თბილისში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მერვე შეხვედრაზე, დეტალურად იქნა განხილული ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები,
ამასთან ერთად - საქართველოს ძირითადი პრობლემები. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელშიც ჩამოყალიბდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობისთვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. რა რჩევები შესთავაზეს საქართველოს ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა და საქართველოს რომელმა პრობლემამ დაიკავა წამყვანი ადგილი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მერვე შეხვედრაზე?
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მერვე სხდომა თბილისში 12 სექტემბერს ჩატარდა. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გია ბარამიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის, მათთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის კრისტიან პერნჰორსტისა და საქართველოში ევროკომისიის ხელმძღვანელის ტორბენ ჰოლცეს მოსაზრებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ძირითად პრობლემებზე და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. კომიტეტის სხდომას ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან მარი ან ისლერ-ბეგინი, ხოლო საქართველოს მხრიდან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თავმჯდომარეობდნენ. დავით ბაქრაძის განმარტებით, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომები არის ძალინ კარგი ფორმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის რეგულარული თანამშრომლობისა. თანამშრომლობის ამ ეტაპზე დეტალურად იქნა განხილული ვითარება საქართველოში და მიღებულ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მერვე შეხვედრაზე მიღებულ განცხადებასა და მასში მითითებულ რეკომენდაციებზე განმარტება, უფრო კონკრეტულად, სწორედ დავით ბაქრაძეს ვთხოვეთ. მან ყურადღება განსაკუთრებით რეკომენდაციების იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის გააქტიურებას ეხება:
[დავით ბაქრაძის ხმა] ”დაფიქსირებულია პოზიცია, რომ აუცილებელია ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში, ამ მიზნით აუცილებელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის უფრო აქტიური მუშაობა, პოლიტიკური დიალოგის წარმოება რუსეთთან და ევროპარლამენტი რეკომანდეციას აძლევს ევროკომისიას, რომ პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან ჩაერთოს საქართველოსა და საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხები.” (სტილი დაცულია)
კონფლიქტები უნდა მოგვარდეს აუცილებლად მშვიდობიანი გზით. ევროკავშირი და ევროპარლამენტი არასდროს დაუჭერს მხარს კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრას. - ეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარი ან ისლერ ბეგინმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა. მანვე 12 სექტემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: “ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მზდაა შუამავლის როლი იკისროს რუსეთთან მოლაპარაკებებში, რათა რუსეთმა პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაში. ” მაგრამ დავუბრუნდეთ 12 სექტემბერს შემუშავებულ განცხადებას და რეკომენდაციებს. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი თანხმდება, რომ ევროპარლამენტმა მოუწოდოს ევროკომისიას, ევროპის საბჭოს და სხვა დონორებს, დაეხმარონ საქართველოს იმ რეგიონების რეაბილიტაციაში, საიდანაც რუსეთის სამხედრო ბაზები გავა. ამას გარდა, განცხადებაში აღინიშნა, რომ 5 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში უნდა შეესაბამებოდეს საეთაშორისო სტანდარტებს. ხაზი გაესვა საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობის აუცილებლობას და იმასაც, რომ საჭიროა ანტიკორუფციული ღონისძიებების გაგრძელება, კორუფციისა და ანტიკორუფციულ ქმედებათა შესახებ ინფორმაცია კი საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.