ნატო რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან.
შეხვედრაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვიც მონაწილეობდა. მოლაპარაკებაზე განხილულ საკითხებს შორის იყო რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო თანამშრომლობა, ჩრდილოეთი კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამების გარშემო შექმნილი ვითარება და, რაც ჩვენი მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წარმოქმნილი დაძაბულობა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

პირველი, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთის უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმა იყო. "რუსეთის აქტიური მონაწილეობა მრავალი კონფლიქტის მოგვარების საქმეში სასიცოცხლოდ აუცილებელიაო" - აღნიშნა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმაც ისაუბრა რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და სამშვიდობო ოპერაციების სფეროებში.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "განვაგრძობთ თანამშრომლობას ავღანეთში ნატოს ქვეყნებისთვის მხარდაჭერის კუთხით, ჩავებით თქვენს საქმიანობაში ხმელთაშუა ზღვაში, განვაგრძობთ მუშაობას სწრაფი რეაგირების სფეროში - საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ხაზით (ასეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში). მინდა აღვნიშნო ჩვენი პოლიტიკური დიალოგიც, რომელიც მუდმივად და მაღალ დონეზე მიმდინარეობს."

მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დახურულ კარს მიღმა რუსეთის პრეზიდენტი მაღალ სტუმარს აუცილებლად გამოუთქვამდა კრემლის სერიოზულ შეშფოთებას ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესაძლო გაწევრიანების გამო. სპეციალისტთა ასეთ ვარაუდს ზურგს უმაგრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადება, რომ მოსკოვს აშფოთებს ნატოს სამომავლო გაფართოების პერსპექტივა.

ლავროვს მხარი აუბა მისმა მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ, რომლის თქმით, ნატოს გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის ”ინტენსიური დიალოგის” ფორმატზე გადასვლა შეეთავაზებინა საქართველოს მთავრობას რუსეთისთვის "პროვოკაციის მოწყობისკენ" უბიძგა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საკითხს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვიც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრა დაუშვებელია.

[სერგეი ივანოვის ხმა]: "საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტას მიმართოს, რაც, ბუნებრივია, გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს მოქალაქეების, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ძალიან მცირე ხალხების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. ეს კონფლიქტები მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - და რუსეთი აქ არაფერ შუაშია.”

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა]: "მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, ორივე მხარემ, გამოიჩინოს თავშეკავება, ზომიერება და იზრუნოს ვითარების განმუხტვაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლებლად მიიჩნევს კონფლიქტის მსვლელობისას შემოღებული ზოგიერთი ზომის გაუქმებას."

ამასთანავე, სხეფერმა რუსეთს სთხოვა, თბილისთან გართულებული ურთიერთობა არ დაუკავშიროს ნატოსა და საქართველოს შორის "ინტენსიური დიალოგის" დაწყებას.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რადიო "თავისუფლებამ" კომენტარი სთხოვა ევგენი ვოლკს, მოსკოვში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტის, "ჰერიტიჯ ფაუნდეიშნის" ხელმძღვანელს, რომლის მოკლე პასუხი ასეთი იყო:

[ევგენი ვოლკის ხმა] "რუსეთს არ სურს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი გავლენა შესუსტდეს, არ სურს, შესუსტდეს მისი ეკონომიკური პოზიციები ამ ქვეყნებში. ხოლო ნატოს წევრობა ერთგვარი ტრამპლინია ევროპის პოლიტიკურსა და ეკონომიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. ამიტომ, საქართველოს შესვლა თავისებური კოშმარია, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა სიზმარში ხედავს და რომლის თავიდან ასაცილებლად ის ყოველ ღონეს იხმარს."