სოხუმის დაცემის დღე საქართველოს პრეზიდენტმა ზემო აფხაზეთში გაატარა

სოხუმის დაცემის დღე , 27 სექტემბერი, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ერთად, ზემო აფხაზეთში გაატარა.
ზემო აფხაზეთი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით, კოდორის ხეობას ეწოდა. იქ, სოფელ ჩხალთაში, სწორედ 27 სექტემბერს გაიხსნა აფხაზეთის დევნილი მთავრობის ადმინისტრაციული შენობა. 27 სექტემბერსვე ზემო აფხაზეთად წოდებულ კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის პირველი სხდომა ჩატარდა. თბილისში კი, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ზემო აფხაზეთში დაწყებული პროცესები აფხაზეთის დაბრუნების დასაწყისად შეფასდა.


კოდორის ხეობას სახელი გადაერქვა და ზემო აფხაზეთი ეწოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 26 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ამ ტერიტორიას ხვალ, სოხუმის დაცემის 13 წლისთავზე, მათთვის თარს მეცამეტე წლისთავზე, ზემო აფხაზეთი დაერქმევა. ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი და მას საქართველო ოფიციალურად გააკონტროლებს ხვალინდელი დღიდან.”

”ეს არის აფხაზეთის დაბრუნების დასაწყისი,” - უკვე 27 სექტემბერს თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ზემო აფხაზეთად წოდებულ კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოფელ ჩხალთაში აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ დიპლომატებთან ერთად ჩავიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, უცხოელმა დიპლომატებმა ზემო აფხაზეთში გამგზავრებისგან თავი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გამო შეიკავეს. მიხეილ სააკაშვილის განზრახვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წაეყვანა საქართველოს იურისდიქციაში შემორჩენილ აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყებაში საშიში და უდროო უწოდეს და იქვე დასძინეს: ”ასეთ ექსკურსიებს ხეობის სერიოზული მონიტორინგი სჯობს, გაეროს სამხედრო დამკვირვებლებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობითო” . ამას გარდა, ზემო აფხაზეთში უცხოელი დიპლომატების წაყვანის შემთხვევაში, საქართველოსთან მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვით დაიმუქრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. ერთი სიტყვით, საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ჩხალთაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციული შენობა უცხოელების დაუსწრებლად გახსნა. ასე რომ, აფხაზეთის ლეგიტიმური სამთავრობო სტრუქტურები მუშაობას ზემო აფხაზეთში იწყებს. ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი, - თქვა ჩვენთან საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ, რომელსაც 27 სექტემბერს სოფელ ჩხალთაში ტელეფონით დავუკავშირდით:

[თემურ მჟავიას ხმა] ”ჩვენს აქ ყოფნას ის დატვირთვა აქვს, რომ ჩვენ ჩავერთვებით იმ პროცესებში, რომელმაც აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე უნდა მიგვიყვანოს.”

ზემო აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის პირველი სხდომა ჩატარდა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა სამომავლო გეგმებზე საუბრით. დანარჩენ აფხაზეთში დაბრუნების პირობა კი ასეთი იყო : ”13 წლის შემდეგ მინდა ვუთხრა მსოფლიოს და რუსეთს, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში მთიდან, ზღვიდან, მდინარეებით, ვერტმფრენებით და ჩვენ ერთად ავაშენებთ აფხაზეთს. ”

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ხეობაში, რომელსაც, კოდორის ხეობის გარდა, დალის ხეობასაც უწოდებდნენ, აფხაზეთის სვანეთსაც, ახლა კი ზემო აფხაზეთი ჰქვია, ახალი საშუალო სკოლაც გაიხსნა. სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს იურისდიქციაში შემორჩენილი აფხაზეთის ნაწილისთვის სახელის გადარქმევას ცალკეული მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ თბილისში. კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევაში აფხაზთა გაღიზიანების განზრახვა დაინახა და დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზების მაპროვოცირებელი პოლიტიკის გატარებაზე გადავიდა.