საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსეთის ქმედებათა გასაკრიტიკებლად გაემგზავრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.





დელეგაციაშია რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ნიკა გვარამიაც. საპარლამენტო დელეგაციამ რუსეთში საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა წაიღო, იმის დამადასტურებელი მასალა, თუ რა ფორმით განვითარდა რუსეთის ტერიტორიაზე ანტიქართული კამპანია. საგამოძიებო კომისიაში ახალი ფაქტები შევიდა.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ვრცელი დოკუმენტური მასალა მოიპოვა - ის რუსეთიდან დეპორტირებულთა ჩვენებებსა და, ამასთან ერთად, რუსეთში საქართველოს კონსულისა და სხვა ოფიციალური პირების განმარტებებს ეფუძნება. ამ ვრცელ მასალაზე დაყრდნობით მომზადებული შუალედური ანგარიში საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ამას წინათ პარლამენტის ბიუროს სხდომას ჩააბარა. უკვე დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად სანკტ-პეტერბურგში გამგზავრების წინ მას დეპორტირებულთა ახალმა ჩვენებებმა გაუმყარა პოზიცია იმის სათქმელად, რომ ქართველების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებში აშკარად ფაშიზმის ნიშნები იკვეთება. 14 ნოემბერს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე დეპორტირებულის ჩვენება მოისმინა, მათ შორის, დახურულ ფორმატში. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენთან საუბრისას ნიკა გვარამიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”იყო რამდენიმე ახალი ფაქტი, რომლებზეც წარმოდგენა არ მქონდა. ეს არის ანგარიშსწორება ეთნიკური ნიშნით, მაგრამ ის მეთოდები, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს, არის უკიდურესი და აშკარად ფაშიზმის ნიშნებს ატარებს, თან, ძალიან მძიმე ნიშნებს.”

ნიკა გვარამიას თქმით, სწორედ ფაშიზმის ნიშნები იკვეთება ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, მათ წამებასა და შეურაცხყოფაში, აბუჩად აგდებაში, საკუთრების უფლების ხელყოფაში, არასრულწლოვანებისთვის განათლების უფლების შეზღუდვაში, ჯანდაცვის უფლების უგულებელყოფაში და ასე შემდეგ.

”ჩემი მეუღლე ქართველობის გამო დაისაჯა,”- განუცხადა საპარლამენტო კომისიას რუსეთში არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის მეუღლემ. ის კატეგორიულად უარყოფს მტკიცებას იმის შესახებ, რომ მეუღლის დაღუპვის მიზეზი ტუბერკულოზი გახდა. ”თენგიზ ტოგონიძე მხოლოდ ასთმით იყო დაავადებული და მას სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება არ მისცეს,”- ასეთია განმარტება. გარდაცვლილის მეუღლე ელექტროშოკის გამოყენებასაც აღნიშნავს:

[თენგიზ ტოგონიძის მეუღლის ხმა] ”ელექტროშოკებიც ნახმარია, მე ამას ვადასტურებ. ასფალტზე ეგდო ადამიანი, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ! არ შეიძლებოდა სადმე შეეყვანათ?! ” (სტილი დაცულია)

”მაიძულეს ბავშვები სკოლიდან გამომეყვანა და სახლში დამესვა,” - ეს უკვე აფხაზეთიდან დევნილი აიდა ჩაკვეტაძის განმარტებაა. ის, ოჯახთან ერთად, 12 წელი რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ცხოვრობდა. ამჯერად ოჯახიანად დეპორტირებულია. ერთ- ერთ ქართველს რუსი ძალოვნები მას შემდეგ გაუსწორდნენ სასტიკად ფიზიკურად, რაც მის საცხოვრებელში თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტისას გადაღებული ფოტო აღმოაჩინეს, ფოტო, რომელზეც პრეზიდენტები იყვნენ აღბეჭდილნი, მოცეკვავე ბავშვებთან ერთად.

ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. პარლამენტის საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. მან უნდა შეიმუშაოს დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაგზავნად. მანამდე კი კომისიის მიერ მოპოვებულ მამხილებელ მასალას სანკტ-პეტერბურგში იმ გაერთიანების საპარლამენტო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას ეცნობიან, რომელშიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნით, ხმა არ ამოუღიათ რუსეთში ქართველების დევნასთან დაკავშირებით, იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას ებრაელთა დევნას შეადარა.