ქართული პრესა

დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართულ პრესას თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, უნდა დავიწყოთ ორშაბათით, როცა გაზეთები
გიორგობასა და ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავს ეხმაურებოდნენ. ”24 საათი”, მაგალითად, თავისუფლების მოედანზე ზურაბ წერეთლის ძეგლის აღმართვის გამო წერდა: ”რატომ უნდა იდგეს საქართველოს მთავარ მოედანზე მოსკოვის ღერბი? ესეც რომ არა, თვით ქანდაკება რუსეთის ისტორიის კიჩური გადმოცემაა: წარმართული ზღაპრიდან გადმოსული ”ზმეი გორინიჩი” დელიკატურად უფარავს გენიტალიებს ანიჩკოვის ხიდიდან გამოქცეულ ცხენს, რომელზედაც ბიზანტიურად დატალღული თმით შემკული უწვერული ჭაბუკი ამხედრებულა. სრული კომპლექტია: პეტერბურგულ-იმპერიული ”სამოდერჟავიე”, ცარგრადულ-მოსკოვური ”პრავოსლავიე” და ორივესგან გათელილ-განგმირული ”ნაროდნოსტ”. სულ მარტივი გამოთვლა დაადასტურებდა, რომ სვეტის ზომები ქანდაკების სიდიდეს არ შეესაბამება - არავითარი ჰარმონიულობა: ახლოდან ცხენის ნალებსა და მუცელს ხედავ, შორიდან კი - გიგანტურ ”მამალოს” თუ ”ჩუპა-ჩუპს”, რომლის ოქროსფერი ბრწყინვალება იმდენად სამეფო რეგალიებს კი არ გვაგონებს, რამდენადაც დროებით საკარნავალო კონსტრუქციებს”.

რა თქმა უნდა, პრესა შეეხო რიგაში გამართულ ნატოს სამიტსა და მინსკში გამართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს. ამ უკანასკნელს ნაკლები ყურადღება დაუთმეს. ასე მაგალითად, “რეზონანსი” აღნიშნავდა, რომ სააკაშვილისა და პუტინის მოლაპარაკება მხოლოდ 5 წუთს გაგრძელდა. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები მინსკში ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ საერთო ენა ვერ გამონახეს. პუტინთან შეხვედრისას საქართველოს წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს სააკაშვილმა არაადეკვატური უწოდა, პასუხად კი პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ კანონიერია და მათ საფუძვლად უდევს სანქციებამდე რუსი ოფიცრების დაპატიმრება და ერთი მათგანის ცემა.

რაც შეეხება ნატოს სამიტის შეტყობინებებს საქართველოსათვის, გაზეთი “ახალი ვერსია” აღნიშნავდა: ”ნატოს სამიტზე მიღებული კომუნიკე საქართველოს იმედებსა და მისწრაფებებს ადეკვატურად პასუხობს. სრულიად არარეალური იქნებოდა, სამიტზე პირდაპირ ეთქვათ, რომ ალიანსი საქართველოს გასაწევრიანებლად ეპატიჟება. ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყნისათვის რუსული ფაქტორის სრული იგნორირებაც მეტად ძნელია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე საუბარი მოსალოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან ეს არ გახლდათ გაფართოების სამიტი. ასეთი სამიტი 2008 წელს გაიმართება, - წაიკითხავდით ”ახალ ვერსიაში”.

გაზეთი”ალია” ცნობილია იმით, რომ სხვაზე მეტად არის მომართული პოლიტიკური საკითხებისა და შიდაპოლიტიკური ურთიერთობების რკვევაზე. ასე იყო გასულ კვირაშიც. თუნდაც მხოლოდ სათაურები მიგანიშნებთ თემებისა და კვლევის დიაპაზონზე: ”როგორ იძია შური ოქრუაშვილმა საააკაშვილზე...” “ხელისუფლებამ პატრიარქი დააშინა?” “სახეს აგახევ, - უთქვამს გადამდგარ ოქრუაშვილს გიგი უგულავასთვის”, “აშშ-მა სააკაშვილს ომი გამოუცხადა”, “ნატო არც საერთო საცხოვრებელია და არც საერთო უნიტაზი”, “როგორ თაღლითობდნენ მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა?!”, “რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს სააკაშვილის ორი გუნდი; ბოკერია სააკაშვილის წინააღმდეგ ჩუმად მოქმედებს?!” “იცის პრეზიდენტმა, რას უმზადებენ თავისი ფავორიტები”, “ნატოში შესვლა ჩვენთვის წამგებიანი ყოფილა”, “სად და ვის გვერდით დაიკრძალება სააკაშვილი და რას ასაიდუმლოებს საპატრიარქო?” “აპრილიდან საქართველოში ხუნტა გვეყოლება?” - ახლა ამ სათაურებს მიუმატეთ კითხვისა და კითხვა-ძახილის ნიშნები, ზოგიერთს - მრავალწერტილიც და ”ალია” უფრო გასაგები შეიქნება თქვენთვის...

ორიოდ სიტყვა შაბათის, 2 დეკემბრის, ქართულ პრესაზეც. “ახალი თაობა” ცდილობს გაარკვიოს, საიდან გაჩნდა ნახევარ მილიონზე მეტი პრემიერ-მინისტრის დეკლარაციაში. მართალია, ეს წინადადება კითხვის ნიშნის გარეშე წერია, მაგრამ წერილის წაკითხვისას აღმოაჩენთ, რომ გაზეთს ამაზე პასუხი არა აქვს. სამაგიეროდ, “ახალ თაობაში” არის სხვა პასუხები, მაგალითად, ლეიბორისტ იოსებ შატბერაშვილისა, რომელიც ამტკიცებს, რომ განათლების სფეროს დაფინანსებიდან პრეზიდენტი სააკაშვილი, მინისტრი ლომაია და მათი მეგობრები ათეულობით მილიონ ლარს შოულობენ, ნაცვლად იმისა, რომ ფული სკოლების გათბობას, მშენებლობასა და რემონტს მოახმარონ.