მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული, თან ცხელი ზაფხული

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული, თან ცხელი ზაფხული,
პოლიტიკოსებს აიძულებთ ნაკლებად აქტიურები იყვნენ, გასული კვირა საქართველოში მაინც საინტერესო იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით, და დატვირთული მნიშვნელოვანი ვიზიტებით. კვირის დასაწყისში თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია სტუმრობდა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ ლუგარის მეთაურობით; კვირის მიწურულს კი საქართველოს შეერთებული შტატების სენატის სხვა დელეგაცია ეწვია, უკვე სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით. გასულ კვირაში შედგა ცხარე დებატები ბადრი პატარკაციშვილთან ოპოზიციის ალიანსის თემაზე და გასული კვირის ბოლოს მოულოდნელად გავრცელდა ცნობა ნიკა ტაბატაძის ტელეკომპანია ”რუსთავი-2” -ის გენერალური დირექტორის პოსტიდან წასვლის შესახებ. ერთი სიტყვით, გასული კვირა ცხელი გამოდგა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. შემოგთავაზებთ კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვას.


ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებას უჭერს მხარს. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა თბილისში 22 აგვისტოს განაცხადა:


[რიჩარდ ლუგარის ხმა] ” აშშ ეთანხმება საქართველოს ხალხს, რომ არ უნდა იყოს რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველოს არც ერთ რეგიონში. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეუთოსთან, რათა საბოლოოდ დაესვას წერტილი ამ არასახარბიელო ვითარებას. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ლტოვილთა შინ დაბრუნებას; მიგვაჩნია, რომ კონსტრუქციული და დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც დღემდე არ იყო პროდუქტიული, შედეგს მოიტანს.”

სენატის დელეგაცია, რიჩარდ ლუგარის მეთაურობით, თბილისში 2 დღიანი სამუშაო ვიზიტით იყო ჩამოსული. ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე მთავარი თემა იყო საქართველოში არსებული კონფლიქტები და აგრეთვე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით. ამ მიზანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე იყო საუბარი.


[რიჩარდ ლუგარის ხმა] ”გულწრფელად ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომლებსაც საქართველოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება უქმნის. განვიხილეთ შესაძლო შემცვლელების საკითხი. აშკარაა, რომ ვითარება რთულია და ჩვენ ენერგეტიკული დამოკიდებულების ასპექტებზე ვიმსჯელეთ, მათ შორის, იმ ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე, რომელიც აშშ -ში გვაქვს. რა თქმა უნდა, ის ისეთი მწვავე არ არის, როგორც საქართველოში, მაგრამ სულ უფრო და უფრო იზრდება და ამიტომ ვუთმობთ მას ამხელა ყურადღებას. ”


მთავარი მაინც სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო. სენატორ ლუგარის განცხადებას გამოეხმაურნენ სოხუმში და მას ”პოპულისტურიც” უწოდეს. თუმცა თბილისში სოხუმის რეაქციისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. საქართველოს საგარეო უწყებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფასეს. რამდენიმე დღის წინ გაზეთ ”იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში კარასინიმ აღნიშნა, რომ კოდორის ხეობაში ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებამ კიდევ უფრო დაძაბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. ამავე ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშკარად მიანიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას საქართველოს კონფლიქტის ზონებში.

”ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ განხორციელდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ეგრეთ წოდებული პასპორტიზაცია გამარტივებული წესითა და თავად რუსეთის კანონმდებლობის დარღვევით, რაც მიზნად ისახავდა შემდგომში ე. წ. ”რუსეთის მოქალაქეების” ხელოვნურად და უკანონოდ შექმნილი ფაქტორის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. დღეს საქმე გვაქვს ამ მიზნებით მოქმედებასთან. კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების მსგავსი განცხადებები მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უხეშ დარღვევას. რაც შეეხება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვას, რეგიონში ვითარების გართულებას ხელს უწყობს აფხაზთა მხარის განცხადებები კოდორის ხეობაზე კონტროლის აღდგენის შესახებ, ძალის გამოყენებით. უახლოეს მომავალში კოდორის ხეობაში განხორციელდება მონიტორინგი გაეროს მონაწილეობით, ხოლო კარასინის განცხადებები ცხადყოფს, რომ ჩვენ მართლები ვართ, როცა ეჭვი გვეპარება რუსეთის სამშვიდობო ძალების ობიექტურობაში, ” - ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოსვლის საპასუხოდ.

