ერაყის ყოფილი დიქტატორის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს

შაბათს, გამთენიისას, ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი. განაჩენის სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე საათში დასავლეთისა და არაბულენოვანი ქვეყნების ტელეარხებმა მაყურებელს უჩვენეს კადრები,
რომლებზეც ასახულია ჰუსეინის მსვლელობა სახრჩობელისკენ. უშუალოდ ჩამოხრჩობის პროცესი ტელევიზიით არ გადაუციათ.

სასიკვდილო განაჩენი სადამ ჰუსეინს სასამართლომ 5 ნოემბერს გამოუტანა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ბრალდება ეხებოდა 1982 წელს სოფელ დუჯაილიში 148 შიიტი მამაკაცის დახოცვას. განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა თავად ბრალდებულის მკვეთრი რეაქცია და შეძახილები "გაუმარჯოს ხალხს!", "გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!", "მაღალ არს ღმერთი!"

[სადამ ჰუსეინისა და მოსამართლის ხმები]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ და საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა სასამართლო პროცესი არაერთხელ გააკრიტიკეს. მათი აზრით, პროცესი საერთაშორისო იურიდიული ნორმების დარღვევით წარიმართა.

27 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ერაყის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, ერაყის ყოფილმა დიქტატორმა განაცხადა, რომ მზად არის, თავი მსხვერპლად გაწიროს, და ერაყელ ხალხს მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით შეებრძოლოს მტერს.

შაბათს ერაყის მთავრობის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მოვაფაყ რუბაიემ, რომელიც სიკვდილით დასჯას დაესწრო, სატელეფონო ინტერვიუ მისცა აშშ-ის ტელეკომპანია CNN-ს:

[მოვაფაყ რუბაიეს ხმა] "ეს კაცი ძალიან, ძალიან მოტეხილი იყო. მასში ვერავითარი სინანული ვერ დავინახე. ვერ ვიგრძენი, რომ რაიმეს მონანიება სურდა. ვფიქრობ, არც პატიებას სთხოვდა ვინმეს. ("

სადამ ჰუსეინი 1979 წლიდან, ორ ათეულ წელიწადზე მეტ ხანს მართავდა ერაყს, ვიდრე მას 2003 წელს ჩამოაგდებდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. 2004 წლის 13 დეკემბერს იგი ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს.

ჰუსეინი 1937 წლის 28 აპრილს დაიბადა თიქრითში, მწყემსის ოჯახში. ათი წლისა – ვერ გაუძლო რა მამინაცვლის მხრიდან გაუთავებელ ცემა-ტყეპასა და დამცირებას – იგი შინიდან გაიქცა და საცხოვრებლად ბაღდადში, თავის ბიძასთან გადავიდა.

სწორედ იქ დაიწყო სადამ ჰუსეინის პოლიტიკური კარიერა. 20 წლის ასაკში იგი ბაათის პარტიაში გაწევრიანდა. მაშინ, 50-იანი წლების მიწურულს, არაბულ სამყაროში უაღრესად პოპულარული იყო ეგვიპტის პრეზიდენტის ჯამალ აბდელ ნასერის პან-არაბისტული იდეები და ჰუსეინიც სწორედ ამ იდეებით შეპყრობილი შეუდგა პოლიტიკური კარიერის კიბეზე აღმასვლას.

პირველი სისხლიანი პოლიტიკური აქტი, რომელშიც სადამ ჰუსეინმა მონაწილეობა მიიღო, ერაყის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის აბდალ ქარიმ ყასიმის ჩამოგდების ცდა იყო. იგი წარუმატებლად დამთავრდა და ჰუსეინი – ზოგიერთ სხვა თანამოაზრესთან ერთად – იძულებული შეიქნა, ქვეყანა დაეტოვებინა. ის ქაიროში წავიდა და სწავლა დაიწყო იქაური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, თუმცა ერაყში დაბრუნებისთანავე სამი წლით ციხეში ამოყო თავი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰუსეინმა ნაბიჯ-ნაბიჯ იწყო აღმასვლა ბაათის პარტიის რიგებში, რაც 1979 წელს მისი გაპრეზიდენტებით დასრულდა. მაგრამ სადამ ჰუსეინმა ჯერ კიდევ ამ თანამდებობის დაკავებამდე რამდენიმე წლით ადრე მოიპოვა თავის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ფიგურის სახელი. იმხანად მისი მისამართით ხშირად ისმოდა ქება სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის, ქალთა თანასწორუფლებიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

მაგრამ მისი 24-წლიანი ავტორიტარული მმართველობა არაერთი სისხლიანი მოვლენით აღინიშნა. ჯერ იყო სრულიად უნაყოფო რვაწლიანი ომი ირანთან, რომელსაც ორივე მხარეს ასიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წელს ამას მოჰყვა მეზობელი ქუვეითის დაპყრობა, რასაც მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ჩარევის შემდეგ მოეღო ბოლო.

