას უყენებენ

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს, რომელსაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს
ექიმის ცემაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც თითქოს მოლაშვილმა ექიმ ჯურხა ფილაურს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაავრცელა. მოლაშვილის ახლობლები და ადვოკატები პატიმრის მიერ ექიმის ცემას გამორიცხავენ. ისინი დარმწუნებულები არიან, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვის წინ ხელისუფლება სულხან მოლაშვილს დამატებით პრობლემებს უქმნის. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს სახალხო დამცველის აპარატიც, რომლის წარმომადგენლებსაც შეკითხვები აქვთ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით.


ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო სულხან მოლაშვილის დაკითხვა გამოძიებამ სამშაბათს შუადღისას დაიწყო. პატიმარს დაკითხვამდე ადვოკატი შალვა შავგულიძე შეხვდა მცირე ხნით და ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილს ექიმ ჯურხა ფილაურისთვის ფიზიკური შერაცხყოფა არ მიუყენებია. საპირისპიროს ამტკიცებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია:

[ბაჩო ახალაიას ხმა} ” სულხან მოლაშვილთან ერთად სასჯელს იხდის მისი ყოფილი კოლეგა გაგი ხვედელიძე, რომელმაც გაიარა ციხის საავადმყოფოში სამკურნალო კურსი. დღეს ხდებოდა მისი გაწერა საავადმყოფოდან და, როგორც ჩანს, ამან გამოიწვია მოლაშვილის გაღიზიანება. ის შეუვარდა კაბინეტში ექიმს და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.” (სტილი დაცულია)

მივყვეთ ისევ ადვოკატ შალვა შავგულიძის განმარტებებს, რომლებიც მან სულხან მოლაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ადვოკატის ნაამბობით, მოლაშვილი, მართლაც, აღაშფოთა ციხის საავადმყოფოდან გაგი ხვედელიძის გაწერის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რადგან ხვედელიძე მძიმე ავადმყოფია, თუმცა ამის გამო მას ექიმისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არამედ, პირიქით, ექიმმა მოუწყო პროვოკაცია მოლაშვილს. ”როგორც მოლაშვილი ჰყვება, ექიმმა ფილაურმა ის თავის კაბინეტში შეიყვანა, შემდეგ კი დაიწყო ყვირილი, რომ ავადმყოფის გაწერის საკითხს ის არ წყვეტს და ბრძანებას ზემოდან იღებს,” - აცხადებს ადვოკატი შალვა შავგულიძე. რა მოხდა სინამდვილეში, გამოძიების გამოსარკვევია, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, საქმის შესწავლა საჭიროდ მიიჩნია სახალხო დამცველის აპარატმა. ინიციდენტის დეტალების გამოსარკვევად მისმა წარმომადგენლებმა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიაკითხეს და იქ დამაეჭვებელ გარემოებებს წააწყდნენ. აღნიშნულის შესახებ ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა:

[სოზარ სუბარის ხმა] ”გადამოწმების შედეგად, ერთი რამის თქმა შეიძლება: ინფორმაცია, რასაც იძლევა მთავარი ექიმი და ციხის დირექტორი, ერთამენთისგან განსხვავდება. დანარჩენმა ექიმებმა, რომლებიც თითქოს ინციდენტის მოწმეები იყვნენ, პირში წყალი ჩაიგუბეს და, რაც მთავარია, ის ექიმი, რომელსაც თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა მოლაშვილმა, დაგვიმალეს.” (სტილი დაცულია)

გარდა ამისა, სუბარის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არც მოლაშვილის ყოფილი თანამშრომლის გაგი ხვედელიძის საქმე გააცნეს, იმის მომიზეზებით, რომ საქმე ერთ-ერთი ექიმის კაბინეტში იყო ჩაკეტილი, ექიმი კი გასულიყო და კაბინეტის გასაღები თან ჰქონდა წაღებული.

”სულხან მოლაშვილი საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია და სტრასბურგის სასამართლოში მისი საქმის განხილვის წინ ზედმეტ პრობლემებს არ შეიქმნიდა,” - აცხადებენ მოლაშვილის ახლობლები, რომლებიც გამორიცხავენ პატიმრის მხრიდან ექიმის ცემას. მაგრამ საინტერესოა, რას გამოარკვევს გამოძიება.

შეგახსენებთ: კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის 23 აპრილს, დააკავეს. გამოძიება მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მიტაცებას ედავებოდა. სასამართლომ სულხან მოლაშვილს თავიდან 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ეპიზოდში ბრალდება მოუხსნა და სასჯელი ერთი წლით შეუმსუბუქა.

სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება მისმა ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგში მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით მასალები გადაგზავნილია; გადაგზავნილია აგრეთვე ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საქმის სასამართლო განხილვისა და მოლაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა. გავრცელებული ცნობებით, ევროპის სასამართლოში მოლაშვილის საქმის განხილვა ახლო მომავალში დაიწყება.