აქვე შევნიშნავთ, რომ კოდორის ხეობის ზედა ზოლის მონიტორინგი, რაც 20 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, უამინდობის გამო გადაიდო. გასულ კვირაში აფხაზები ავრცელებდნენ ცნობებს კოდორის ხეობაში საქართველოს სამხედრო ძალის ორჯერ გაზრდის შესახებ. აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია კი განმარტავდა, რომ, პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, კოდორის ხეობის თანამედროვე ტიპის დასახლებად გადაქცევის პროცესი უსწრაფეს ტემპში მიმდინარეობს. ემზარ კვიციანის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში სასწაულის მოხდენა გადაწყვიტა, პირველ რიგში, აფხაზების დასანახავად. ამბოხების მხარდაჭერის მოტივით დაპატიმრებული ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა კი გასულ კვირაში გაარკვია, რომ ბათიაშვილი სატელეფონო საუბრის განზრახ გაყალბებული ჩანაწერის გამოყენებით იქნა დაკავებული. ადვოკატი ამაში სატელეფონო საუბრის სრული ჩანაწერის - შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი გაშიფრული ტექსტის - გაცნობის შემდეგ დარწმუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ტექსტის შინაარსი რომ განსხვავდება კვიციანსა და ბათიაშვილს შორის საუბრის გავრცელებული, დამონტაჟებული ვარიანტის შინაარსისაგან, რაც ბათიაშვილისთვის მძიმე ბრალდების წაყენების საფუძველი გახდა, ეს სახალხო დამცველის აპარატშიც შენიშნეს. სწორედ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა ადვოკატმა ბარათაშვილმა, რომ მოითხოვს სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამყალბებლების გამოვლენას და დასჯას:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ”შეგნებულად გააყალბეს მტკიცებულება და ამით ჩაიდინეს დანაშული, რომ ირაკლი ბათიაშვილი დაეჭირათ. სხვა რა გამოდის? ” (სტილი დაცულია)

გასული კვირის მწვავე პოლიტიკური დებატები სულ სხვა თემას მიეძღვნა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ოპოზიციის ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილსა და ბორის ბერეზოვსკისთან ფარული გარიგებების გამო დაადანაშაულა. რადიო “თავისუფლების” ყოფელკვირეულ პროგრამაში ”სადისკუსიო მაგიდასთან” ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ბადრი პატარკაციშვილთან მხოლოდ და მხოლოდ ფულის ინტერესი აკავშირებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ბატონ ბადრისთან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დიდ ნაწილს აკავშირებს ერთადერთი - ფული. არსად არ გამოკვეთილა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური ინტერესები, მსოფლმხედველობა ან პროგრამა აინტერესებდეთ. ”

გიგა ბოკერიას აზრით, საძრახისია პოლიტიკაში ფულის აღება ისეთი რეპუტაციის ადამიანისგან, როგორიც პატარკაციშვილია. ”ეს არის რეპუტაცია კრიმინალურ სამყაროსთან საეჭვო კონტაქტებისა წარსულში და ახლაც,” - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა. ოპოზიციიდან მის შენიშვნას ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ” ბადრი პატარკაციშვილთან - მასთან, როგორც ფულის წყაროსთან - ჰქონდა და აქვს ინტენსიური ურთიერთობა ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, თბილისის მერს, სხვებს. მასთან თანამშრომლობენ და მის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ლენტის გაჭრით იყვნენ დაკავებულნი და ახლა დაიწყეს საუბარი მის საეჭვო რეპუტაციაზე. ” (სტილი დაცულია)


გიგა ბოკერიას აზრით, საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენს ხელისუფლების სხვადასხვა წევრები ტელევიზიასაც უკრიტიკებენ. მორიგი სკანდალი კი გასულ კვირაში ტელეკომპანია ”რესთავი -2”- ში შედგა. შაბათს გავრცელდა ცნობა აღნიშნული ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა ტაბატაძის გათავისუფლების შესახებ. ცნობა დადასტურდა, თუმცა ”რუსთავი-2 ”-ის თანამშრომლების მიერ მფლობელის გადაწყვეტილების გაპროტესტებამ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა.