რა აკავებს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში

ნოემბრის ბოლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურები
მორიგ სამიტზე შეიკრიბებიან და გამართავენ მორიგ მსჯელობას შექმნის დღიდან მკვდრადშობილად მონათლული გაერთიანების რეფორმირების საკითხებზე. სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი გააკეთებს ასევე მორიგ განცხადებას იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პრობლემების გადაწყვეტა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად რჩება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი დაესწრება თუ არა დსთ-ს სამიტს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ეს როგორც არ უნდა გადაწყდეს, სახელისუფლებო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ ფიქრობენ თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლაზე. რა აკავებს საქართველოს მკვდრადშობილ გაერთიანებაში, მით უფრო, დღეს?


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხთან დაკავშირებით პროცესები მეორდება და, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის ინიციატივით პარლამენტში ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” მეორედ გამოდის და მისი წარმომადგენლები, ამჯერადაც დარწმუნებულები არიან, რომ უმრავლესობა ჩააგდებს მათ მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტს. ის ორ ნაწილს მოიცავს : ვრცელ განმარტებით ნაწილს და მოკლე დადგენილებით ნაწილს, სადაც წერია : “პარლამენტი ადგენს მიზანშეუწონლად ჩაითვალოს საქართველოს შემდგომი ყოფნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ” ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, დავით ბერძენიშვილი, არ ელის, რომ პარლამენტი ამას დაადგენს, რადგან ოპოზიციის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში ტრიალებს შეკითხვა, რომელიც ჩვენთან საუბრისას მაია ნადირაძემ ჩამოაყალიბა:

[მაია ნადირაძის ხმა] ”მე მაინტერესებს დსთ- დან გამოსვლა ეხლა არის სიტუაციის გამძაფრება თუ დიპლომატიის ნაწილი? ”

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი და მისი თანამოაზრეები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის ინიციატივით შარშან ნოემბერშიც გამოვიდნენ. ჩანაწერი ჩვენი არქივიდან:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”დღეს, როცა ჩვენ შორის ძალიან ცოტაა ისეთი საკითხი, რომელიც გვაერთიანებს, მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება დსთ-დან საქართველოს გამოსვლის პროცედურების დაწყებაზე. ”

უმრავლესობის პასუხი მაშინდელ შეთავაზებაზე ასეთი იყო:

[მაია ნადირაძის ხმა] ”თუ ჩვენ ყველა ერთად გადავწყვიტავთ, რომ ის ტვირთი, რაც მოჰყვება დსთ-თან საქართველოს გამოსვლას, უნდა ავწიოთ, მოდით, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.”(სტილი დაცულია)

შარშან ნოემბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის მიზანშეუწონლობაზე კამათი არ ყოფილა, მაგრამ უმრავლესობამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მაია ნადირაძის მიერ ნახსენები ზედმეტი ტვირთის აწევა. საკითხმა აქტუალობა რამდენიმე თვეში, 2006 წლის აპრილში, შეიძინა, თანაც, უკვე არა რომელიმე ოპოზიციური ფრაქციის, არამედ თვით პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”თუ ერთადერთი ქვეყანა ვართ დსთ-ში, რომელთანაც რუსეთი სავიზო რეჟიმს აწესებს, თუ ვართ ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც იკრძალება ციტრუსის შეტანა, ჩაის შეტანა, ღვინის შეტანა, ხვალ, ალბათ, აიკრძალება ბორჯომის შეტანაც, მაშინ დარჩება ერთადერთი შეკითხვა: რა აზრი ექნება ამ ორგანიზაციაში საქართველოს ყოფნას? ”

ღვინის მერე რუსეთში ბორჯომის შეტანაც აიკრძალა. დღეს არის ვითარება, როცა რუსეთიდან დევნიან საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ინარჩუნებს ფართომასშტაბიან სანქციებს. სახელისუფლებო უმრავლესობაში ლაპარაკობენ იმაზე, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა არის ანაქრონიზმი, მაგრამ რჩება რაღაც, რასაც დავით ბერძენიშვილი არათანმიმდევრულობად და სიმხდალედ მიიჩნევს, მაია ნადირაძე კი - დიპლომატიურობის გამოვლინებად და გათვალისწინებად საქართველოს დასავლელი მეგობრების რჩევისა - საქართველო არ წავიდეს რუსეთთან კონფრონტაციაზე.
ასეა თუ ისე, დადგენილების პროექტის ჩავარდნის მოლოდინში, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრს, დავით ბერძენიშვილს. ერთი დასკვნა გამოაქვს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”სანამ საქართველო არის დსთ-ში, საქართველოს მიმართ ვერ იქნება მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მოთხოვნა. ამიტომ გასაგებია ჩემთვის სააკაშვილის ინფანტილიზმი და ავტოკრატია, ის, თუ რატომ არის მისთვის თავსებადი დემოკრატიის შეზღუდვა. პუტინი და ნაზარბაევი მას ვერ მოსთხოვენ დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს.”

ისევ მაია ნადირაძის კომენტარი, რომელიც მან 25 ოქტომბერს ჩვენთან საუბრისას გააკეთა: ”დსთ-დან საქართველოს გამოსვლის საკითხის დასმით ვითარება არ უნდა გავამძაფროთ. ასეთი პოზიციაა დღეს, თუმცა არ ვიცი, რა იქნება ხვალ.”