ბელორუსია საპასუხო ულტიმატუმს უყენებს გაზპრომს

ბელორუსია არ აპირებს დათმობას გაზპრომისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, გაზის საფასური გაუძვიროს მეზობელ ქვეყანას.
უფრო მეტიც, მინსკი აცხადებს, რომ თუკი გაზპრომი მას გაზით მომარაგებაში პრობლემებს შეუქმნის, იგი შეწყვეტს ევროპისთვის გაზის მიწოდებას.

მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობის დაძაბვით სრულდება მიმდინარე წლის ბოლოს გაზპრომის მიერ წარმოებულ რთულ მოლაპარაკებათა სერია, რომელშიც რუსეთის კომპანიამ წარმატებას მიაღწია საქართველოსა და მოლდავეთთან, მაგრამ ვერ შეთანხმდა აზრებაიჯანთან.

გაზპრომმა განაცხადა, რომ ის ბელორუსიას გაზის მიწოდებას შეუჩერებს, თუკი მინსკი 1-ლი იანვრიდან არ გადაიხდის ახალ, გაზრდილ ფასს.

საპასუხოდ მინსკმა თავის მხრივ ულტიმატუმით მიმართა გაზპრომს. მოსკოვში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ბელორუსიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ სიამაშკამ თქვა, რომ ბელორუსიისთვის გაზის მიწოდება და გაზპრომის უფლება, მისი ტერიტორია გამოიყენოს გაზის ტრანზიტისთვის, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ანუ, გაზპრომთან შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში მინსკი თავის ტერიტორიაზე გაზპრომის გაზის გატარებაზე უარის თქმით იმუქრება.

როგორც გაზპრომის წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა განაცხდა ოთხშაბათს მოსკოვში, კომპანია დათმობას არ აპირებს.

[კუპრიანოვის ხმა] "ნურავინ ელოდება გაზპრომისგან ასეთ საახალწლო საჩუქრებს. გაზპრომი სანტა კლაუსი არ არის."

მაგრამ მინსკის მცდელობა, საპასუხო ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე, საფუძველს მოკლებული ჩანს. რუსეთიდან ევროპაში გაზის 80 პროცენტის ექსპორტი უკრაინის გავლით ხდება და მხოლოდ 20 პროცენტისა - ბელორუსიის გზით.

როგორც ოქსფორდის ენერგეტიკის საკითხების კვლევითი ინსტუტის გაზის პროგრამის დირექტორმა, ჯონათან სტერნმა უთხრა ჩვენს რადიოს, გაზის ტრანზიტზე უარის თქმა თავად ბელორუსიას ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მისი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული ამ ენერგომატარებელზე. რაც შეეხება ევროპას, გაზით მის მომარაგებას სერიოზული საფრთხე ამით არ შეექმნება.

ამჟამად ბელორუსია გაზპრომს 47 დოლარს უხდის 1000 კუბურ მეტრ გაზში. თავდაპირველად გაზპრომმა ბელორუსიას გადასახადის 200 დოლარამდე გაზრდა მოსთხოვა, მაგრამ შემდეგ 105 დოლარამდე დაიყვანა ფასი. უახლესი წინადადებით, ბელორუსიას გაზი დაუჯდება 75 დოლარი, პლუს 30 დოლარის სანაცვლოდ მან სახელმწიფო გაზსადენი ბელტრანსგაზის აქციები უნდა დაუთმოს გაზპრომს.

ბელორუსია კი თანახმაა 75 დოლარი გადაიხადოს გაზში, ოღონდ ბელტრანსგაზის წილის დათმობის გარეშე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ბელორუსიას სუბსიდირებულ გაზს აწყვდის. საბაზრო ფასებზე გადასვლა სერიოზული დარტყმა იქნებოდა არა მხოლოდ ბელორუსიის ეკონომიკისთვის, არამედ, შესაძლოა, პოლიტიკური სისტემისთვისაც, ვინაიდან პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი საბჭოთა ყაიდის ეკონომიკის დასაფინანსებლად დიდწილად ემყარება რუსეთიდან იმპორტირებულ იაფ გაზს.

როგორც ჩანს, ლუკაშენკოს სუბსიდირება უფრო ძვირი უჯდება რუსეთს, ვიდრე ეს მას უღირს.

ჯონათან სტერნს მოუსმინეთ:

[სტერნის ხმა] "ამ სუბსიდიებმა - თუ ევროპულ ფასებს შევადარებთ - ამ სუბსიდიებმა უზარმაზარი მასშტაბეები მიიღო. ბელორუსიის შემთხვევაში ის წელიწადში 4-5 მილიარდ დოლარს უტოლდება. ეს უზარმაზარი თანხაა, თანაც წინსვლა არ არის ინფრასტრუქტურის განაწილების საქმეში და პოლიტიკური ურთიერთობებიც უარესდება. ამ პირობებში, ვფიქრობ, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ კმარა."

ბელორუსია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გაზპრომის საბაზრო პოლიტიკას ემსხვერპლნენ. ამ პროცესის მთავარი აზრი ის არის, რომ საბჭოთა ტიპის სუბსიდიების დრო წარსულს ბარდება.

[სტერნის ხმა] "სუბსიდიების ეპოქა, რომელიც საბჭოთა კავშირის გადმონაშთი იყო, დასასრულს უახლოვდება. ისინი ამას რაც შეიძლება უფრო ეტაპობრივად გააკეთებენ, რათა შაც შეიძლება უფრო ნაკლები იყოს ზემოქმედება. მაგრამ მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ არავის ექნება გაზზე სუბსიდირებული ფასი, არაუგვიანეს 2007 წლის ბოლოდან. ასე რომ, ეს ნებისმიერი სახის სუბსიდიების უკანასკნელი წელია."

როგორც ჩვენს რადიომსმენელს მოეხსენება, 22 დეკემბერს საქართველო დათანხმდა, 2007 წლიდან გაზპრომს ათას კუბურ მეტრ გაზში 235 დოლარი გადაუხადოს. დათანხმდა მოლდავეთიც, რომელიც 170 დოლარს გადაიხდის 2011 წლამდე, შემდეგ კი ისიც ევროპულ ფასებზე გადავა. ამასთან, მოლდავეთი დათანხმდა, გაზის იმპორტის ნაწილის საფასური დაფაროს გაზის კონცერნების, მათ შორის გამანაწილებელი სისტემების, გაზპრომისთვის გადაცემის გზით.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მან უარი თქვა რუსეთიდან გაზის იმპროტზე ფასის 110-დან 235 დოლარამდე გაზრდაზე. ბაქო აცხადებს, რომ იგი საკუთარ ენერგორესურსებს გამოიყენებ და, ასევე, მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან გაზის შესაძლო ალტერნატიული წყაროების შესახებ.