საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გენერალურ პროკურატურას სთხოვს რეაგირება მოახდინოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
რუსთავის ნომერ მეექვსე საპყრობილეში პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ლაპარაკია პატიმართა ღირსების შემლახავ ფაქტებზე და ფაქტებზე, რომლებსაც, შესაძლოა, წამების კვალიფიკაციაც კი მიეცეს. რუსთავის მეექვსე საპყრობილეში დარღვევები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ამ დარღვევების გამო სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელის, ხულორდავას, პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ნომერ მეექვსე საპყრობილეში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები - გიორგი მშვენიერაძე, ზურაბ კვიციანი და კობა ჩოფლიანი - 13 და 15 სექტემბერს იმყოფებოდნენ. იქ მათ კარცერების მონიტორინგი განახორციელეს. მოინახულეს მსჯავრდებულები: გენადი წურწუმია, იმედა ბუთხუზი და ბადრი ქეცბაია. კარცერებში ნანახი საკუთარ ოქმებში აღწერეს. ”ოქმი შედგენილია ჩემ მიერ, სწორია და ვაწერ ხელს” - ასე სრულდება სახალხო დამცველის რწმუნებულთა ჩანაწერები და, მათ საფუძველზე, სახალხო დამცველი ითხოვს საქმეში გენერალური პროკურატურა ჩაერიოს. სოზარ სუბარმა 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს დეტალურად აღუწერა რუსთავის მეექვსე საპყრობილის კარცერში მომხდარი:
[სოზარ სუბარის ხმა] ”ეს ადამიანები, პატიმრები, იყვნენ კარცერში ჩამწყვდეული ტიტვლები, ტრუსების ამარა. მათ წართმეული ჰქონდათ ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი ეყარა მორიგის გვერდით, დერეფანში.”
მსჯავრდებულ გენადი წურწუმიას განმარტებით, რუსთავის მეექვსე საპყრობილის კარცერში საცვლების ამარა ის 16 დღე ამყოფეს. ამ ხნის მანძილზე, მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მისცეს პირადი ჰიგიენის საშუალებები ( პირსახოცი, საპონი, კბილის პასტა და ჯაგრისი), არ მისცეს საწერ-კალამი და ფურცლები. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეამოწმეს კარცერში პატიმართა აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც გენადი წურწუმიას სახელი და გვარი ვერ აღმოაჩინეს. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს საპატიმროს ადმინისტრაციამ ვერ წარმოუდგინა ბრძანება წურწუმიას დისციპლინური წესით დასჯის შესახებ.
რუსთავის მეექვსე საპყრობილის კარცერებში მონახულებულმა პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ღამის საათებში სციოდათ, მაგრამ არც ღამით აძლევდნენ ტანსაცმელს.
კარცერების მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ არც ერთ მათგანში არ იყო ლეიბი, თეთრეული და საბანი. პატიმრებს ხის ნარებზე ეძინათ.
განმარტებები ”პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონიდან : ”მსჯავრდებულს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს ტანსაცმლით”, ”მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად”, ”მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებით, ასევე საწერ-კალმით, რვეულებით, ჟურნალ-გაზეთებით და ასე შემდეგ...” ეს ყველაფერი კანონის მოთხოვნებია და მათი დარღვევა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ღირსებაშემლახველი მოპყრობა, საქართველოს კანონმდებლობით, ისჯება 2-დან 5 წლამდე ან 4-დან 6 წლამდე პატიმრობით. მაგრამ, სახალხო დაცველის განმარტებით, რუსთავის მეექვსე საპყრობილის კარცერებში აღმოჩენილ ფაქტებს, შესაძლოა, სხვა კვალიფიკაციაც მიეცეს. მსგავსი ქმედებები შეიძლება შეფასდეს წამებად (თუკი საცვლების ამარა მყოფ პატიმრებს ღამით სციოდათ).
[სოზარ სუბარის ხმა] ”ვაყენებთ აწ უკვე ყოფილი დირექტორის, ხულორდავას, პასუხისმგებლობის საკითხს და ამის შესახებ რეკომენდაციას ვუგზავნით გენერალურ პროკურორს. ამასთან ერთად, ვითხოვთ დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბაჩო ახალაიასგან, ეს ადამიანი გათავისუფლდეს თანამდებობიდან. ის აღარ არის მეექვსე საპყრობილის დირექტორი, ის გადაიყვანეს ქუთაისში. ამ დღეებში მოხდა მისი პრეზენტაცია ქუთაისის მეორე საპყრობილის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ის არ უნდა იყოს არც მოადგილე და არ უნდა მუშაობდეს საერთოდ სისტემაში. ”
ერთი საინტერესო დეტალი: ქუთაისის საპყრობილის დირექტორად დანიშნულია პირი, გვარად კუჭუხიძე, რომელიც სახალხო დამცველის ამასწინანდელ მოხსენებაში პატიმართა უფლებების უხეშ დარღვევაშია მხილებული.