საქართველოს ბიზნესგარემო, მსოფლიო ბანკისა და ქართველი ექსპერტების შეფასებებით

არსებობს აზრი, რომ ბუნებრივი რესურსებით ღარიბმა ქვეყანამ, ქვეყანამ, რომელსაც, ამავდროულად, დაბალი ტექნოლოგიური დონე აქვს,
მზარდ და კონკურენტულ ეკონომიკას ლიბერალური ბიზნესგარემოს შექმნით უნდა ჩაუყაროს საფუძველი. ხდება თუ არა ასე საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და არც მაღალი ტექნოლოგიური დონით გამოირჩევა? მსოფლიო ბანკის ბოლო გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა პირობები საქმიანი აქტივობისათვის. მაგრამ აქ ხელის შემშლელი პირობებიც არსებობს და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული რეალური რისკებიც. მინდა შეგახსენოთ მსოფლიო ბანკის გამოკვლევის შედეგები და გიამბოთ იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებენ ამ გამოკვლევასა და, საერთოდ, საქართველოს ბიზნესგარემოს ქართველი ექსპერტები.

”ბიზნესის წარმართვა 2007” - ”მსოფლიო ბანკის” ამ ცნობილი გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქმიანი აქტივობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში საქართველომ ისეთი შთამბეჭდავი დინამიკა აჩვენა, რომ ესპანეთი და იტალიაც კი უკან ჩამოიტოვა. მსოფლიოს 175 ქვეყანას შორის 37-ე ადგილი, ანუ დიდი რეიტინგული ნახტომი, ბოლოსწინა გამოკვლევის შედეგთან შედარებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღემდე საამაყოა. ”ახლა უკვე ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის წინ წაწევა და უახლოეს ერთ წელიწადში პირველ ოცეულში მოხვედრაა” - ასეთი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პირველი რეაქცია ”მსოფლიო ბანკის” ბოლო გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მაგრამ ზოგიერთი ეკონომიკური ექსპერტის - მათ შორის, ლადო პაპავას - აზრით, ზემოხსენებული ბიზნესის წარმოების რეიტინგი ბევრი არაფრის მომცემია. ” ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სომხეთი, ჩვენთან შედარებით, კარგა ხანია 34-ე ადგილზეა. ეს კი ამ რეიტინგის მიმართ არა მარტო საფუძვლიანი ეჭვის აღმძვრელია, არამედ არც ამ ქვეყნისთვის გამხდარა რაიმე ხელშესახები სახეირო. ამ ტიპის რეიტინგებს მხოლოდ და მხოლოდ ”პი-არ” -ისტული დატვირთვა აქვს და ისინი რაიმე სერიოზული ეკონომიკური ანალიზისთვის არ გამოიყენება. პროფესიონალი ეკონომისტები თავიანთ საქმიანობაში სტატისტიკით (და არა რეიტინგით) ხელმძღვანელობენ, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყენაში სავალალო
მდგომარეობაშია,” - წერს გაზეთ ”24 საათში” ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წერილში ლადო პაპავა.

”მსოფლიო ბანკის” ”ბიზნესის წარმართვის” ანგარიში ქვეყნებს 10 განსხვავებული მახასიათებლის მიხედვით აფასებს. ესენია: ბიზნესის დაწყება, ლიცენზიის მოპოვება, თანამშრომლების დასაქმება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორთა დაცულობა, გადასახადების გადახდა, ვაჭრობა საზღვრების გავლით, კონტრაქტების ძალმოსილება და ბიზნესის დახურვა. შეგახსნებეთ, გამოკვლევის შედეგების მიხდვით, ყველაზე დიდ რეიტინგულ წინსვლას 2005-2006 წლებში საქართველომ ლიცენზირების სფეროში მიაღწია. ლიცენზირების სისტემის ლიბერალიზაციის ნომინაციაში საქართველომ 152-ე ადგილიდან 42-ეზე გადაინაცვლა.
წინსვლა აღინიშნება მუშაკთა დაქირავება-დათხოვნის სფეროშიც. ბიზნესგარემოს კიდევ ერთი სფერო, სადაც მსოფლიო ბანკმა წინსვლა დაინახა, კრედიტის ხელმისაწვდომობაა. ამას გარდა, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში შემცირდა ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურათა რიცხოვნებაც. წინსვლის მაგალითების ჩამოთვლას აქ შევწყვეტთ. მსოფლიო ბანკის ბოლო გამოკვლევის შედეგებზე აქამდეც გვისაუბრია.
გამოვყოფთ ერთ სფეროს, სადაც წინსვლა ვერც ამ გამოკვლევამ აჩვენა - ესაა ინვესტორთა უფლებების დაცვა - და მოვიყვანთ პოლიტიკური რისკების მკვლევარის, ბაკურ კვაშილავას, განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკფაქტორებს შეიძლება უფრთხოდნენ საქართველოში ინვესტორები:

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ” ესაა რადიკალური ცვლილებები კონსტიტუციაში, კანონებში, კანონის აღსრულებაში. ძირითადი რისკი ასევე არის სასამართლო ხელისუფლების ეფექტურობა. ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია ბიზნეს-სამართალი აღსრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად. ეს ჩვენთან ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არ არის დაყოფილი სასამართლო ისე, რომ არსებობდეს სასამართლოები, რომლებიც ექსკლუზიურად ბიზნეს-სამართლის წარმოებით იქნებოდნენ დაკავებულნი და, მეორე, ამ მიმართულებით იმდენი საქმეა რიგში, რომ მათი გადაწყვეტა დიდ დროს მოითხოვს და კომპანიები ცდილობენ ამის გვერდის ავლით გადაწყვიტონ პრობლემები. ” (სტილი დაცულია)

თუ საქართველოში ბიზნესის წარმოება გარკვეული თვალსაზრისით მართლაც გაიოლდა, ქართველი ექსპერტების აზრით, სასამართლო სისტემა მკვეთრად ჩამორჩება ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციის ტემპს. არადა, ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ ბიზნესის ხელშეწყობის მიღწეული დონე სერიოზული წინსვლის საწინდარი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი და კვალიფიცირებული სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდება.