უნივერსიტეტში ფიზიკოსები მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო საკითხებს განიხილავენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიურ-გერმანულ სკოლა-სემინარს მასპინძლობს ჰადრონულ (ელემენტარული ნაწილაკები) ფიზიკაში.
სკოლა-სემინარის ორგანიზატორები არიან თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი. სკოლა- სემინარი 4 სექტემბერს დაიწყო და პარასკევს დასრულდება. იგი უკვე მეორედ იმართება საქართველოში და, როგორც პროფესორები აღნიშნავენ, ტრადიციად ჩამოყალიბდა. მინდა ინტერნაციონალური თანამშრომლობისა და მომავალ სამეცნიერო პერსპექტივებზე გესაუბროთ.

სკოლა-სემინარის ფარგლებში ევროპის წამყვანი ცენტრების ცნობილი მეცნიერები 5 დღის განმავლობაში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე საკითხებზე ლექციების კურსს წაიკითხავენ. თსუ-ს რექტორი გიორგი ხუბუა ამ შეხვედრას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და საქართველოს მეცნიერულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე ამახვილებს ყურადღებას:

[გიორგი ხუბუას ხმა] ,,ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, ზოგადად, არა მარტო ქართული უნივერსიტეტისათვის, არამედ თავისი მეცნიერული დონით და ადასტურებს, რამდენად დიდი პერსპექტივები აქვს საქართველოს - და, ამ შემთხვევაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის -ინტეგრაციის პროცესს როგორც უმაღლეს სამეცნიერო, ასევე ევროპულ სამეცნიერო კვლევების სივრცეში. თემა ძალიან სპეციფიკურია, თანამედროვეა, ეხება ბირთვული ფიზიკის და ელემენტარული ნაწილაკების თემას.”(სტილი დაცულია)

მოწვეულ სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაისახა სამომავლო პერსპექტივები. იგი ითვალისწინებს როგორც სამეცნიერო ურთიერთგაცვლებსა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს, აგრეთვე სტუდენტთა გაცვლებსაც. მოხდება ერთობლივი სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელებაც. სკოლა-სემინარზე ბევრი ქართველი კოლეგა წაიკითხავს საკუთარ მოხსენებას, რაც, პროფესორ რევაზ შანიძის აზრით, ხელს შეუწყობს უცხოელი და ქართველი მეცნიერების დაახლოებას:

[რეზო შანიძის ხმა] ,,დაახლოება გერმანელი კოლეგების და უცხოელი მეცნიერების ქართველ მეცნიერებთან. ქართული მეცნიერების გაცნობა.საზღვარგარეთელი კოლეგები უკეთ გაიგებენ რა ხდება საქართველოში, რა დონის მეცნიერება არსებობს, იმიტომ რომ ბევრი ქართველი კოლეგა წაიკითხავს თავის მოხსენებას.”(სტილი დაცულია)

მეცნიერებთან ერთად კონფერენციაზე მონაწილეობას სტუდენტებიც იღებენ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი დავით ჭილაძე შეხვედრის ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებზე საუბრობს:

[დავით ჭილაძის ხმა] ,,აქ განხილული იქნება ჰადრონული ფიზიკის მომავალი პროექტები, რომელიც მომავალში უნდა გაკეთდეს და აგრეთვე მიმდინარე პროექტები, რაც ახლა კეთდება. დიდი დახმარება გაგვიწია თბილისის უნივერსიტეტმა, ასევე იულიხის კვლევითმა ცენტრმა. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაფინანსებაში შეგვიწყვეს ხელი.”(სტილი დაცულია)

კონფერენციაზე განიხილება ფიზიკური პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ქ.იულიხის კვლევათა ცენტრის ამაჩქარებელზე და ის პროგრამებიც, რომლებიც შეეხება ერთ-ერთი უდიდესი ამაჩქარებლის მშენებლობას გერმანიის ქალაქ დრამშტადში 2012 წლისთვის. თსუ-ს პროფესორი ლერი ქურდაძე ტრადიციულ კონფერენციას პოლონეთისა და იტალიის შეხვედრების შემდეგ ესწრება.

[ქურდაძის ხმა] ,,მომავალ წელს ჩადგება მწყობრში შვეიცარიაში დიდი ამაჩქარებელი, ევ-ეიჩ-სი, რომელზედაც უკვე დაგეგმილია და, ფაქტიურად, მომზადებულია უამრავი დიდი ექსპერიმენტები, მაგრამ შემდეგი ეტაპი - განვითარება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა - დაკავშირებულია ამ სპინურ მოვლენებთან, რომელიც დღეისათვის ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ იქ დარჩა პრობლემები ჯერჯერობით გადაუწყვეტელი.”(სტილი დაცულია)

[შატუნოვის ხმა] ,, ამას არც შეიძლება ვუწოდოთ კონფერენცია, ეს უფრო სამუშაო შეხვედრაა. კმაყოფილი ვარ კონკრეტული თემით-დრამშტადის მომავალი ექსპერიმენტით, რომელიც ძალიან ინტერნაციონალურია. ამ ექსპერიმენტში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს. მე მახარებს, რომ აქ ბევრი ახალგაზრდაა.”


ეს გახლდათ რუსი ფიზიკოსი იური შატუნოვი. ნეიტრონის, პროტონისა და ელექტრონის გარდა, ბუნებაში ასობით ნაწილაკი არსებობს, რომლის აღმოჩენა და შესწავლა სპეციალური ამაჩქარებლით არის შესაძლებელი. თითოეული ასეთი ამაჩქარებლის მშენებლობა მილიარდობით აშშ დოლარი ჯდება. ძალიან ძვირად ღირებულია მსგავს პროექტებთან დაკავშირებული ექსპერიმენტებიც. ხუბუას განცხადებით, გერმანული მხარე მზად არის უნივერსიტეტს გადმოსცეს ერთ-ერთი ამაჩქარებელი, სადაც შეიძლება როგორც კონკრეტული ექსპერიმენტების ჩატარება, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე გამოკვლევების განხორციელება. ეს ეხება როგორც ფიზიკის, აგრეთვე არქეოლოგიის სფეროს.