ქვეყნის შიგნით ჰუსეინი ულმობლად უსწორდებოდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გაილაშქრებდა – სიტყვით თუ საქმით. ხუთიათასამდე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი ამდენი დასნეულდა 1988 წელს, როცა ერაყის არმიის მოსამსახურეებმა მომწავლავი გაზი გამოიყენეს, ვიდრე იერიშს მიიტანდნენ ერაყის ქურთისტანის ქალაქ ჰალაბჯაზე.

1991 წელს ჰუსეინმა სისხლში ჩაახშო აჯანყებები ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ ერაყში და ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც უპირატესად შიიტები ცხოვრობდნენ. იმ ბრძოლებში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაიღუპა.

90-იან წლებში, ირანთან ხანგრძლივი ომისა და გაეროს სანქციების შედეგად დასუსტებული ერაყის ლიდერი, სულ უფრო მეტად ეურჩებოდა დასავლეთს, საკმარისად არ თანამშრომლობდა გაეროს ინსპექტორებთან, რომლებიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს ეძებდნენ.

2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ იორკში განხორციელებული ტერორისტული ოპერაციის შემდეგ, სულ უფრო ხშირად გაისმოდა ხმები ტერორისტებთან სადამ ჰუსეინის რეჟიმის შესაძლო კავშირზე.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ვერც მასობრივი იარაღი აღმოაჩინეს და ვერც ალ-ყაიდის ტერორისტებთან ამ ქვეყნის კავშირი დაამტკიცეს, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2003 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჰუსეინის დამხობის მიზნით სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

სადამ ჰუსეინის მმართველობაც მალე დამთავრდა. 2004 წლის დეკემბერში, როგორც ზემოთაც გითხარით, იგი ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს.

სადამ ჰუსეინს სამი ქორწინებიდან ექვსი შვილი ჰყავდა.

ცნობას სადამ ჰუსეინის სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ, როგორც მოსალოდნელიც იყო, სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტმა რამდენიმე ინტერვიუ აიღო ბაღდადის ქუჩებში.

[პირველი ბაღდადელი მამაკაცი] "სადამის სიკვდილით დასჯა ამ კონკრეტულ მომენტში კარგს არაფერს მოუტანს ერაყელ ხალხს. დღეს ეიდის დღესასწაულის პირველი დღეა. ჩვენი შვილები ამ დღეს ელოდნენ, რათა ეზეიმათ და არა იმისთვის, რომ სიკვდილით დასჯის მოწმენი გამხდარიყვნენ."

კიდევ ერთი ბაღდადელი მამაკაცი პირიქით, სწორედ იმიტომ არის განსაკუთრებით გახარებული, რომ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯა ეიდის დღესასწაულს დაემთხვა:

[მეორე ბაღდადელი მამაკაცი] "ეს დიდი დღეა ერაყელი ხალხისთვის! განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ეიდის დღესასწაულს დაემთხვა. უზომოდ ბედნიერები ვართ, რადგან სადამმა ჩვენი ქვეყანა მოსპო. ღმერთს მადლობას ვუძღვნით, რომ ეს კაცი სიკვდილით დაისაჯა."

მეზობელ ირანში, სადაც სადამ ჰუსეინის სახელს რვაწლიან ომში ასიათასობით ადამიანის დაღუპვას უკავშირებენ, ყოფილი დიქტატორის სიკვდილით დასჯას სიხარულით შეხვდნენ. აი, რა უთხრა რეიტერის კორესპონდენტს თეირანელმა აკრამ მოჰაჯერიასმა:

[აკრამ მოჰაჯერიასის ხმა] "მე მუსლიმანი და მარტვილის ოჯახის წევრი გახლავართ. ჩემს მეუღლეს 25 წლის წინათ, დასავლეთ ირანში, წამებით ამოხადეს სული ამ მკვლელებმა. ჩემი აზრით, სადამის სიკდილით დასჯა მხოლოდ მცირე საზღაურია იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩაიდინა. ეს სასჯელი გაკვეთილად უნდა იქცეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის. ჩვენ უსაზღვროდ ბედნიერი ვართ!"