ტფილისიდან თბილისამდე 70 წელია

"გვახსოვდეს და პატივი ვცეთ ჩვენი ქალაქის, საქართველოს დედაქალაქის, წარსულს” - ეს გახლავთ დევიზი კავშირ "ტფილისის ჰამქრის",
რომელმაც 20 სექტემბერს აქცია გამართა, სახელით "ტფილისი-1700, თბილისი-70". ამქარი აპირებს ტფილისში რაც ხდება, არაფერი გამორჩეს, ხოლო თბილისისთვის ყველაფერი გააკეთოს, როგორც ერთ დროს ამქრის წევრები იქცეოდნენ. აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და თბილისელებს დღევანდელი დღის შესახებ აუწყეს.

ქალაქი დინამიკურია, ცოცხლობს და ჩვენ გვინდა ყოველთვის საქმის კურსში ვიყოთ, - აცხადებს "ტფილისის ჰამქრის" უსტაბაში ალეკო ელისაშვილი და თბილისელებს განუმარტავს, რომ ზუსტად 70 წლის წინ, მიხეილ კალინინის განკარგულებით, საქართველოს დედაქალაქს, ტფილისის ნაცვლად, თბილისი ეწოდა. ქართველი ენათმეცნიერების რჩევით ბოლშევიკების მიერ შერქმეულ სახელს მაშინდელი ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ფარულად ეწინააღმდეგებოდნენ.

[ალექსანდრე ელისაშვილის ხმა] "პროტესტი იყო ქართულ საზოგადოებაში და დღესაც ძველები არ ეძახიან, ტფილისს ეძახიან და, წარმოიდგინეთ ახლა, 36-37 წლებში მიდი და პროტესტი გამოგეთქვა. ხო...თუმცა არის მოგონებები, აი, მაგალითად, აკაკი შანიძე იგონებს, რომ არაერთხელ ცხარე კამათი მქონდაო და ბევრი განზრახ არ ეძახდა თბილისს. მე რომ არ მოგატყუილოთ, ტფილისს ვეძახი ხოლმე, ცოტა რთული გამოსათქმელია, მაგრამ უფრო ლამაზია და ჯიგრული." (სტილი დაცულია)

"ტფილისის ჰამქრის" წევრებმა პეროვსკაიას ქუჩიდან რკინის ხუფიც მოიტანეს წარწერით ,,ტფილისის წყალსადენი”. ტფილისობის ამ დასტურის გარდა, აქციას მეარღნე გიორგი დალაქიშვილიც ამშვენებდა, რომელსაც სახელწოდება “ტფილისი”, ამქრის წევრების მსგავსად, უფრო მოსწონს.

[მეარღნის ხმა] "განწყობა კარგია, არ გვინდა, რომ დაიკარგოს ეს ძველებური ნივთი, რომელიც რომ ძველ ტიფლისს უხდებოდა ეს ძველი ნივთი და ყველანაირად გვინდა აღვადგინოთ ეს ძველი საკრავი." (სტილი დაცულია)

ჩვენი კოლეგისა და "ტფილისის ჰამქრის" უსტაბაშის ალეკო ელისაშვილის მიერ გამართულ აქციას თბილისელები კმაყოფილებით შეხვდნენ. ძველი თბილისის გაცოცხლებამ, თუნდაც ერთი საათით, ქალაქელებში აღფრთოვანება გამოიწვია:

[თბილისელების ხმა] "ძალიან შესანიშნავი რამეა ეს ყველაფერი. ძველი თბილისი მაინც ძველი თბილისია, რა. ადრე ძველებურად ასე უკრავდნენ."

"ახალგაზრდობაა ბევრი, სავსე. ისტორია მაინცდამაინც არ ვიცოდით, მაგრამ ეპიზოდურად ახლა ვეცნობით. ჩვენი დედაქალაქია, რაც არ უნდა იყოს, მსოფლიო დანიშნულების. მთელმა მსოფლიომ გაიცნო დღესდღეობით და ძალიან მოხარული ვართ."

"არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ, მე მგონი, ბევრმა, ჩემი ჩათვლით, არ იცოდა საიდან წამოვიდა თვითონ სახელი ტფილისი, როდის შეიცვალა, რატომ შეიცვალა და ისტორიისთვის, თვითონ ხალხისთვის და ტფილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ ქალაქის სახელი, მისი წარმომავლობა და ისტორია." (სტილი დაცულია)

"ტფილისის საერთაშორისო ნათლობა სომხებს ეკუთვნით, რუსული ფორმა ტიფლისი კი დამკვიდრებული იყო 1936 წლის 17 აგვისტომდე" - აცხადებს "ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენელი გოგა ქართველიშვილი და კავშირის მომავალ გეგმებზე საუბრობს:

[ქართველიშვილის ხმა] "პროექტები შემდეგი - შემდეგში გაიგებთ - უფრო დახვეწილია და ზუსტად ერთ თვეში ვაპირებთ კიდევ შეკრებას. გვინდა, რომ ხალხს შევახსენოთ ეს ამბავი: ტფილისს ერქვა თბილისი და ესე ერქვა და კიდევ ერქმევა ესე (სიცილი)... იდეა არის ეს, რომ რაღაც-რაღაცეებში თბილისს გამოვადგეთ, დავეხმაროთ. ძველი თბილისური პროექტები აღვადგინოთ, გავიხსენოთ, რომელიც მივიწყებულია.” (სტილი დაცულია)

საქართველოს დედაქალაქს ტფილისი 1700 წლის განმავლობაში ერქვა, ხოლო თბილისად უკვე 70 წელია, რაც მოიხსენიება.