იწყება თუ არა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაგრილება?

მას შემდეგ, რაც რუსეთის ენერგოკომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გაზის ექსპორტს ახალი, გაძვირებული ტარიფებით აპირებს, ბაქომ საპასუხო გზების ძებნა დაიწყო.

აზერბაიჯანმა შესაძლოა შეამციროს ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთისკენ, რათა რუსეთიდან გაზის იმპორტის დეფიციტის შემთხვევაში საკუთარი ნავთობით შეძლოს ელექტროენერგიის წარმოება. ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კვირას. აზერბაიჯანი ჯერჯერობით 110 დოლარს იხდის კუბურ მეტრ გაზში. ახალი წლიდან გაზპრომი ფასის 230 დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

უკანასკნელ ხანებში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები შეინიშნება. არის იმის ნიშნები, რომ ბაქო, რომელიც წლების მანძილზე ერთობ ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა მოსკოვის მიმართ, ახლა ახალი გზების ძიებაშია.

რამდენად არის ალიევის უკანასკნელი განცხადება ეკონომიკური აუცილებლობით განპირობებული? მოუსმინეთ ენერგეტიკის აზერბაიჯანელ ექსპერტს, ილჰამ შაბანს, რომელსაც ბაქოში დავუკავშირდით ტელეფონით.

[შაბანის ხმა] "მე ვფიქრობ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური განცხადება. ვინაიდან დღესდღეობით აზერბაიჯანის ენერგეტიკული ბალანსი არც გაზის და არც ნავთობის სფეროში ჯერ არ არის შედგენილი. ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია. ჯერჯერობით არ არის ნათელი მომავალ წელს რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის მოცულობა. მეორე მხრივ, რუსეთი არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანის მიმართ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება უფრო პოლიტიკური ხასიათის არის, ვიდრე ეკონომიკური ხასიათისა."

თუმცა ილჰამ შაბანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნოვოროსიისკის მარშრუტზე მთლიანად უარის თქმაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან ალტერნატიული მარშრუტი - ბაქო-სუფსა - ჯერჯერობით ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ შეცვლის მას.

ცხადია, ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს, რა გავლენას მოახდენს ენერგეტიკის სფეროში რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთოებში შესაძლო სიახლეები საქართველოს ენერგომომარაგებაზე.

ილჰამ შაბანის აზრით, ვითარება ერთობ ჩახლართულია და ამ ეტაპზე ძნელია ამ კითხვაზე გარკვეული პასუხის გაცემა.

[შაბანის ხმა] "თუკი განვიხილავთ მოსკოვი-ბაქო-თბილისის სამკუთხედს, რომ გამოგიტყდეთ, ჯერჯერობით არ არსებობს გამოკვეთილი საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ აზერბაიჯანი რუსეთის მხარეზეა თუ საქართველოს მხარეზე; ახორციელებს თუ არა რუსეთი აზერბაიჯანზე ზეწოლას ანდა ახდენს თუ არა ის თურქეთში აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის ბლოკირებას. მოკლედ, ვითარება ერთობ ჩახლართულია."

უფრო ოპტიმისტურად ჟღერს ილჰამ შაბანის ქართველი კოლეგა გია ხუხაშვილი, რომელსაც ჩვენი გადაცემის წინ დავურეკეთ.

[ხუხაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

გია ხუხაშვილის თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გლობალურ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.

[ხუხაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

აზერბაიჯანი აქამდე ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩეოდა. გეოპოლიტიკურ თამაშში ბაქო დივერსიფიკაციისა და გაწონასწორების გზას არჩევდა. რამ გადააწყვეტინა აზერბაიჯანს რუსეთის მიმართ უფრო თამამი კურსის არჩევა? კვლავ გია ხუხაშვილს მოუსმინეთ.

[ხუხაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

დღეს ბაქოში ჩავიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი. როგორც ვარაუდობენ, ამ ვიზიტით შეიძლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ხანგრძლივი გაგრილება დაიწყოს მიუხედავად იმისა, დაჰყვება თუ არა ბაქო მოსკოვის ზეწოლას საქართველოს წინააღმდეგ.